რიო დე ჟანეიროს ზაფხულის 31-ე ოლიმპიადა: საქართველო სარეკორდო გუნდით

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ზაფხულის 31-ე ოლიმპიადა რეკორდული იქნება საქართველოსთვის - 39 სპორტსმენით ვიასპარეზებთ, ამდენი კი წინა წლებში არასოდეს გვყოლია. ოლიმპიელთა რაოდენობით აქამდე ლიდერობდა ატლანტასა და სიდნეის თამაშები, სადაც 36-36 სპორტსმენით ვიყავით წარმოდგენილნი. ათენში 33 ათლეტით გამოვედით, პეკინსა და ლონდონში - 35-35-ით.

ახლანდელი მონაცემი კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა და 40-მდეც "დავმრგვალდებოდით", მაგრამ დიდი იმედების მიუხედავად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ქალებში არ მოგვცა შეპირებული საგზური.

ამჯერად წარმოდგენილნი ვიქნებით სპორტის 12 სახეობაში: ძიუდო, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, მძლეოსნობა, ძალოსნობა, მშვილდოსნობა, ტყვიის სროლა, ცურვა, ბატუტზე
ხტომა, მხატვრული ტანვარჯიში, ფარიკაობა, კანოე, ჩოგბურთი.

ტრადიციულად, წარმოდგენილ სიაში ლომის წილი საჭიდაო სახეობებზე მოდის - 19 სპორტსმენი. აქედან ძიუდოში 8 მონაწილე გვეყოლება (7 ვაჟი და 1 - ქალი), თავისუფალ ჭიდაობაში - 6, ბერძნულ-რომაულში - 5. აღსანიშნავია, რომ ძიუდოისტი ვაჟები და თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სრულად დაკომპლექტებული გუნდებით იქნებიან, "ბერძენ-რომაელებს" კი ერთი საგზური დააკლდათ.

ძიუდოში ჩვენი ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა ასეთია: ამირან პაპინაშვილი (60), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), ბექა ღვინიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100). ისტორიაში პირველად, მონაწილე გვეყოლება ქალთა ტურნირშიც - ნატურალიზებული ჰოლანდიელი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი ესტერ სტამი (70).

თავისუფალ ჭიდაობაში ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არიან: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57), ზურაბ იაკობაშვილი (65), იაკობ მაქარაშვილი (74), სანდრო ამინაშვილი (86), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125) გამოვლენ, ბერძნულ-რომაულში - შმაგი ბოლქვაძე (66), ზურაბ დათუნაშვილი (75), რობერტ კობლიაშვილი (85), რევაზ ნადარეიშვილი (98) და იაკობ ქაჯაია (130).

5 მონაწილე ეყოლებათ მძლეოსნებს: მარათონში დავით ხარაზიშვილმა დაიმსახურა საგზური, სამხტომში - ლაშა თორღვაიძემ, სიგრძეზე ხტომაში - ბაჩანა ხორავამ, სიმაღლეზე ხტომაში - ვალენტინა ლიაშენკომ, ბირთვის კვრაში - ბენიკ აბრამიანმა.

მძლეოსნებს მშვილდოსნები და ძალოსნები მოსდევენ - 3-3 საგზური. მშვილდოსნობაში ქრისტინე ესებუა, ხათუნა ნარიმანიძე და იულია ლობჟანიძე გამოვლენ, ძალოსნობაში - რაულ ცირეკიძე (94), ლაშა ტალახაძე (+105) და ირაკლი თურმანიძე (+105).

ამათ 2-2 საგზურით ტყვიის სროლა (ნინო სალუქვაძე, ცოტნე მაჭავარიანი) და ცურვა მოჰყვება (ირაკლი ბოლქვაძე - 200 მეტრი ბრასით, თეონა ბოსტაშვილი - 100 მეტრი ბრასით), ფარიკაობაში (სანდრო ბაზაძე), ჩოგბურთში (ნიკოლოზ ბასილაშვილი), მხატვრულ ტანვარჯიშში (სალომე ფაჟავა), ბატუტზე ხტომასა (ლუბა გოლოვინა) და კანოეში (ზაზა ნადირაძე - სპრინტი) კი თითო ოლიმპიელი გვყავს.

ამათგან მძლეოსნების და ტყვიის მსროლელებისთვის ახლანდელი მონაგარი სარეკორდოა, ხოლო კანოეში დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ პირველად მოვიპოვეთ ლიცენზია. ატლანტას შემდეგ არც ფარიკაობაში გვყოლია მონაწილე. ასევე პირველი საგზურებია ქალთა ძიუდოში და ტყვიის სროლაში - ვაჟებში.

ზოგადად, სროლაში პირველად მოხდა, როცა სალუქვაძის გარდა, სხვამაც მოიპოვა საგზური. მშვილდოსან ქალთა ნაკრები ათენშიც სამი მონაწილით იყო წასული, მაგრამ მაშინ ყველამ ცალ-ცალკე, პირად პირველობებში მოიპოვა საგზური, ახლა კი პირველად დაიმსახურეს გუნდურში. არადა, რომ არა მსაჯთა გაუგონარი მიკერძოება 4 წლის წინ, მაშინაც განაღდებული ჰქონდათ ლონდონის გუნდური ლიცენზია.

თუმცა პირველობების მთავარი რეკორდი მსროლელებს ეკუთვნით - ჩვენს რეალობაში პირველად ხდება, როცა ოჯახური დინასტიით ვიქნებით თამაშებზე, რადგან საგზური დედა-შვილმა მოიპოვა. ეგ კი არა, თურმე საერთოდ ოლიმპიზმის ისტორიაშიც პირველად ხდება, როცა დედა და ვაჟი გამოვლენ თამაშებზე (დედა და ქალიშვილი ერთად სულ ორჯერ ყოფილა და ისიც შორეულ წლებში, გასული საუკუნის დასაწყისში, მამა და შვილები კი შედარებით ხშირად გამოსულან ოლიმპიადებზე).

სალუქვაძესვე ეკუთვნის კიდევ ერთი აბსოლუტური რეკორდი - მერვე თამაშებში გამოვა. მას შანსი აქვს, მსოფლიოს რეკორდზეც წავიდეს, რომელიც 10 ოლიმპიადას ითვლის. ოლიმპიური გუნდის ყველაზე ტიტულოვანი წევრიც სალუქვაძეა - სამივე სინჯის მედალი აქვს, რაც ასევე უპრეცედენტოა საქართველოსთვის. ამის გარდა კი, აქტივში პირადში ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონობა აქვს, რასაც გუნდურში მოპოვებული უამრავი ჯილდო და კიდევ უფრო მეტი მსოფლიოს რეკორდი ემატება...

ოლიმპიელთაგან ყველაზე გვიან საგზურები ბასილაშვილმა და ლიაშენკომ გაინაღდეს. გენდერული ბალანსი აშკარად დარღვეულია - 30 ვაჟი და მხოლოდ 9 ქალი.

სპორტის სახეობები ადრე უფრო მეტიც ყოფილა, თუმცა ამჯერად მისასალმებელია, რომ მედლების მომპოვებელთა გეოგრაფია გაიზარდა და არ ვიქნებით მხოლოდ საჭიდაო სახეობების იმედად, ძალოსნებიც ფავორიტებად მიდიან. მედლების მოპოვება რეალურია მხატვრულ ტანვარჯიშში, ბატუტზე ხტომაში, სროლაში, მშვილდოსნობაში და კიდევ ზოგიერთ სახეობაში. ყოველ შემთხვევაში, გამორიცხული ნამდვილად არაა.

სამაგიეროდ, დიდი დანაკლისია, რომ კრივში საერთოდ ვერ მოვიპოვეთ საგზური. ასევე სასურველია, ცურვაშიც ბევრად მეტი მონაწილე გვყავდეს, რადგან ამ სახეობასა და მძლეოსნობაში რაოდენობრივად ბევრი მედალი თამაშდება. ოლიმპიური გუნდი ამჯერად ერთ-ერთი ტიტულოვანია თამაშების ისტორიაში - 2 ოლიმპიური, მსოფლიოს 4 და ევროპის 10 ჩემპიონია, თუმცა რამდენიმე სპორტსმენი მეორდება.

მაგალითად, მსოფლიოს ოთხივე ჩემპიონი - სალუქვაძე, ტალახაძე, ჭრიკიშვილი და ხინჩეგაშვილი - ევროპის ჩემპიონიცაა, სალუქვაძე კი სამივე კატეგორიაში გადის. აქვე არაფერს ვამბობთ ასაკობრივ ნაკრებებში ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონებსა და პრიზიორებზე.

საინტერესოა, რომ 2 ოლიმპიური ჩემპიონით ატლანტაშიც ვიყავით წარმოდგენილნი და მაშინაც ერთი ისევ ნინო სალუქვაძე იყო, მეორე კი მაშინაც და ახლაც ძიუდოისტი გახლდათ, შესაბამისად, დავით ხახალეიშვილი და ლაშა შავდათუაშვილი. საინტერესოა, რომ დასახელებული მსოფლიოს 4 გამარჯვებულიდან 2 - ხინჩეგაშვილი და ტალახაძე მოქმედი ჩემპიონია.

ამჯერად მხოლოდ ორი ნატურალიზებული ოლიმპიელი გვეყოლება - ძიუდოისტი ესტერ სტამი ჰოლანდიელია და თავად ისურვა ჩვენთან გადმოსვლა, უკრაინელი მძლეოსანი ვალენტინა ლიაშენკოს გადმოსაყვანად კი ჩვენებმა იაქტიურეს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სახელით წლეულსაც ცდილობდა ლიცენზიის მოპოვებას პოლონელი სპორტულად მოსიარულე მაციეჟ როსიევიჩი, თუმცა ცოტა დააკლდა მიზნამდე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები!!! ზაფხულს თბილიში ვატარებ თქენი იმედით.
tatia
17:20 15-07-2016
0
გოგოჭური პარაოლიმპიადაზე გამოვა. ოლიმპიადის დამთავრების შემდეგაა პარაოლიმპიადა
Koba
15:30 15-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული