გარედან რაც ჩანს, ტრანსპორტი და უცხოელთა გადაყვანა სოფელსა და ბაზებს შორის, თავად არენებზეც სპორტსმენთა გაყვანა და შეჯიბრების ორგანიზებულად ჩატარება, მოწესრიგებულია, რასაც ვერ ვიტყვით ჟურნალისტთა სამუშაო პირობებზე.
სამწუხაროდ, ბაზების უმეტესობაში პრესლოჟა, უბრალოდ, გამოტოვებულია - ტრიბუნაზე არც მწერალი ჟურნალისტებისთვისაა ადგილები გათვალისწინებული და არც ტელეოპერატორებისთვის. თუმცა მათთვის აქა-იქ მაინც
ამის გაკეთებას დამატებითი ფული არ სჭირდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ პროექტში ამის გათვალისწინება. სამაგიეროდ, ვიპ-ლოჟები და ვიპ-ლაუნჯები არაა დავიწყებული. სხვა თუ არაფერი, პრესცენტრებში მაგიდებისა და სკამების დამატება ხომ შეიძლება! თუმცა ეს ოთახებიც იმდენად პატარაა, ბევრი მაგიდა არც დაეტევა, მაგრამ სკამები მაინც იყოს, დასწრებაზე რომ არ ვიყოთ და ფოსტის ცხენებივით ფეხზე დამდგარმა არ ვიმუშაოთ ლეპტოპებში...
პირველ დღეს ფრენბურთის დარბაზში ყავის აპარატი და ტკბილეული ყუთებზე ელაგა... ჩვენ ჯანდაბას (თუმცა რატომ ჯანდაბას - ჩვენც ხომ მოქალაქეები ვართ), მაგრამ ამას უცხოელებიც ხედავენ და რეაქციაც შესაბამისია.
მძლეოსნობის სტადიონზე იქაურმა მოხალისეებმა მითხრეს, ამ დილით ერთი ამბავი დაგვაწიეს უცხოელებმა, როცა ლოჟა მოიკითხეს, ინტერნეტი, დასაჯდომი ადგილები და არაფერი არ იყოო (თუმცა ინტერნეტის პრობლემა ნამდვილად აღარაა), ძიუდოს აკადემიაში კი იქაურმა მოხალისემ გვითხრა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაგვიწყრა, ჩვენთან როგორი ორგანიზება იყო ევროპულ თამაშებზე, თქვენთან კი როგორიაო...
ამ პრობლემების გამოსწორება იოლად შეიძლება და სწორედ იმიტომ ვწერთ, რომ მიხედონ, რათა კარგად ორგანიზებულ ფესტივალს ჩრდილი არ მიადგეს.
ასევე, კარგი იქნება, ქალაქის დასუფთავების სამსახური ამ ერთი კვირის განმავლობაში თემქაზე იმ მთავარ ქუჩას თუ დაასუფთავებს, რომლითაც ყოველდღე უცხოელები ოლიმპიური სოფლიდან დიღმისკენ, სპორტულ ბაზებზე მიდიან.
ასევე კარგი იქნება, თავად დიღმის მასივშიც, მთავარ მოედანსა და ლუბლიანის ქუჩას შორის მდებარე სკვერს თუ დაასუფთავებენ.