ევროპულ თამაშებში საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედალი ძიუდოისტმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) მოუტანა.
ქართველი ძიუდოისტი ფინალური ორთაბრძოლის დეტალებს იხსენებს, რომელშიც რუსი ივან ნიფონტოვი დაამარცხა.
- ჩემი გამოსვლით კმაყოფილი ვარ, რადგან მივაღწიე დასახულ მიზანს და მოვიპოვე ოქროს მედალი. ძალიან გახარებული ვარ, რომ ზედიზედ მესამედ გავხდი ევროპის ჩემპიონი.
მინდოდა, გამემეორებინა ჩემი მწვრთნელის - გურამ მოდებაძის კიდევ ერთი შეგირდის, ზაზა კედელაშვილის მიღწევა. მიხარია, რომ ეს შევძელი და დამიფასდა ის შრომა, რაც
- საკუთარი ჭიდაობის ხარისხით რამდენად კმაყოფილი ხარ?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, თუმცა მსოფლიოსთვის რაღაც-რაღაცები გამოსასწორებელია. მაგალითად, ფინალში ნიფონტოვთან გდება გავუშვი. ჩემი გდება მეგონა და მივყევი, როცა თავის შეკავება შემეძლო.
- ამ ტურნირისთვის რა კონკრეტული გეგმა გქონდათ დასახული?
- განსაკუთრებული და ადრინდელისგან გამორჩეული - არაფერი. ახლაც იმავეს მეუბნებოდნენ - გდებებზე ნუ იჭიდავებ, მთავარი შედეგიაო. შანსი თუ მოგეცემა, დაახეთქე, თუ არადა, არ გარისკო, ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოო.
ჩემი ჭიდაობა ახლა უფრო სანახაობრივი იმიტომ იყო, რომ ფორმაში მყოფს ყველაფერი გამოგდის.
საერთაშორისო ტურნირებისთვის არ ემზადები ისე, როგორც პირველხარისხოვანი შეჯიბრებებისთვის. თან, როცა ფიზიკურად ემზადები, შტანგებზე ვარჯიშობ, არ ხარ საჭირო ფორმაში - არ გაქვს სათანადო სისწრაფე, ელასტიურობა, არც კუნთია ისე გამძლე, პიქირით - დასვენება გჭირდება. ამიტომ ტურნირებზე ხანდახან ისე არ გამოგდის ჭიდაობა, როგორც - ოფიციალურ შეჯიბრებებზე.
- ნიფონტოვს კარგად იცნობ, ხშირად ამარცხებ. ახლა რა გეგმით დაგავალეს მასთან ჭიდაობა?
- განსაკუთრებული არაფერი გეგმა არ ყოფილა. უბრალოდ, შეხვედრაზე გასვლის წინ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ მითხრა, საწყისი ორი წუთი ისე ეჭიდავე, გდებაზე არ მოჰყვე და მერე ვერ გაგიძლებსო. უფრო კონკრეტულად არაფერი უთქვამთ, რომელი ილეთი გამეკეთებინა.
ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც მოვიდა, იმანაც მომცა რჩევა-დარიგებები, ჩემმა პირადმა მწვრთნელმა გურამ მოდებაძემაც და ეს იყო სულ.
პირველი ვაზარისას სივრცე დავუთმე ნიფონტოვს და საშუალება მივეცი, დაეწყო გდება - მე ჩემი მეგონა დასაწყისი და მივყევი, როცა შეიძლებოდა, არ გადავყოლოდი ან მე დამეხეთქებინა. მოძრაობაში გადამიყოლა და თავი ვერ შევიკავე.
სამაგიეროდ, ამის შემდეგ საბრძოლო განწყობა გასამმაგდა, როგორ და ვისთან ვაგებ-მეთქი. თან პირველი ევროპული თამაშებია, რომელიც ოლიმპიადის ფორმატით ტარდება. კაცმა არ იცის, მეორე როდის გაიმართება...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კიდევ ბევრი გამარჯვება მოეპოვებინოს და ბევრი ოქრო მოეგოს :)