რიო 2016. ამბები: ოლიმპიადას პელე აანთებს?

AutoSharing Option
ფეხბურთის მეფე პელე მონაწილეობას მიიღებს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში, - ირწმუნება ინტერნეტ-გამოცემა UOL. უფრო მეტიც, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, შესაძლოა, ოლიმპიური ცეცხლი დაანთოს, რადგან ის არ შედის იმ 12 ათას ადამიანს შორის, რომელიც ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში იღებს მონაწილეობას. პელე ოლიმპიურ ცეცხლს სანტოსში დახვდა, მაყურებელს აივნიდან მიესალმა, მაგრამ ჩირაღდანთან ერთად გარბენა ვერ შეძლო, რადგან ამასწინდელი ოპერაციის გამო, დღემდე პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.
75 წლის ექს-ფეხბურთელს ესტაფეტაში მონაწილეობა რომ მიეღო, ის უკვე ვეღარ მოახერხებდა გახსნის ცერემონიაზე ცეცხლის დანთებას. თუმცა, ჯერჯერობით, 5 აგვისტოს
მისი ზუსტი როლი უცნობია. გარდა ამისა, პელემ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც "იმედი" ჰქვია და ის რიოს თამაშებს მიეძღვნა.

რიო ტერაქტს გადაურჩა?
ბრიტანული გამოცემა The Sun-ის ინფორმაციით, ბრაზილიის პოლიციამ დააკავა 10-კაციანი ჯგუფი, რომელიც 2016 წლის ოლიმპიადის დროს ტერაქტს გეგმავდა. როგორც ამბობენ, ამ ჯგუფს ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი. სავარაუდო ტერორისტები ბრაზილიის სამხრეთით, პარანას შტატში დააპატიმრეს.
ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, რიოს ოლიმპიადის დროს, მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე 85 ათასი პოლიციელი და ჯარისკაცი იზრუნებს.

555 ამერიკელი
რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე ყველაზე წარმომადგენლობითი ნაკრები ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყოლება, - იტყობინება NBC. ოლიმპიური გუნდი 555-მა სპორტსმენმა დააკომპლექტა.
სპორტსმენებს შორის 292 ქალია და 263 მამაკაცი. ეს პირველი შემთხვევაა ისტორიაში, როცა აშშ-ს ოლიმპიურ თამაშებზე უფრო მეტი ქალი ათლეტი წარმოადგენს, ვიდრე მამაკაცი.

ოლიმპიური სოფელი ღიაა
რიო-დე-ჟანეიროში გაიხსნა ოლიმპიური სოფელი, რომელშიც ზაფხულის თამაშების დროს სპორტსმენები და ნაკრებების დელეგაციის წევრები იცხოვრებენ.
კომპლექსი 31 შენობისგან შედგება, რომლებშიც განთავსებულია 10160 ნომერი 10500 სპორტსმენისთვის და დელეგაციების 7000 წევრისთვის. სოფლის ტერიტორიაზეა აუზები, საჩოგბურთო კორტები, საფეხბურთო მოედნები, სატრენაჟორო დარბაზი, აგრეთვე კლინიკა. ხოლო სასადილო სამი საფეხბურთო მოედნის ფართობისაა.
აღვნიშნავთ, რომ ოლიმპიური სოფლის მშენებლობა 1.5 მილიარდი დოლარი დაჯდა.

რიო პოლიტიკური ცენტრი გახდება
2016 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას 40-ზე მეტი ქვეყნის მეთაური და პოლიტიკოსები დაესწრებიან, - იტყობინება ფრანგული გამოცემა "ეკიპი".
გახსნის ცერემონია 5 აგვისტოს (თბილისის დროით 6 აგვისტოს, 02 საათსა 15 წუთზე დაიწყება) გაიმართება და იქ საპატიო სტუმრების სტატუსით იქნებიან საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, იტალიის ყოფილი პრემიერმინისტრი სილვიო ბერლუსკონი, არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი, კოლუმბიის პრეზიდენტი ხუან მანუელ სანტოსი, პარაგვაის პრეზიდენტი ორასიო კარტესი და სხვები. აგრეთვე, ცერემონიას დაესწრება 55 ქვეყნის სპორტის მინისტრი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული