ლიპარტელიანი D ჯგუფში პირველ წრეში თავისუფალია, 1/16-ფინალში კი ტაჯიკ კომრონშოკ უსტოპირიონს ხვდება, მერვედფინალში გასვლისას კი მისი მეტოქე ნაურუელ ოვინი უერასა და ბელიზელ რენიკ ჯეიმსს შორის უმჯობესი იქნება.
ზოგადად, ჩვენებური არცთუ იოლ ჯგუფშია, რადგან ქვედა მხარეს მოხვდნენ კუბელი მსოფლიოს ჩემპიონი ეშლი გონსალესი, ჩვენი ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიელი ნოელ ვან ტ ენდი, უკრაინელთა აფრიკული წარმოშობის ქუანჯაუ ნჰაბალი და მონღოლი
მეორე წრეში ერთმანეთში იჭიდავებენ ვან ტ ენდი და მონღოლი, ხოლო ამ წყვილებში გამარჯვებულები უკვე მერვედფინალში დაეჭიდებიან ერთმანეთს. მოგებული ლიპარტელიანის მეტოქე გახდება მეოთხედფინალში.
საკმაოდ ძლიერია C ჯგუფიც, სადაც ჩვენებურის შესაძლო მეტოქე გაირკვევა ნახევარფინალში: კორეელთა მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი დონჰან გვაკი, რუსთა ევროპის ჩემპიონი და ლიპარტელიანისთვის მეტად უხერხული მეტოქე კირილ დენისოვი და ბრაზილიელთა მსოფლიოს ექსჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელი, 34 წლის ტიაგო კამილო (ეს უკვე მეოთხე ოლიმპიადას ჭიდაობს და წინა სამში მედლისთვის იბრძოლა, თუმცა ლონდონში ბრინჯაოსთვის შეხვედრა წააგო და მეხუთეზე დარჩა, სიდნეიში მეორე იყო, პეკინში კი - მესამე).
ამათგან ჯერ კამილოსა და დენისოვის გზები იკვეთება მერვედფინალში, თუმცა დენისოვს მანამ აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთანაც არ ექნება იოლი გასეირნება, აქედან გასული კი მეოთხედფინალი გვაკს დაეჭიდება.
ბადის ზედა მხარეს მოხვდნენ და ლიპარტელიანს ფინალამდე ვერ შეხვდებიან იაპონელი მაშუ ბაკერი, ბერძენთა ქართველი მსოფლიოს სამგზის, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი, შვედი ევროპის ჩემპიონი მარკუს ნიმანი და ფრანგი ალექსანდრ იდირი.
სტამი განთესილებში არ იყო და წილისყრის დიდი გულმოწყალების იმედი არც უნდა ჰქონოდა. აკი ჯგუფში თავის თანამამემულე ჰოლანდიელთან, ევროპის სამგზის ჩემპიონ კიმ პოლინგთან და იაპონელ ჰარუკა ტაჩიმოტოსთან მოხვდა.
თუმცა მათ მეოთხედფინალამდე ვერ ხვდება, თავის სადებიუტო ოლიმპიურ პაექრობას კი მონღოლთა აზიის ჩემპიონ ნარანჯარგალ ცენდ-აიუშთან ჩაატარებს. თუ მოიგებს, მერვედფინალში კანადელი პანამერიკის ოთხგზის გამარჯვებული კელიტა ზუპანჩიჩი ელოდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"