ეროვნულმა ბანკმა "თბილისი 2015"-ის აღსანიშნავად საკოლექციო ვერცხლის მონეტა გამოუშვა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - "თბილისი 2015"-ის აღსანიშნავად საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტა გამოუშვა.

პრეზენტაცია ეროვნულ ბანკში გაიმართა. ღონისძიებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, მონეტის დიზაინის ავტორი მამუკა გონგაძე და "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი დაესწრნენ.

ათი ლარის ნომინალის 15.50-გრამიანი მონეტა 925 ვერცხლის სინჯითაა დამზადებული. მონეტის დიზაინის მთავარ კომპოზიციას ფესტივალის ემბლემა და სპორტის ოლიმპიური სახეობების ამსახველი პიქტოგრამები წარმოადგენს.

როგორც მონეტის ავტორმა, მხატვარ-დიზაინერმა მამუკა გონგაძემ განაცხადა, ოლიმპიური ფესტივალის ლოგო მონეტებზე დატანილია ფერებში, საღებავების გამოყენებით, რაც, თავის მხრივ,
წარმოადგენს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეს, ისე ახალ სიტყვას საქართველოში საკოლექციო დანიშნულების მონეტების გამოშვების ტრადიციების განვითარების საქმეში. მონეტის რევერსზე გამოსახულია ევროპის რუკა, ოლიმპიური კომიტეტის ლოგო და ეროვნული ბანკის მიერ სულ ახლახან შემუშავებული ეროვნული ვალუტის ამსახველი სიმბოლო. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა და რეალიზაციაში 3 000-იანი ტირაჟით გავა.

მონეტის სარეალიზაციო ფასია 65 ლარი და მათი შეძენა შესაძლებელია როგორც ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ყვარლის ფულის მუზეუმში, ისე ეროვნული ბანკის ვებგვერდზე განთავსებული ონლაინ-მაღაზიის მეშვეობით.

როგორც გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, ეს მონეტა ეძღვნება ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც რამდენიმე კვირაში თბილისში გაიმართება.

"ამ ღონისძიების მიზანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია. გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზი მონეტა გამოვიდა, დარწმუნებული ვარ, რომ მნიშვნელოვანი ატრიბუტი გახდება ამ თამაშისთვის და ჩვენს ქალაქში ჩამოსული ტურისტებისთვის იქნება სასიამოვნო საჩუქარი-სუვენირი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

"დღევანდელი დღე და თვითონ ის ფაქტი, რომ მოიჭრა ოლიმპიური მონეტა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ პირველ რიგში, რა პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველო ოლიმპიურ თამაშებს და აქვს კიდევ მეორე დატვირთვა - ეს არის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ "თბილისი 2015" უნდა იყოს ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური თამაშები", - განაცხადა "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსი ახვლედიანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Oqrosi moecharat ekonomikashi ar gvaq problemebi da ...
0

სიახლეები პოპულარული