რიო 2016. დოპინგი: უკვე მინუს 18

AutoSharing Option
387 რუსი სპორტსმენის სია, რომელიც რუსეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე გამგზავრებისთვის დაამტკიცა, შესაძლოა, 200-მდე დავიდეს. 68 მძლეოსნის გარდა, რომლებსაც უარი უთხრეს ოლიმპიადაში გამოსვლაზე, ბრაზილიაში არ იასპარეზებენ სხვა სახეობების წარმომადგენლებიც.

კიდევ უფრო შორს წავიდა ბრიტანული გაზეთი The Telegraph, რომელიც წერს, რომ რუსეთის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობა რიო-დე-ჟანეიროს თამაშებზე, შესაძლოა, 40 სპორტსმენამდე შემცირდეს.

როგორც გამოცემის წყარო ამტკიცებს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სამუშაოდ მიიწვია სპორტული საარბიტრაჟო სასამართლოს დამოუკიდებელი ექსპერტები იმის შესაფასებლად, რამდენად მკაცრად გადიოდნენ ანტისადოპინგო შემოწმებას ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც პრეტენზიას აცხადებენ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაში
მონაწილეობაზე.

და როგორც ამბობენ, ექსპერტების ეს ჯგუფი 400-დან მხოლოდ 40 სპორტსმენს მისცემს ასპარეზობის უფლებას. დანარჩენები კი ვერ დააკმაყოფილებენ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მოთხოვნებს, რადგან მათ ოლიმპიადის წინ არასაკმარისად გაიარეს ანტისადოპინგო შემოწმება.

სავარაუდოდ, მსგავსი მოქმედებით, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი შეეცდება შეარბილოს თავისი მისამართით კრიტიკა, რომელიც წარმოიშვა რუსეთის ოლიმპიური ნაკრების სასარგებლოდ გამოტანილი ვერდიქტის შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, იმ რუსი სპორტსმენების თითქმის 90 პროცენტი, რომლებიც თამაშებში მონაწილეობისთვის არიან წარდგენილნი, საბოლოოდ ოლიმპიადაზე ვერ მოხვდებიან.

თუმცა, ჯერჯერობით, The Telegraph-ის ინფორმაცია არაოფიციალურია. რუსული პრესის ცნობით, სავარაუდოდ, ოლიმპიური გუნდის შემადგენლობა განახევრდება, ოფიციალურად კი 28 ივლისს გვეცოდინება, რამდენი რუსი სპორტსმენი მიემგზავრება რიოში.

* * *
ამასობაში, რუსი სპორტსმენების რიცხვი ოფიციალურად მცირდება. შვიდ მოკვეთილ მოცურავეზე გუშინდელ ნომერში ვწერდით.

დიდი ალბათობით, რუსეთის ძალოსნობის ფედერაცია ერთწლიან დისკვალიფიკაციას მიიღებს საერთაშორისო ფედერაციისგან და შესაბამისად, რიოში ვერც ერთ რუს ძალოსანს ვერ ვიხილავთ.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, 2012 წლის ოლიმპიადის პრიზიორის რუსლან ალბეგოვის დოპინგ-სინჯმა დადებითი შედეგი აჩვენა. ეს სინჯი ლონდონის ზაფხულის თამაშებზე იყო აღებული.

22 ივნისს, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაცხადა, რომ რუსულ ფედერაციას ერთწლიან დისკვალიფიკაციას მისცემს, თუ 2008 და 2012 წლების ოლიმპიადების დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას, მინიმუმ სამი სინჯის შედეგი დადებითი იქნება. ალბეგოვამდე, ამ ოლიმპიადების სამი მონაწილე ჩავარდა დოპინგზე - ნადეჟდა ევსტიუხინა, მარინა შაინოვა და აპტი აუჰადოვა. ასე რომ, რუსეთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია გარდაუვალია.

* * *
დისკვალიფიცირებულ ძალოსნებს დაემატა ხუთი რუსი ნიჩბოსანი, რომლებიც კანოეთისა და კაიაკით ნიჩბოსნობაში გამოდიან. სპორტის ამ სახეობის საერთაშორისო ფედერაციამ არ გაუშვა რიოში ალექსანდრა დიაჩენკო, ელენა ანიუშინა, ნატალია პოდოლსკაია (კაიაკი), ანდრეი კრაიტორი და ალექსეი კოროვაშკოვი (კანოე), რადგან მათი გვარები ფიგურირებდა რიჩარდ მაკლარენის ანგარიშში.

კიდევ სამ რუს სპორტსმენს ვერ ვიხილავთ რიოში აკადემიური ნიჩბოსნობიდან. ესენი არიან: ივან პოდშივალოვი, ივან ბალანდინი და ანასტასია კარაბელშჩიკოვა. ისინი ადრე მხილებულნი იყვნენ ანტისადოპინგო წესების დარღვევაში.

გუშინ გამოცხადდა, რომ არ დაუშვეს ოლიმპიადაზე ხუთჭიდელები - მაქსიმ კუსტოვი და ილია ფროლოვი, რომლებიც ასევე მოხსენიებულნი არიან მაკლარენის ანგარიშში.

ბოლო ინფორმაციით კი, რიოში არ მიდის რუსეთის მამაკაც ფრენბურთელთა ნაკრების მოთამაშე ალექსანდრ მარკოვი, რომელსაც აპრილში ორგანიზმში მელდონიუმი აღმოუჩინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული