რიო 2016. კალათბურთი: ხორვატებმა ესპანეთიც დაადუმეს

AutoSharing Option
როგორ დაამარცხა ლიტვის ნაკრებმა მასპინძელი ბრაზილია, გუშინდელ ნომერში მოგახსენეთ. მათთან ერთად B ჯგუფში კიდევ სამი მშვენიერი გუნდია - ხორვატია, არგენტინა და ესპანეთი.

ნიგერიას კი ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია რომ არ ექნება, არგენტინასთან მატჩში გამოჩნდა. სამხრეთამერიკელებმა აფრიკელებს 15 სამქულიანი ჩაუგდეს და 28 ქულის სხვაობით სძლიეს. არგენტინას საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს შეკრებილი და ძალიან საინტერესო იქნება მისი დაპირისპირება ევროპის ტოპ-სამ გუნდთან.

რაც შეეხება ესპანეთისა და ხორვატიის დუელს, ამ მატჩში ბევრი რამ თითქოს წინასწარ იყო გარკვეული - ევროპის მოქმედ ჩემპიონს ხორვატები უნდა დაემარცხებინა. თუმცა გემახსოვრებათ,
ხორვატიის ნაკრებმა ოლიმპიადის საგზური იტალიაში გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპზე როგორ მოიპოვა, ფინალში თვით მასპინძელი იტალიელები გააწბილა.

ბალკანელებთან ხუმრობა რომ არ შეიძლება, რიოშიც დავინახეთ. ცხადია, ესპანეთის ნაკრები, პაუ გასოლის წინამძღოლობით, სათანადოდ მიუდგა ხორვატიასთან შეხვედრას და თავიდანვე მოიპოვა მცირე უპირატესობა. მთელი 30 წუთის განმავლობაში პირენეელები ლიდერობდნენ და მეოთხე პერიოდს 7-ქულიანი უპირატესობით შეხვდნენ. თუმცა ბოლო რაუნდში ხორვატებმა სულ სხვა შემართებით ითამაშეს, სროლის სიზუსტემაც იმატა და ბაბიჩის ორქულიანით ესპანელებს გადაასწრეს კიდეც - 57:56.

ამის შემდეგ დადგა ბოგდანოვიჩისა და გასოლის სროლის სიზუსტეში გაჯიბრების დრო. ხორვატმა უფრო მეტი ჩააგდო, თუმცა გამარჯვების სამი ტყორცნა კრუნისლავ სიმონმა შეასრულა - ერთი ორქულიანი, ორი საჯარიმო ჩააგდო და ხორვატები საფინალო სირენამდე 17 წამით ადრე 71:67 დააწინაურა. ესპანელებს ვეღარც ჩერნოგორიული წარმოშობის მიროტიჩის სამქულიანმა უშველა.

B ჯგუფი
ხორვატია-ესპანეთი 72:70
13:21, 19:17, 15:16, 25:16
ხორვატია: ბაბიჩი (4ქ, 7მ), შიმონი (10ქ, 4პ), ჰეზონია (5ქ), შარიჩი (5ქ, 5მ, 5პ), უკიჩი (8ქ, 7მ), პლანინიჩი (11ქ), ბილანი (6ქ), ბოგდანოვიჩი (23ქ, 4პ)...
ესპანეთი: პ. გასოლი (26ქ, 9მ), როდრიგესი (10ქ, 7პ), რეიესი (5ქ), ლული (9ქ), მიროტიჩი (19ქ, 6მ)...
ნიგერია-არგენტინა 66:94
15:22, 16:28, 19:22, 16:22
ნიგერია: დიოგუ (15ქ, 13მ), ერე (14ქ), ოდიგე (11ქ), გბინიჟე (6ქ)...
არგენტინა: სკოლა (18ქ, 9მ), ჯინობილი (12ქ, 5პ), კამპაცო (19ქ, 5პ), ლაპროვიტოლა (7ქ), ნოჩიონი (10ქ, 6მ), გარინო (15ქ, 6მ)...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული