რიო 2016. ძიუდო: ორი დღე უმედლოდ - ვერც ტაკატოს ძლევამ გვიშველა [VIDEO]

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა ტურნირზე ორი დღე მიიწურა, ჩვენ კი ისევ უმედლოდ ვრჩებით.

ბრაზილიურ ტატამზე ევროპის ორი ჩემპიონი - ამირან პაპინაშვილი (60) და ვაჟა მარგველაშვილი (66) გავიდა. პაპინაშვილმა ყოჩაღადაც დაიწყო და იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ნაოჰისა ტაკატოს ძლევით დღის მთავარი სენსაციაც შემოგვთავაზა, მაგრამ მერე მიჯრით ორჯერ დამარცხდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილზე დარჩა, მარგველაშვილმა კი პირველივე წრეში წაგებით მცირე შოკი მიგვაღებინა.

როცა ტაკატოს უგებ...
მსოფლიოს შარშანწინდელი ბრინჯაოსმედალოსანი პაპინაშვილი ტურნირში ყოჩაღად ჩაება და კანადელ სერხიო პესოას ვაზარ-იუკოთი მოუგო, ბულგარელი იანისლავ გერჩევი კი დააიპონა.

აი, ამის შემდეგ მეოთხედფინალში შეხვდა ტაკატო, ვისაც თავიდან თანაბარი ბრძოლა გაუმართა, მერე თანდათან გაზარდა ზეწოლა, რაც გადაჩეხით დაასრულა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ამ შეხვედრებში პაპინაშვილი გახსნილად და თამამად ჭიდაობდა, ხოლო იაპონელთან შეხვედრის შემდეგ ვიფიქრეთ, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა და ყოველგვარი მორალური ტვირთი მოიხსნა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ვაი, რომ თურმე მწარედ ვცდებოდით, რაც ნახევარფინალში დადასტურდა რუს ბესლან მუდრანოვთან შეხვედრაში. აქ უკვე პაპინაშვილს აღარ ეტყობოდა წინანდებური შემართება, თითქოს დათრგუნვილი და მარცხს შეგუებული იყო. სავარაუდოდ, მას მძიმე ტვირთად დააწვებოდა მუდრანოვთან შეხვედრების უარყოფითი ბალანსი - ექვსი პაექრობა ჰქონდა მასთან წაგებული და მხოლოდ ერთი მოგებული. ასეა თუ ისე, ჩვენებურმა ერთი ხეირიანი შეტევაც ვერ განახორციელა, მთელი ის ხანმოკლე პერიოდი სრულ უპირატესობას მუდრანოვი ფლობდა, მეორე წუთის მიწურულს კი პაპინაშვილმა იოლად შეუშვა ილეთზე და იპონი!

თუმცა ჯერ კიდევ რჩებოდა ბრინჯაოს მოპოვების შანსი - საამისოდ კასპელ ფალავანს დამამშვიდებლის ფინალში უზბეკი დიორბეკ უროზბოევი უნდა დაემარცხებინა, ვისაც კარიერაში პირველად ხვდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენმა ფალავანმა ვერც ეს შეძლო.

არახალია, რომ მას ძალიან უჭირს აზიელებთან ჭიდაობა და ნავსი ვერც უზბეკთან გატეხა. თითქოს დიდი ჟინი არც აქ ეტყობოდა, თითქოს ვერც აქ გადაახტა საკუთარ თავს და ვერ მოინდომა სათანადოდ, შედეგად კი იუკოთი წააგო. დაგვეთანხმებით - საცოდაობაა, როცა ტაკატოს დონის ფალავანს უგებ და მაინც უმედლოდ რჩები.

ვფიქრობთ, ნახევარფინალი დილის ბლოკშივე რომ ჩატარებულიყო, პაპინაშვილს მოგების მეტი შანსი ექნებოდა, შესვენებაზე კი, ჩანს, დასვენების ნაცვლად ფსიქოლოგიურად უფრო გადაიღალა.

მარგველაშვილის შოკი
მარგველაშვილის წაგებას სლოვენიელ ადრიან გომბოცთან ძნელად თუ წარმოვიდგენდით, მაგრამ კიდევ უფრო ძნელი წარმოსადგენი იყო, თუ როგორ იოლად შეუშვა ილეთზე - როგორ დაუთმო ხელი და მორჩილად გადაჰყვა ხიდზე...

ჩვენებური მეტოქეს კარგად იცნობდა - სამჯერ იყვნენ ნაჭიდავებნი და აქედან ორჯერ ქართველმა იმარჯვა. წესით, მას კარგად უნდა ჰყოლოდა შესწავლილი მეტოქე, თუმცა, ეტყობა, სლოვენიელმა უკეთ შეისწავლა ის.

არადა, მარგველაშვილს ნახევარფინალში გასვლის მშვენიერი შანსი ეძლეოდა, რადგან გავარდნენ რუსთა მსოფლიოს ორგზის ფინალისტი მიხაილ პულიაევი და ებრაელი მსოფლიოს მედალოსანი გოლან პოლაცკი, ჩვენებურს კი, როგორც მერე გაირკვა, მეტოქეებად ზამბიელი მეთიუ პუნზა და კანადელი ანტოინ ბუხარდი ეყოლებოდა. სამაგიეროდ, ეს შანსი გომბოციმ გამოიყენა და ნახევარფინალშიც გავიდა.

ამასობაში გაირკვა, რატომ ამოვარდა მარგველაშვილი განთესილებიდან - მას დააკლდა ევროპის ჩემპიონობისთვის მოპოვებული 400 ქულა. ამის მიზეზი კი ყბადაღებული მელდონიუმია, რომელიც, თურმე, როგორც საქართველოს ანტიდოპინგურ სააგენტოში განგვიცხადეს, ევროპის ჩემპიონატზე აღმოაჩნდა (თუმცა ამის შესახებ აქამდე ოფიციალურად არავის არაფერი განუცხადებია). ოღონდ ეს იმდენად მცირე დოზა ყოფილა, დისკვალიფიკაციას არ ექვემდებარებოდა. თუმცა საკითხავია - მაშინ ის ქულები რისთვის დააკლეს?

ოღონდ მარგველაშვილს ამით არაფერი დაუკარგავს, რადგან განუთესავმა გაცილებით უკეთესი წილისყრა მიიღო, ვიდრე - განთესილს ექნებოდა. სხვა საკითხია, ეს შანსი რამდენად გამოიყენა.

სატურნირო ამბები
60 კილოგრამში გრძელდება რუსთა ჰეგემონია - წინა ოლიმპიადაზე არსენ გალსტიანმა გაიმარჯვა, ახლა კი ყაბარდოელმა ფალავანმა მუდრანოვმა მთელი ტურნირი დამაჯერებლად გაიარა და ისეთ ანგარიშგასაწევ ფალავნებს მოუგო, როგორიც ჰოლანდიელი ევროპის მედალოსანი ხეროენ მოორენი, კორეელთა მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი ვონ ჯინ კიმი და ყაზახი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი იელდოშ სმეტოვია.

ქალებში ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა არგენტინელთა მსოფლიოს შარშანდელმა გამარჯვებულმა პაულა პარეტომ. მასპინძლებს კი აშკარად ცივი წყალი გადაასხა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა სარა მენეზესმა - მეოთხედფინალში კუბელ დაიარის მესტრე ალვარესთან გაფრთხილებით წააგო, თუმცა საბოლოოდ მესამეზე მაინც გავიდა. ზოგადად, ბრაზილიელებს თავისმა ძიუდოისტებმა ჯერჯერობით იმედები გაუცრუეს.

ძიუდოისტთა ტურნირის ყველაზე დიდი მოულოდნელობა იაპონელთა წარუმატებლობაა - ჯერჯერობით ოქროს გარეშე რჩებიან. ეგ კი არა, ფინალშიც არ ჰყოლიათ მონაწილე და ოთხივე შემთხვევაში ბრინჯაოს დასჯერდნენ. თუმცა გუშინ ქალებში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი და აწ უკვე ორგზის ოლიმპიური ბრინჯაოსმედალოსანი მისატო ნაკამურა მსაჯებმა კი დაჩაგრეს კოსოვოელ მაილინდა კელმენდისთან შეხვედრაში. 25 წლის კელმენდი ქალთა ძიუდოს რინერად ყალიბდება - მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის გამარჯვებულმა ახალი ტიტულიც მიითვალა, თუმცა ყველაზე დიდი სენსაცია იტალიელი ფაბიო ბაზილეს გამარჯვებაა - ფინალში კორეელი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ბაულ ანი დაამარცხა. 21 წლის ახალგაზრდა შარშან პირველი ნიმერიც არ იყო თავის ნაკრებში...

66 კილოგრამში ნაადრევი ფინალი გაიმართა ნახევარფინალში ანსა და იაპონელ მასაში ებინუმას შორის. ეს შეხვედრა ქართველმა მსაჯმა ვლადიმერ ნუცუბიძემ განსაჯა და ანის გამარჯვებით დამთავრდა. საცოდაობაა, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ებინუმა ამჯერადაც ოქროს გარეშე დარჩა (წინა თამაშებზე მას შავდათუაშვილმა მოუგო). ის 26 წლისაა და ძალიან გაუჭირდება მიზნის ასრულება.

სამაგიეროდ, უზბეკთა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა რიშოდ სობიროვმა 29 წლის ასაკში მეორედ მოიპოვა ოლიმპიური ბრინჯაო. ეტყობა, მასზე არც წონის შეცვლა მოქმედებს (ადრე 60-ში გამოდიოდა) და არც - ასაკი.

დღეს ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს
დღეს ჩვენგან ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73) იჭიდავებს, ვინც ძალიან ძლიერ ჯგუფში მოხვდა. ჩვენებური პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი კუბელი მაგდიელ ესტრადასა და ჩეხი იარომირ იეჟეკის შეხვედრაში გაირკვევა.

ამათში მოგებულსაც თუ გასცდება, მერვედფინალში სუსტი მეტოქე შეხვდება - შრილანკელ ჩამარა რეპიალაგესა და ამერიკის სამოას წარმომადგენელ ბენჯამენ ვატერჰაუსს შორის უმჯობესი.

აი, მეოთხედფინალის სავარაუდო მეტოქეთა შორის კი მრისხანე იაპონელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი შოჰეი ონოა.

რიო 2016. ძიუდო
ვაჟები
60 კგ
1. ბესლან მუდრანოვი (რუსეთი); 2. იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი); 3. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია), დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი); 5. ამირან პაპინაშვილი (საქართველო).

66 კგ
1. ფაბიო ბასილე (იტალია); 2. ბაულ ანი (კორეა); 3. მასაში ებინუმა (იაპონია), რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი).

ქალები
48 კგ
1. პაულა პარეტო (არგენტინა); 2. ბოკიეონგ ჯეონგი (კორეა); 3. ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი), ამი კონდო (იაპონია).

52 კგ
1. მაილინდა კელმენდი (კოსოვო); 2. ოდეტა გიფრიდა (იტალია); 3. მისატო ნაკამურა (იაპონია), ნატალია კუზიუტინა (რუსეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Wamoit saxshi qve
Xxxxxx@
19:23 08-08-2016
0
გაიზრდებით და 4 წლის მერე გექნებათ მედლებიიიიიიიიიიიი
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული