რიოს ოლიმპიადაზე შეგირდის გამოსვლის შეფასება ამჯერად სწორედ ბიბილაშვილს ვთხოვეთ, რომელიც გუშინწინ გამოეწერა საავადმყოფოდან - შავდათუაშვილის წარმატების ღამეს იმ სიხარულის ფონზე იყო თუ სხვა მიზეზით, თირკმლების მწვავე შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კენჭების დაშლის პროცედურა ჩაუტარ
- რამდენად ხართ კმაყოფილი ლაშას ამ გამოსვლით?
- ეს ძალიან დიდი შედეგია. წინა ოლიმპიადაზე გამარჯვება თავადაც ვერ აღიქვა, იმდენად პატარა იყო, ის წარმატებაც და ახლანდელიც ახლა უფრო აღვიქვით მანაც და მეც. თან, ლაშამ წონა შეიცვალა და ამის შემდეგ, ამხელა კონკურენციაში მედალი მოიპოვო, ცხადია, დიდი მიღწევაა.
- ოლიმპიადაზე როგორი განწყობით, როგორი გეგმით წავიდა?
- ძალიან კარგი განწყობით წავიდა. ამბობდა, ონოს უნდა მოვუგოო, თუმცა ის ისეთი სპორტსმენია, ამ ეტაპზე მაგის მოგება შეუძლებელია. ოღონდ ყველაზე დიდი წინააღმდეგობა მაინც ლაშამ გაუწია. იმედია, ცოტა დრო დაგვჭირდება მაგის დასამარცხებლად.
- ონოს გარდა, ორუჯოვის დამარცხებას არ ნატრობდა? ან - სხვებისას? დანარჩენებს არ მიიჩნევდა ძირითად კონკურენტებად?
- კი, როგორ არა, მათაც მიიჩნევდა კონკურენტებად, მაგრამ ამბობდა, რომ ყველასთან შეიძლება მოგება. ლაშა ოპტიმისტია და მუდმივად პირველობაზეა ორიენტირებული. ბავშვობიდან ასე იყო - გვარ-სახელს არ აქცევს ყურადღებას, შიშის განცდა არ აქვს და არაფერი. ერთადერთი, რაც ონოსთან დააკლდა, ფიზიკური მომზადებაა, რაც წონის შეცვლამ განაპირობა, თორემ სხვა ყველაფერი ხუთიანზე შეასრულა.
- თქვენი აზრით, მომავალში რის ხარჯზე უნდა მოუგოს ონოს, რაში უნდა გაძლიერდეს?
- ჩვენ ერთად ვაკეთებთ ვითარების ანალიზს. ამიტომ ლაშა რომ ჩამოვა ბრაზილიიდან, დავილაპარაკებთ ამ ყველაფერზე, თუმცა რაც შორიდან დავინახე, ონომ ფიზიკური მონაცემების ხარჯზე აჯობა. ჩავლებით აჯობა, ანუ ამან რამდენიც აუღო ჩავლება, იმდენი ჩაუშალა. კი, წონაც ამოქაჩა ლაშამ და საკმარის კონდიციამდე მივიდა, მაგრამ დროში ვერ ჩაეტია, მაინც არ ეყო ბოლომდე ეს დრო, რომ დაეწიოს და გაუსწროს ისეთ სპორტსმენს, როგორიც ეს იაპონელია.
ალბათ, მაჯებზე მუშაობა და ფიზიკური მომზადებაა საჭირო, თორემ დგომით, ფსიქოლოგიურად თუ სხვა ასპექტებში ლაშა ძალიან მაგრადაა მომზადებული. ონოზე მეტი თუ არა, არც ნაკლებია.
- დაახლოებით რა დრო დასჭირდება მაგ ხარვეზის შევსებას?
- ვფიქრობ, ლაშას შრომისმოყვარეობიდან გამომდინარე, მაქსიმუმ, 1 წელი მაინც დასჭირდება. სავარაუდოდ, მსოფლიოსთვის მზად უნდა იყოს, მაგრამ ბევრი შრომა და ბევრი ვარჯიში უნდა კიდევ, რათა აჯობოს ონოს. თუმცა არა მარტო მას, რადგან კონკურენტები სხვებიც არიან.
