რიო 2016. ძიუდო: წილი ნაყარია - ქართველების მეტოქეები ცნობილია

AutoSharing Option
4 აგვისტოს გაიმართა ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის წილისყრა, რომელსაც ურიგოს ნამდვილად ვერ დავარქმევთ.

საინტერესო იყო, განუთესავ წონებში თავიდანვე ავცდებოდით თუ ვერა ფავორიტებს, ხოლო სხვა წონებში ჩვენს განთესილ ლიდერებს განუთესავთაგან ძლიერები ხომ არ შეხვდებოდნენ. ამ მხრივ მხოლოდ მძიმეწონოსან ადამ ოქრუაშვილს არ გაუმართლა, დანარჩენებზე კი აუგს ვერ ვიტყვით.

წილისყრამ ერთი სიურპრიზიც შემოგვთავაზა - ვაჟა მარგველაშვილი (66) განთესილებში აღარ იყო, თუმცა შედეგად გაცილებით იოლი ბადე შეხვდა, ვიდრე განთესვისას უწევდა.

ლაშა შავდათუაშვილს (73) და ვალერი ლიპარტელიანსაც (90) არ ერგოთ იოლი მეტოქეები, მაგრამ მათი რეიტინგიდან გამომდინარე,
ეს მოსალოდნელიც იყო.

60 კგ
ჩვენი პირველი მონაწილე ევროპის ჩემპიონი, მსოფლიოს მესამეპრიზიორი ამირან პაპინაშვილი 6 აგვისტოს ჭიდაობს.

ის ჯგუფში იაპონელთა მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოსთან მოხვდა, თუმცა მათი გზები მეოთხედფინალში იკვეთება, იქამდე მისვლა კი ჩვენებურს არ უნდა გაუჭირდეს. მას საამისოდ ჯერ კანადელი სერხიო პესოას დამარცხება მართებს, მერვედფინალში კი ტაივანელი მინ იენ ცაის, ლაოსელი სოუკპჰახაი სიტისანეს და ბულგარელი იანისლავ გერჩევის სამეულიდან უძლიერესი დაუპირისპირდება. ამათგან გერჩევი და ცაი მთლად ხელწამოსაკრავნი არ არიან, მაგრამ მათი ძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

როგორც გითხარით, მეოთხედფინალში სავარაუდო მეტოქეთა შორის ყველაზე წონადი ტაკატოა, ნახევარფინალში კი ამ ჯგუფიდან გასული კორეელთა ორგზის მსოფლიოს პრიზიორ ვონ ჯინ კიმის ჯგუფზე გადის. თუმცა იქვეა პაპინაშვილის ერთ-ერთი უხერხული მეტოქე, რუსთა ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ფინალისტი ბესლან მუდრანოვიც.

66 კგ
ევროპის წლევანდელ ჩემპიონ მარგველაშვილს ჯგუფში რუსთა მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი მიხაილ პულიაევი ჰყავს, თუმცა ის ნამდვილად არაა დაუმარცხებელი. სამაგიეროდ, ჩვენებურს ასცდნენ კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ბაულ ანი და იაპონელთა სამგზის მსოფლიოს გამარჯვებული მასაში ებინუმა.

ჩვენებური პულიაევს მეოთხედფინალამდე არ ხვდება, თუმცა ერთი სოლიდური კონკურენტი იქამდეც ჰყავს - ებრაელთა მსოფლიოს მესამეპრიზიორი გოლან პოლაცკი. ის მარგველაშვილს მეორე წრეში თუ შეხვდება, პირველში კი ქართველი სლოვენიელ ადრიან გომბოცს გაეჯიბრება. მარგველაშვილს პულიაევთან აქამდე არ უჭიდავია, პოლაცკისთან კი ორი წლის წინ დამარცხდა.

უკრაინელთა ქართველი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია მეორე ქვეჯგუფშია ებინუმასთან და მარგველაშვილს ფინალამდე ვერ შეხვდება.

73 კგ
ლაშა შავდათუაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დაცვას მეორე წრეში დაიწყებს, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადასა და ჩეხ იარომირ იეზეკს შორის მოგებულს გაეჯიბრება.

სავარაუდოდ, მათთან არ უნდა გაუჭირდეს და მერე მეოთხედფინალშიც გრიხინ-გრიხინით უნდა გავიდეს, რადგან მერვედფინალში რეგიონული კვოტით მოხვედრილ "ტურისტებთან", შრილანკელ ჩამარა რეპიალაგესა და ამერიკის სამოას წარმომადგენელ ბენჯამინ ვატერჰაუსს შორის მოგებულს ხვდება.

აი, მერე კი ჩვენს ოლიმპიურ და ევროპის ჩემპიონს უძნელესი მეტოქე ელოდება - იაპონელთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონო. იაპონელს ბადეში ისეთი არავინ ჰყავს, მანამ რომ შეაჩეროს. შავდათუაშვილი მას თუ გასცდება, ნახევარფინალში, შესაძლოა, კორეელთა მსოფლიოს პრიზიორი ჩანგრიმ ანი ან რუსი დენის იარცევი შეხვდნენ.

ერთი სიტყვით, შავდათუაშვილს ძალიან დიდი გმირობა მართებს ტიტულის დასაცავად.

81 კგ
განუთესავთაგან ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი მეტოქე ერგო ევროპის სამგზის და მსოფლიოს ჩემპიონ ავთანდილ ჭრიკიშვილს - კუბელი ივან ფელიპე სილვა მორალესი. ჩვენებური რეიტინგის ლიდერია და კუნძულელთანაც უპირობო ფავორიტია. ამ წონაში თუ ვინმეს არ გაუმართლა, ეს მორალესია, მაგრამ შეიძლებოდა, ჩვენებურს მასზე უფრო სუსტი შეხვედროდა და უფრო უკეთესი "მოთელვა" გამოუვიდოდა, ახლა კი საკმაოდ დატვირთული პაექრობა ექნება.

ამავე ჯგუფში არიან ბერძენთა ქართველი რომან მასტოპულოსი (რევაზიშვილი), ბელგიელი ევროპის ორგზის პრიზიორი იოახიმ ბოტიე და სერბი მსოფლიოს ფინალისტი სრდან მრვალჯევიჩი. ამათგან ჭრიკიშვილთან ყველაზე ახლოს მასტოპულოსია, ვინც მეორე წრეში გასასვლელად სალვადორელი ხუან დიეგო ტურციოსი უნდა დაამარცხოს, სხვები კი ჩვენს ლიდერს მეოთხედფინალამდე არ ხვდებიან.

ნახევარფინალში ჭრიკიშვილისთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში სხვებთან ერთად არიან ბულგარელი ევროპის მესამეპრიზიორი ივაილო ივანოვი, ამერიკელი ტრევის სტევენსი და ჰოლანდიელი ფრანკ დე უაიტი. ჩვენებურს ყველა დასახელებულ სავარაუდო მეტოქესთან დადებითი ბალანსი აქვს.

ჭრიკიშვილის ყველაზე საშიში მეტოქე, იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი ტაკანორი ნაგასე ბადის მეორე ნაწილშია და ქართველი მას ფინალამდე ვერ შეხვდება.

90 კგ
ევროპის სამგზის ჩემპიონ ლიპარტელიანის მხარესაა მისთვის უხერხული მეტოქე, რუსი კირილ დენისოვი, თუმცა იმავე ჯგუფშია არანაკლებ საშიში კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი დონჰან გვაკი. ოღონდ ქართველთან მათი გზები ნახევარფინალში იკვეთება, ჩვენებური კი ჯგუფში პირველ ბრძოლას ტაჯიკ კომრონშოკ უსტოპირიონთან გამართავს. მასთან წარმატების შემთხვევაში მეორე შეხვედრაში გამარჯვება ლამის გარანტირებული აქვს - მეტოქედ ასევე რეგიონული კვოტით გასულები, ნაურუელი ოვინი უერა ან ბელიზელი რენი ჯეიმსი ეყოლება.

