თბილისი 2015. 29 ივლისი. მედლები და მიმოხილვა: საქართველოს ანგარიშზე 5 მედალია

AutoSharing Option
ჩოგბურთი
მესამე დღე ერთეულთა თანრიგში ქართველი ჩოგბურთელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა.

დავით ჭელიძემ, ანა მაქაცარიამ და ანა შანიძემ მესამე წრის გადალახვა ვერ მოახერხეს.

გამარჯვება და შესაბამისად, მეოთხედფინალში თამაშის უფლება მხოლოდ ნიკოლოზ დავლიანიძემ მოახერხა.

სამაგიეროდ, წყვილთა თანრიგში ორივე ქართულმა წყვილმა შემდეგ ეტაპზე გადასვლა მოახერხა.

ნიკოლოზ დავლიანიძე-დავით ჭელიძის დუეტმა ავსტრიული წყვილი მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 6:3 5:7 6:4 დაამარცხა. შანიძე-მაქაცარიამ კი ერთობლივად იტალიელთა გუნდს 6:3 7:5 სძლია.

ცურვა
უნგრელი მოცურავე აიანა ეველინ კეშელი (Ajna Evelin Kesely) ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გმირია. უნგრელმა სპორტსმენმა საკუთარ ქვეყანას მესამე ოქროს მედალი
მოუტანა.

საერთო ჯამში კი, მას უკვე ოთხი მედალი აქვს. კეშელიმ ამჯერად გამარჯვება გოგონებს შორის 400 მეტრ თავისუფალი ყაიდით ცურვაში მოიპოვა. მეორე ადგილზე ანტუანეტ ნიმტი (Antoinette Neamt) გავიდა, ბრინჯაოსპრიზიორი კი ბრიტანელი ანალეა კლეირ დავისონი (Annalea Claire Davison) გახდა.

უნგრელებმა წყალში დომინაცია დღის მეორე ნახევარშიც გააგრძელეს და გოგონათა შორის 200 მეტრზე კომპლექსურ ცურვაში საუკეთესო ფანი გურინოვიჩი (Fanni Gyurinovics) გახდა. ვერცხლის მედალი გერმანელ მოცურავეს ერგო, ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე რიგით მეორე ბრინჯაო კი სოფია ლეი ობამ (Sophie Leigh Hobbah) დაიმსახურა.

ცურვაში პირველი ოქროს მედალი ჰოლანდიამაც მიიღო. ვაჟებს შორის 50 მეტრ თავისუფალი ყაიდით ცურვაში ნილს კორსტანიე (Nyls Korstanje) შეუდარებელი იყო. მან გამარჯვება სოლიდური უპირატესობით მოახერხა, მეორეადგილოსან უკრაინელ ოლექსანდერ მოროზს (Oleksandr Moroz) 39 მეასედით აჯობა. ბრინჯაოს მედალი კი უნგრელმა იშტვან ვეგმა (Istvan Vegh) მოიპოვა.

ცურვაში ასევე პირველი ოქრო მოიპოვა გერმანიის დელეგაციამ. იოჰანეს ჰინტცმა (Johannes Hintze) გამარჯვებას 200 მეტრ კომპლექსურ ცურვაში მიაღწია, სადაც მისი შედეგი 2:02:52 იყო. მეორეადგილოსან ესპანელ ჰუგო გონსალეს დე ოლივეირას (Hugo Gonzalez De Oliveira) ჰინტცმა მხოლოდ 33 მეასედი მოუგო. ბრინჯაოს მედალი რუსმა ევგენი სომოვმა (Evgenii Somov) მოიპოვა.

წარმატებული დღე ჰქონდათ სლოვენიელ სპორტსმენებსაც. ჯერ გოგონათა შორის 100 მეტრ თავისუფალი ყაიდით ცურვაში იანია შეგელმა (Janja Segel) ოქრო არავის დაუთმო, შემდეგ კი იანია შამაკმა იმარჯვა (Janja Jamsek) 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში.

ოლიმპიური ფესტივალის სამი სათამაშო დღის შემდეგ წყალში საუკეთესოები უნგრელები არიან, ცურვაში მათ ანგარიშზე უკვე 10 მედალია (4-2-4).

ფრენბურთი
ფრენბურთში "თბილისი 2015"-ზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მედლებისთვის ბრძოლაში ნახევარფინალში ერთმანეთს პოლონეთი - ჩეხეთი და იტალია - ბულგარეთი დაუპირისპირდებიან.

გოგონათა შორის კი თურქეთი - ბელგიას, ხოლო ფავორიტი სერბეთი იტალიას დაუპირისპირდება.

ხელბურთი
ჯგუფური ეტაპი დასრულდა ხელბურთშიც, სადაც გოგონათა შორის მედლებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დანია-ჩეხეთი და ნორვეგია-რუსეთი დაუპირისპირდებიან. დანიელები თუ ჩეხებთან ფავორიტებად ითვლებიან, ნორვეგიისა და რუსეთის ძლიერი ნაკრებების შანსები თანაბრადაა შეფასებული. ვაჟთა შორის პირველი ოთხეული კი გერმანია-სლოვენიისა და საფრანგეთი-ნორვეგიის წყვილებში გადათამაშდება.

რაც შეეხება საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებებს, როგორც ბიჭებმა, ისე გოგონებმა  ჯგუფურ ტურნირში სამივე შეხვედრა წააგეს და ახლა მხოლოდ მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ.

მესამე ტურში ვაჟებმა რუსეთთან ანგარიშით 0:3 წააგეს, ხოლო გოგონები თურქეთთან ანგარიშით 1:3 დამარცხდნენ.

კალათბურთი
კალათბურთში გოგონათა შორის მედლებისთვის ბრძოლას უნგრეთი, რუსეთი, ბელგია და ჩეხეთი აგრძელებენ. ბიჭებს შორის კი უპირობო ფავორიტთან, ესპანეთთან ერთად ჩემპიონის ტიტულის მოპოვებისთვის ლატვია, ბოსნია-ჰერცეგოვინა და გერმანია იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, საქართველოს ვაჟთა ნაკრები ლატვიასთან ანგარიშით 49:66 დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლო.

რაც შეეხებათ ჩვენს გოგონებს, ისინი ბელგიასთან ანგარიშით 40:75 დამარცხდნენ და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

მძლეოსნობა
ვაჟთა შორის სიმაღლეზე ხტომაში ჩემპიონი უკრაინელი დმიტრო ნიკიტინი (Dmytro Nikitin) გახდა. უკრაინელმა მძლეოსანმა 2.12 მეტრის სიმაღლის ბარიერი დაძლია. ვერცხლის მედალი ირლანდიელმა რაიან უოლშმა (Ryan Carthy Walsh) მოიპოვა - 2.09. ბრინჯაოს მედალი კი ბერძენ ანტონიუს მერლოსს (Antonios Merlos) ერგო.

ფრანგი ენცო ოდებარი (Enzo Hodebar) ვაჟთა შორის სიგრძეზე ხტომის ოქროსმედალოსანია. რუმინელმა ბოგდან იოან სიტოიანუმ (Bogdan Ioan Sitoianu) თავისი პირადი რეკორდი გააუმჯობესა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალი ბელორუს ულადისლაუ ბულაკაუს (Uladzislau Bulakhau) ერგო.

დავით ლუკავამ 400 მეტრზე თარჯრბენში 54,54 წამით ფინალში გამოსვლისა და მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.

გიორგი დავითაშვილის ნატყორცნმა ბადრომ 59.63 მეტრი იფრინა და გიორგიმაც ფინალში დაიბევა ადგილი. დღესვე მედლისთვის გაუწევს მეტოქეობას თანატოლებს უროს მტყორცნელი ნინო წიქვაძე.

ძიუდო
მესამე დღე ქართველი ძიუდოისტებისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ქართველმა ძიუდოისტებმა სამი მედალი მოიპოვეს. მასპინძელ ქვეყანას პირველი ოქრო რობინზონ ბეგლარაშვილმა მოუპოვა. 60 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა იტალიელი მანუელ ლომბარდო (Manuel Lombardo) ვაზარით დაამარცხა.

ნატალია ყიფშიძემ და ბაგრატ ნინიაშვილმა კი საქართველოს ბრინჯაოს მედლები მოუპოვეს. 48 კგ წონით კატეგორიაში საპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა გოგონამ დიდიბრიტანელი კიერა ბეიტმანი (Kiera Bateman) შიდოთი დაამარცხა. ნინიაშვილმა კი აზერბაიჯანელ პაშა ალიევს აჯობა და საქართველოს რიგით მეხუთე მედალი მოუტანა.

ძიუდოში საუკეთესოები კვლავაც იტალიელები არიან, რომელთა მონაგარიც 6, მათ შორის, 3 ოქროს მედალია.

- თბილისი 2015. ძიუდო: პირველი ოქრო საქართველოს [VIDEO]

სპორტული ტანვარჯიში
სპორტულ ტანვარჯიშში შეჯიბრების მესამე დღეს გოგონების გუნდური დაპირისპირება გაიმართა. ყველაზე უკეთ ამ დისციპლინაში რუსეთის ნაკრები გაისარჯა და ოლიმპიური ფესტივალის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

საქართველოს ნაკრებმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლინა ბოჟიხი, მარია ბუტკიხი და მაგდა რობაქიძე გამოდიოდნენ, 99,8 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ, სამწუხაროდ, ჩვენს სპორტსმენთაგან ცალკეულ იარაღებზე ფინალში ვერავინ გააღწია.

დღეს შეჯიბრება ვაჟთა შორის ინდივიდუალურ მრავალჭიდში გაიმართება.

კვარცხლბეკი. გუნდური. გოგონები: 1. რუსეთი, 2. ბელგია, 3. გერმანია.

ხელბურთი
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა 29 ივლისს მესამე ტურის მატჩები გამართეს და კვლავ მოეცარათ ხელი: გოგონები რუმინელებს ვერ გაუმკლავდნენ, ხოლო ვაჟები სლოვენიელებთან დამარცხდნენ.

გოგონები: საქართველო-რუმინეთი 24:32 (13:17)

ვაჟები: საქართველო-სლოვენია 19:35 (10:12)

29 ივლისს გათამაშებული მედლები


Sportall.Ge

"თბილისი 2015"-ის შესახებ ცნობები იხილეთ ტეგზე თბილისი 2015
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვიცხოვროთ ძველი წესებით და მივენდოთ ბედს, თუ გავიზიაროთ სიახლეები და ვაკონტროლოთ სიტუაცია?
გუჯა კახაძე
12:14 30-07-2015
0

სიახლეები პოპულარული