მაგალითად, კონკურენციის გაწევა იმავე აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვსაც თავისუფლად შეეძლო. უბრალოდ, ონოზე იქიდან გამომდინარე ვსაუბრობ, რომ მაგას მიიჩნევდა მთავარ ფავორიტად.
- როგორ მიგაჩნიათ, იმ სიძნელეების შემდეგ რის ხარჯზე მოიპოვა ეს წარმატება, რა თვისება გახდა გადამწყვეტი?
- ლაშა შეკრებიდან რომ დაბრუნდა, წასვლამდე 3-4 დღე გორში იყო და ეს დღეებიც კი არ გამოტოვა, მაინც ბოლომდე დაიხარჯა. იმის მიუხედავად, რომ ძლიერი შეკრება გაიარეს იაპონია-მონღოლეთში, მერე აქ გააგრძელეს ვარჯიში, ცხვირიც იტკინა და ამხელა ტრავმა ჰქონდა, მაინც არ შეუწყვეტია წვრთნა და დღეში ორჯერ ვარჯიშობდა. მეუბნებოდა, ნიკო მას, კიდევ მჭირდება, კიდევ მინდა დამატებაო.
უკვე იმ დონის პროფესიონალია, თვითონ იცის, რა სჭირდება, სად რა უნდა გააკეთოს, როდის უნდა გაჩერდეს, როდის მოუმატოს. ამის ხარჯზე მიაღწია ამ წარმატებასაც. ის კარგად გრძნობს საკუთარ ორგანიზმს, ასეთები კი ერთეულები არიან. წლეულს ის, ფაქტობრივად, ევროპის ჩემპიონი გახდა - ორუჯოვთან, რაც უნდა დავარქვათ მომხდარს, ამხელა კონკურენციაში უცებ ამოიზარდა.
- მისი ხასიათი არ გიხსენებიათ - ბოლომდე მებრძოლი, შემტევი, ჟინიანი ხასიათი. ეს თვისება თავიდანვე ახასიათებდა თუ მერე მოიტანა წლებმა და გამოცდილებამ?
- არა, მასში თავიდანვე ვხედავდი ამ კარგ თვისებას. ერთადერთი ნაკლი, რაც არ აქვს თანდაყოლილი, ფიზიკური კონდიციებია - გამხდარია. აი, მაგალითად, ბექა ღვინიაშვილი ბუნებრივად უფრო მძლავრია. ლაშამაც იცის, რომ ეს მისი ნაკლია და ამიტომ სულ ცდილობს, დაუმატოს, მოძლიერდეს. სულ ამბობს, მკლავებში მაკლია, ფეხებში მაკლია - თავის ნაკლს არ მალავს. პირიქით, მის გამოსწორებაზე მუშაობს და მუდმივად უმატებს.
- ამ წარმატების შემდეგ თუ შეეხმიანეთ ერთმანეთს?
- კი, რა თქმა უნდა. უფრო ინტერნეტში გვაქვს მიმოწერა, თორემ რომ ვურეკავ, ხშირად არ იღებს ტელეფონს. ამ დილითაც დამხვდა მისი წერილი, ჩემს ამბავს კითხულობდა.
თვითონაც ძალიან კმაყოფილია ამ მედლით. მეც მიმაჩნია და თვითონაც ამავე აზრზეა, რომ ეს ჩემპიონობის ტოლფასია. ის ჯერ 24 წლისაა, ყველაფერი წინ აქვს და ღმერთის წყალობით, ეს ოთხი წელიწადი ტრავმების გარეშე თუ ჩაივლის, ტოკიოში ამ შედეგს კიდევ უფრო გააუმჯობესებს.
ის მებრძოლია, ფსიქოლოგიურად ძლიერი, ხოლო ფიზიკურ მომზადებას ვარჯიში სჭირდება, შრომა კი არ ეზარება. თან ახლა ისეთ ასაკში შედის, როცა ორგანიზმი ზრდას ამთავრებს, დაღვინებისკენ მიდის. ლაშამ დაღვინებამდე მოიპოვა ამხელა შედეგები, ის ასაკი კი ჯერ კიდევ წინაა, როცა თავისი სიტყვა უნდა თქვას. ამიტომ მჯერა, რომ ძალიან დიდ შედეგებს მოიპოვებს. მთავარია, ტრავმებმა არ შეგვაფერხოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
რაც მაგან ზილის პაკრიშკები ათრია და.....