განუთესავთაგან ამ ჯგუფში კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი და მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენიც მოხვდნენ, თუმცა ჩვენებურისთვის ყველაზე საშიში მეტოქე ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი გვგონია.

100 კგ
ბექა ღვინიაშვილი სადებიუტო ოლიმპიადას ბრიტანელ ბენჯამინ ფლეტჩერთან პაექრობით დაიწყებს, მის ჯგუფში კი ძლიერთაგან ერთგვარად უიღბლო ჰოლანდიელი, ევროპის სამგზის გამარჯვებული, მსოფლიოს სამგზის ფინალისტი და ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი ჰენკ ხროლი მოხვდა.

აქვეა ფრანგი ევროპის სამგზის მესამეპრიზიორი სირილ მარეც, თუმცა ღვინიაშვილი მათ მეოთხედფინალამდე არ ხვდება, ანუ, მინიმუმ, სანუგეშო წრეში გადასვლის შანსს მაინც შეინარჩუნებს. ოღონდ ჩვენებურს მეორე წრეშიც მძიმე ბრძოლა ექნება ბელგიელთა მსოფლიოს პრიზიორ ტომა ნიკიფოროვსა და ირანელ ჯავად მაჰჯუბს შორის მოგებულთან.

ამ ჯგუფიდან გასულს ნახევარფინალშიც სერიოზული კონკურენტი ეყოლება, რადგან მეზობელ ჯგუფში მსოფლიოს სამი ჩემპიონია: იაპონელი რიუნოსუკე ჰაგა, ჩეხი ტომაშ კრპალეკი და ყაზახი მაქსიმ რაკოვი.

+100 კგ
ადამ ოქრუაშვილს პირველივე წრეში მაინცდამაინც იაპონელი ჰისაიოში ჰარასავა არგუნა წილისყრამ! ამ წყვილში მოგებულს მეორე წრეში, შესაძლოა, აზერბაიჯანიდან მოჭიდავე უშანგი კოკაური დაუპირისპირდეს.

ქალები, 70 კგ
ქალებში ჩვენი ერთადერთი მონაწილე ესტერ სტამი განუთესავი იყო და ვერ ვიტყვით, რომ წილისყრამ დაინდო - მაინცდამაინც თანამემამულე ჰოლანდიელთან, ევროპის სამგზის ჩემპიონსა და მსოფლიოს მედალოსან კიმ პოლინგთან მოხვდა ჯგუფში.

აქვეა კანადელი კელიტა ზუპანჩიჩი, იაპონელი ჰარუკა ტაჩიმოტო, სტამი კი პირველ შეხვედრას მონღოლთა აზიის ჩემპიონ ნარანჯარგალ ცენდ-აიუშთან გამართავს. მას თუ მოუგებს, სტამი მერე ზუპანჩიჩს ხვდება, პოლინგი და ტაჩიმოტო კი მეოთხედფინალში თუ შეხვდებიან, ოღონდ მანამ ისინი ერთმანეთში იჭიდავებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
დადეთ ძიუდოს სტრიმი. მაგარი.... არიან პირველ არხზე
დათო
18:26 06-08-2016
0
რად გინდათ მარჩიელობა ეს ოლიმპიადაა და არა რომელიმე რიგითი მასტერსი. ოლიმპიადაზე რომ ყველაფერი ლოგიკას ექვემდებარებოდეს რინერი სამგზის ჩემპიონი იქნებოდა, მაგრამ არის? და ვინ სად გავა და გამოვარდება ეს არავინ არ იცის.
.........
18:44 06-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული