დოპინგი: ლონდონის ოლიმპიადაც გადამოწმდა

AutoSharing Option
2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილე 23 სპორტსმენის დოპინგ-სინჯის ხელმეორე შემოწმებამ დადებითი შედეგი აჩვენა. ეს არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური ინფორმაცია.

სპორტსმენთა გვარები არ სახელდება. შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ აკრძალული პრეპარატის გამოყენებაში მხილებული ათლეტები სპორტის ხუთ სახეობაში გამოდიოდნენ და ექვს ქვეყანას წარმოადგენდნენ.

მოგვიანებით, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ამ 23 სპორტსმენიდან რვა რუსეთის წარმომადგენელია, მათგან ერთ-ერთი კი გახლავთ ლონდონის თამაშების გამარჯვებული უროს ტყორცნაში ტატიანა ბელობოროდოვა. 32 წლის ბელობოროდოვას, რომელიც ადრე ლისენკოს გვარს ატარებდა, დასრულებული აქვს სპორტული კარიერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბელობოროდოვა
აკრძალული პრეპარატების მიღებაში გამოიჭირეს. მას მსოფლიოს 2005 წლის ჩემპიონატის დროს აღმოუჩინეს დოპინგი და ამის გამო, პეკინის 2008 წლის თამაშების გამოტოვება მოუწია.

* * *
ამასობაში, გერმანული ტელეკომპანია ARD 8 ივნისს კიდევ ერთ, რიგით მესამე დოკუმენტურ ფილმს უჩვენებს რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ. ამ ინფორმაციას საკუთარ "ტვიტერზე" ავრცელებს წინა ფილმების ავტორი და ტელეარხის ჟურნალისტი ჰაიო ზეპელტი. მისი მორიგი ფილმის სახელწოდებაა - "აღიარება რუსეთისთვის".

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის დეკემბერში, ARD-მ უჩვენა სკანდალური ფილმი - "საიდუმლო დოპინგი: როგორ აღწევს რუსეთი გამარჯვებებს". მისი ერთ-ერთი გმირი გახდა რუსი მძლეოსანი იულია სტეპანოვა და მისი მეუღლე, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი ვიტალი სტეპანოვი. ფილმში მოთხრობილი იყო იმის შესახებ, რომ რუსი მძლეოსნები სისტემატიურად იღებდნენ აკრძალულ პრეპარატებს საკუთარი მწვრთნელების მითითებით.

ამან გამოიწვია გამოძიების ტალღა რუსული ანტისადოპინგო სააგენტოს მიმართ. ამას კი მოჰყვა ტელეარხის ახალი ფილმების გამოშვება და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს მოთხოვნით, რუსეთის ანტისადოპინგო სისტემის მთლიანი რესტრუქტურიზაცია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული