ქართველ სპორტსმენთა ტოტალური წარუმატებლობის ფონზე, ევროპულ თამაშებზე საქართველოს ბოლო იმედად ძიუდოისტები დარჩნენ. სამწუხაროდ, წამყვანი ქართული გუნდების გამოსვლა, ვისგანაც ყოველთვის მედალს ველოდებით, კრიტიკას ვერ უძლებს.
გამონაკლისი მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდია, რომელმაც ჭიდაობის ნორმალური ხარისხი აჩვენა, თუმცა ოქროს მედლებს ვერც ისინი შესწვდნენ.
საქართველო ბაქოში თითქოს ურიგოდ არ გამოდის - ჩვენს ანგარიშზე უკვე 10 მედალია, მაგრამ ჯერაც ვერ დაიდგა საჩემპიონო გვირგვინი. "თავისუფლებთან" ერთად, მხატვრული ტანვარჯიში და განსაკუთრებით - მშვილდოსნობაც უნდა აღვნიშნოთ, რომლებიც "დაუპატიჟებელი სტუმრის" სტატუსით
ამ ორი "ახალი" სახეობის მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის და არც ვინმე საყვედურობს, რატომ უფრო მაღალი სინჯის მედალი არააო, მაგრამ ზოგადად, ჩვენი დელეგაციის ამბიცია რამდენიმე ოქროსაც კი ითვალისწინებდა, ჯერჯერობით კი ერთიც სანატრელია.
ახლა მთელი იმედები ძიუდოისტებს უკავშირდება, რაც მათთვის დამატებითი ტვირთია.
ძიუდოს ტურნირსაც 1977 წელს აშენებული ჰეიდარ ალიევის სახელობის არენა უმასპინძლებს, რომელსაც აზერბაიჯანელთა, ფაქტობრივად, "ათათურქის" სახელი 2004 წელს მიენიჭა. ის თამაშებისთვის გარემონტდა და შეიძლება ითქვას, ბრწყინავს თავისი სიდიადით...
წინა წერილებში უკვე ვწერდი, რაოდენ შესანიშნავი სასახლეა ის და ამაზე სიტყვას აღარ გავაგრძელებ. მას გარედან მთელ სიმაღლეზე ეფექტისთვის ბადისებრი საფარველი შემოავლეს, რომელიც საგანგებო ხიმინჯების დამსახურებით, აქაურთათვის სიმბოლოდ ქცეული ბროწეულის კვირტის ფორმას იმეორებს და ნათდება - გარებადე სწორედ ამისთვისაა შემოვლებული და ღამით მოციმციმე განათებაა ჩართული.
არენა არ მდებარეობს ბაქოს ფეშენებელურ რაიონში, თუმცა ამ ნაირფერი განათების გამო მაინც ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. იქ უკვე 5 დღე გავატარეთ და შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ორგანიზაციულად მასპინძლები ძიუდოისტებს ჩინებულ პირობებს დაახვედრებენ.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ, ბაქოში არასრული გუნდით რომ აპირებდა ჩასვლას, ადრევე განაცხადა - 66 და 100 კილოგრამები გამოტოვა, მათ ხარჯზე კი სხვები გააორა. მწვრთნელმა აქცენტი უფრო შედეგზე გააკეთა და გამოცდილების მისაღებად ვინმეს წაყვანას ისეთი შემადგენლობა ამჯობინა, მედლის მოპოვების მეტ-ნაკლებად რეალური შანსი რომ ჰქონდა.
ვაჟების გარდა, მონაწილე ქალთა ტურნირშიც გვეყოლება. თავდაპირველად მხოლოდ ჰოლანდიელი ესტერ სტამის (70) წაყვანას გეგმავდნენ, მაგრამ მოგვიანებით ამავე წონაში ვაკანსია გამოჩნდა და ნინო ოძელაშვილიც დაამატეს.
ჩვენი ძიუდოისტები 22 ივნისს, საღამოს ჩამოფრინდნენ ბაქოში, თუმცა, სამწუხაროდ, მაინცდამაინც გუშინ ვერ მოვახერხე ოლიმპიურ სოფელში შესვლა - საამისოდ წინა დღესაა საჭირო საშვის დაშვება. თუმცა იქ ისეთი პირობებია, დარწმუნებული ვარ, საწუწუნო არაფერი ექნებათ. პირიქით - უფრო გვიან მოჭიდავეებს წონა არ გაექცეთ.
ახლა მთავარია, ჯანმრთელობის პრობლემები მოაგვარონ დროულად, ამ მხრივ კი, გუნდის საექიმო შტაბს ძალზე ბევრი საქმე აქვს.
სამწუხაროდ, გუნდის ლაზარეთი დიდია - ყვარელში გამართულ ბოლო შეკრებაზე ვალერი ლიპარტელიანმა ფეხი იტკინა; ბოლო დღეებში დაშავდა ნუგზარ ტატალაშვილიც - კოჭი და მუხლი იტკინა; უშანგი მარგიანმა ძველი ტრავმა ძლივს მოიშუშა და ისევ ახალი მიიღო; ჭრიკიშვილს კვლავ აწუხებს კუჭ-ნაწლავის პრობლემა, რაც მისი კვების რეჟიმზე აისახება...
შედარებით უმნიშვნელო პატარ-პატარა ტრავმები სხვებსაც აწუხებთ, თუმცა, იმედია, მწვრთნელები ყველაფერს გააკეთებენ მათთვის.
მოკლედ, დაველოდოთ 25 ივნისს და ვიყოთ ძიუდოისტების იმედად... ხვალ ჩვენგან ტურნირში მხოლოდ ამირან პაპინაშვილი ჩაებმება, ლაშა შავდათუაშვილი, ტატალაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და მარგიანი ზეგ იჭიდავებენ, დანარჩენები - 27-ში, 28 ივლისს კი, თამაშების დახურვის დღეს, გუნდური შეჯიბრებაა.
ბაქო 2015
დისციპლინა: ქალები, ვაჟები - ინდივიდუალური, გუნდური
ჩატარების ადგილი: ჰეიდარ ალიევის სახელობის არენა
მანძილი ოლიმპიური სოფლიდან: 20 წუთი
ჩატარების პერიოდი: 25-27 ივნისი - პირადი, 28 ივნისი - გუნდური
ტურნირის ხანგრძლივობა: 4 დღე
მონაწილეთა რაოდენობა: 391 (226 ვაჟი, 165 ქალი)
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
კატეგორიები: 7-7 - პირადი, 1-1 - გუნდური
გასათამაშებელი მედლები: ქალები: 7 ინდივიდუალური, 1 - გუნდური; ვაჟები: 7 ინდივიდუალური, 1 - გუნდური.
საქართველოს ნაკრები
ვაჟები: ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი (90), ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი (+100).
ქალები: ესტერ სტამი, ნინო ოძელაშვილი (ორივე - 70)
მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"