ბაქო 2015. ძიუდო: საქართველო ძიუდოისტებისა და ექიმების იმედად

AutoSharing Option
დღეს, 25 ივნისს, თამაშებში ძიუდოისტებიც ჩაებმებიან, რომლებსაც ახლა მთელი ჩვენი იმედები უკავშირდება.

სამწუხაროდ, გუნდი სერიოზული ტრავმებით ხვდება შეჯიბრებას - ლაშა შავდათუაშვილის (73) და ადამ ოქრუაშვილის (+100) გარდა, ყველას რაღაც აწუხებს, თუმცა ოლიმპიური გუნდის ექიმ ზურაბ კახაბრიშვილის თქმით, ყველაზე რთულად ნუგზარ ტატალაშვილი (73), უშანგი მარგიანი (81) და ლევან მატიაშვილი (+100) არიან. პირველს ბოლო შეკრებაზე ყვარელში კოჭი და მუხლი უტკენია (თავიდან მენისკზეც კი შიშობდნენ), მეორეს იმავე შეკრებაზე ტრავმირებული ფეხი კიდევ გამიზეზებია, მესამეს კი ხელი
დაუზიანებია.

ფეხი აწუხებს დღეს მოჭიდავე ამირან პაპინაშვილსაც (60) და ვალერი ლიპარტელიანს (90), ცოტა მხარს იტკიებს ბექა ღვინიაშვილი (90). ავთანდილ ჭრიკიშვილს (81) ტრავმა არა, მაგრამ საჭმლის მომნელებელი სისტემა კი აწუხებს.

ერთი სიტყვით, გუნდის ექიმებს მოცლა არა აქვთ.


24 ივნისს გაიმართა წილისყრა, თუმცა, რეიტინგიდან გამომდინარე, ჩვენებურთა მთავარი კონკურენტების ამბები დაახლოებით აქამდეც ვიცოდით.

* * *
დღეს 60-66 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, პაპინაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი რუმინელი ამადო ლაზეას და ებრაელი არტიომ არშანსკის პაექრობაში გაირკვევა.

ებრაელს ჩვენებურმა შარშან კი მოუგო მსოფლიოს პირველობაზე ბრინჯაოსთვის შეხვედრა, მაგრამ მაინც ძალიან ძლიერი და საშიში მოწინააღმდეგეა. ნახევარფინალში გასვლის შემთხვევაში, ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე რუსთა ყაბარდოელი ევროპის ორგზის ჩემპიონი ბესლან მუდრანოვია.

მას ჯგუფში ძლიერი გერმანელი ევროპის მედალოსანი ტობიას ენგლმაიერი ჰყავს, მაგრამ ამ ბოლოს პაპინაშვილმა მასთანაც წააგო.

* * *
ხვალ, 26 ივნისს, 73-81-ის ფალავნები იასპარეზებენ. 73-ში ჩვენებურები ბადის სხვადასხვა მხარეს არიან, განუთესავ შავდათუაშვილს კი გაუმართლა, მასპინძელ რუსტამ ორუჯოვის მხარეს რომ არ მოხვდა - მას ფინალამდე ასცდა.

სამაგიეროდ, ორუჯოვის და ტატალაშვილის გზები იკვეთება ნახევარფინალში. თუმცა იქამდე ჩვენებს ფრანგებიც ცუდად "ჩაუჯდნენ" დასაწყისში. თავიდან ტატალაშვილიც ისვენებს, მისი მეტოქე კი სწორედ ფრანგი ფლორენტ ურანისა და თურქი ბაირამ ცეილანის პაექრობაში გამოვლინდება. თუმცა ჩვენებურს ფრანგზე უფრო საშიში კონკურენტი ჰყავს ჯგუფში - სლოვაკი როკ დრაკშიჩი, ვისთანაც ორი წლის წინ ევროპირველობის ფინალში დამარცხდა. მას მეოთხედფინალამდე არ ხვდება.

შავდათუაშვილი ტურნირს ფრანგ ევროპის პრიზიორ პიერ დუპრატთან შეხვედრით იწყებს, მოგების შემთხვევაში კი ჩეხ იაკუბ იეცმინეკს დაეჭიდება. ამავე ჯგუფშია მასტერსის მომგები რუსი დენის იარცევი.

* * *
81 კილოგრამში ჭრიკიშვილი თავიდან კი ისვენებს, მაგრამ, შესაძლოა, პირველივე შეხვედრა არასასურველ ბელგიელ ევროპის ჩემპიონ იოახიმ ბოტიესთან მოუწიოს, ვისთანაც წლეულს გერმანიაში ფინალში დამარცხდა - სწორედ ბოტიესა და ბულგარელ ივაილო ივანოვს შორის უმჯობესი შეხვდება ჩვენებურს.

ამავე ჯგუფშია ბერძენთა სახელით მოჭიდავე ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი).

მარგიანი მეორე წრეში იჭიდავებს სლოვაკ მატუშ მილიჩოვსკისთან, თუმცა ის ფრანგთა მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის ჯგუფში მოხვდა.

* * *
დარჩენილი წონების ფალავნები ზეგ, 27 ივნისს იჭიდავებენ და ქართველების გზები ნაადრევად იკვეთება - 90 კილოგრამში ნახევარფინალში ხვდებიან ერთმანეთს, მძიმეწონოსნები კი სულაც ერთ ჯგუფში არიან.

ლიპარტელიანი მეორე წრეში უნგრელ გაბორ ვერს დაეჭიდება, ღვინიაშვილი - თურქ ბატუჰან ეფემგილს. ლიპარტელიანთან ჯგუფში ესპანეთში გადასული ნიკოლოზ შერაზადაშვილი მოხვდა.

მძიმეში ჩვენები თავიდან ისვენებენ, მათი გზები კი მეოთხედფინალში იკვეთება. მეორე წრეში გვარიანად წონადაკლებული ოქრუაშვილი თავიდან ისვენებს, მერე კი ესპანელ დავიდ ფერნანდესსა და პოლონელ მაციეი სარნაცკის შორის მოგებულს დაეჭიდება; მატიაშვილის მეტოქე კი აზერბაიჯანში გადასული უშანგი კოკაურისა და სლოვენიელი მატიაზ სერაის პაექრობაში გაირკვევა.

ქალები
26 ივნისს იჭიდავებენ ჩვენი ქალებიც 70 კილოგრამში: ესტერ სტამი იტალიელ ჯულია კანტონის ხვდება, ნინო ოძელაშვილი - ბელგიელ ლოლა მანსურს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
თკვე კარგო ხალხო თუ ტრმვები აწუხებდათ სად მიგყავდათ.წაგეყვანათ სხვები. მაგალითად ზებედა
chokhela
15:39 25-06-2015
0
ქუთაისელი - აბა, აბა, რა წესია ახლა ეს. გამოვა მეტოქე და ჩვენებს მდუღარე წყალს გადაასხამს ნატკენზე... ნუ, ფეხს რომ გამეტებით ჩასცხებს მაინცდამაინც იმ მტკივნეულზე, მაგაზე არაფერს ვამბობ.
ირაკლი თავაძე
14:27 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული