შეგირდებთან ერთად ატირებული მწვრთნელი - ინტერვიუ გურამ მოდებაძესთან

AutoSharing Option
ავთანდილ ჭრიკიშვილისა და ვალერი ლიპარტელიანის პირადი მწვრთნელი გურამ მოდებაძე ამბობს, რომ ძიუდოისტთა ოლიმპიური ტურნირის მიმდინარეობისას ორი დღე ტიროდა. როგორც ლიპარტელიანი ტიროდა, თურმე ისიც ისეთ დღეში იყო.

მან თავისთან, "შევარდენის" დარბაზში დიდი ეკრანიც კი მოაწყო, სადაც აპირებდა, პატარა შეგირდებთან ერთად ეყურებინა დიდი ოსტატების ტრიუმფისთვის... მდგომარეობიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარო და ეს რომ ასეა, სახეზეც ეგრევე შეატყობთ. მოგვიანებით ისიც მითხრა, ცოტა ძნელი სათქმელია, ამ ორიდან რომლის ჩემპიონობას უფრო ველოდი, მაგრამ ჭრიკიშვილის ხასიათიდან გამომდინარე, მისი ცოტა მეტად მეიმედებოდაო.

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადაზე ჩვენი
ნაკრების გამოსვლის შესახებ პერიოდულად შემოგთავაზებთ სხვადასხვა სპეციალისტის მოსაზრებებს, ამჯერად კი გურამ მოდებაძესთან ინტერვიუს გაგაცნობთ. მასთან მხოლოდ მის შეგირდებზე საუბრით შემოვიფარგლეთ, რადგან იმათი ავან-ჩავანი ყველაზე უკეთ მოეხსენება. ვფიქრობთ, მკითხველი მის ნაამბობში ბევრ საგულისხმოს ამოიკითხავს.

- რას ელოდებოდით თქვენი პირადი შეგირდებისგან და რამდენად შეძლეს მათ დასახული გეგმების შესრულება?
- მათთან მხოლოდ ბოლო ერთი კვირა მომიწია მუშაობამ, როცა იაპონიიდან დაბრუნდნენ და დასკვნით შეკრებას ყვარელში გადიოდნენ. მქონდა საუბარი, როგორ, რა სისტემით ივარჯიშეს იაპონიაში, რადგან იქ წასვლამდე მივეცი დავალება, კონკრეტულ მეტოქეებზე უნდა ემუშავათ.

სპარინგ-პარტნიორები არ ჰყავდათ წაყვანილი და მეეჭვება, არავინ დაუდგებათ სასპარინგოდ, რომ კონკრეტულად იმუშაონ რომელიმე კონკურენტზე. იქ მიდის სულ ჭიდაობები, მაგრამ ერთი რომელიმე შესვლა ხშირად გაგამეორებინონ, ამისთვის არავინ დაგიდგება, ყველას თავისი საქმე აქვს.

მათთან ვიყავი ადრე ანალოგიურ შეკრებაზე და ჭრიკიშვილი ყოველთვის ბრაზობდა, არავინ მეჭიდავებაო. ადრეც შემითავაზებია, რომ გამოგვეტოვებინა რომელიმე კონკრეტული შეკრება და აქ გვევარჯიშა დარბაზში. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, რადგან, რაც სპორტსმენს სჭირდება, ყველაზე უკეთ ასე, შიდა სამზარეულოში დაამუშავებ. გორელ მწვრთნელებს ამ მხრივ კიდევ უფრო უმართლებთ, რადგან უცხოეთიდან ჩამოსვლის შემდეგ იქაური ბიჭები სახლში მიდიან და გორში ვარჯიშობენ, თბილისელებისთვის კი საკითხი ისე დგას, რომ დიღომში, ძიუდოს აკადემიაში უნდა ივარჯიშონ, როცა ჩემს დარბაზში ყველანაირი პირობა მაქვს.

ჭრიკიშვილს ახლა აუცილებლად სჭირდება ინდივიდუალური მუშაობა, მან იმხელა ტრავმა მიიღო ამ ოლიმპიადაზე. მას პირველივე შეხვედრაზე შევატყვე, რომ ფსიქოლოგიურად ვერ იყო მზად.

- როგორც ვიცი, თქვენ ბოლო შეკრების იაპონიაში გავლასაც არ ეთანხმებოდით და ადგილზე მომზადებას ემხრობოდით. მართლაც ასე იყო?
- მართლაც გვქონდა ამაზე საუბარი - აქ, ჩემს დარბაზში, ამავე ოთახში ოთხჯერ იყო ჩვენი შეხვედრა სპორტსმენებთან, მაგრამ მათგან არ წამოვიდა ინიციატივა. ან, იქნებ, კიდეც წამოვიდა, მაგრამ დაიბლოკა მწვრთნელებისგან.

სულ ვამბობდი, რომ არ მეძლევა ჩემს სპორტსმენებთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება. იქნებ მითხრან, ვინ გიშლისო, მაგრამ როგორ უნდა ვიმუშაო: თვენახევრით საზღვარგარეთ მიდიან შეკრებაზე, მერე ჩამოდიან, მაგრამ სპორტსმენი რკინა ხომ არაა, დასვენება უნდა. ერთი კვირა გაჩერდებიან და მერე ისევ მიდიან შეკრებაზე, ან დასკვნითი ეტაპია, სადაც სათანადოდ ვერ იმუშავებ.

იმავე ყვარელში ხუთი ვარჯიში ჩავატარეთ - გვაკის და ნაგასეს საწინააღმდეგოდ ვმუშაობდით, მაგრამ ეს არაა საკმარისი. სპორტსმენისთვის მთავარია ინდივიდუალური მუშაობა და ფსიქოლოგია. განა შეიძლება, ერთმა კაცმა იცოდეს ყველაფერი და ის ასრულებდეს ყველა ფუნქციას? კიდეც რომ იცოდეს, შვიდს ერთად მაინც ვერ მოამზადებს.

თავის დროზე იყო საუბარი, რომ მეც მემუშავა ნაკრებში, მაგრამ ჩემი კანდიდატურა დაიბლოკა მწვრთნელებისგან. არადა, მაშინ საკმარისი დრო იყო სამუშაოდ. უზნაძესაც შევხვდი და ვუთხარი, რომ ამის უკან არანაირი გარიგება არ დგას და მხოლოდ მისი დამხმარე ვიქნებოდი, მაგრამ არ ისურვეს და ხომ ვერ დააძალებ. კიდეც რომ დაეძალებინა, ამას მოჰყვებოდა მწვრთნელების გაფიცვა, არც ერთი არ შევიდოდა დარბაზში და ძიუდოში ახალი სკანდალი მოხდებოდა.

- რაც წეღან ბრძანეთ ერთობლივ შეკრებაზე, შენს ჭკუაზე იქ არავინ გეჭიდავებაო, ღირდა კი საერთოდ მოსამზადებლად წასვლა უცხოეთში?
- ამ შეკრებებს თავისი დატვირთვა აქვს და იქ სპარინგებიც არის, მაგრამ შენ სხვას ვერ დაავალებ, ამის დამუშავება მინდა და მოდი, დამიდექი და მამუშავეო. კიდევ ვიმეორებ - ეს პროცესი შიდა სამზარეულოში უნდა მიდიოდეს. აიყვანე სპარინგები, დარბაზები არის, მოიყვანე სხვა ბიჭები და ამუშავე.

- ჭრიკიშვილის ჯანმრთელობაზე თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, იყო კი ბრაზილიაში სრულად გამოჯანმრთელებული? ვიცით, რომ ფეხი სტკიოდა.
- ეს პრობლემა მას ჯერ კიდევ იაპონიაში წასვლამდე ჰქონდა - მუხლი სტკიოდა, რაც ევროპის ჩემპიონატიდან მოსდევდა. ყაზანში, ევროპის პირველობაზე მოთელვისას მიიღო ტრავმა, ჩაულურჯდა ანუ სისხლჩაქცევა ჰქონდა. ამის მიუხედავად, მაინც იჭიდავა, რადგან რწმენა აქვს ასეთი, მაინც მოვიგებო. სხვათა შორის, ახლაც ასე იძახდა, ოლიმპიადის წინ. თუმცა ყაზანში პირადი პირველობა რომ დამთავრდა, მერე კი აღიარა, რომ ძალიან აწუხებდა.

ჩემი რჩევით, იქ გუნდურში არ უნდა ეჭიდავა - წინა დღეს ვესაუბრე და ასე შევთანხმდით. პირველ შეხვედრაში მართლაც არ გამოსულა, გიორგი პაპუნაშვილმა იჭიდავა, მაგრამ მეორე პაექრობაში ბერძნებთან დავინახე, რომ შემადგენლობაშია. მერე მითხრა, ტრიბუნებიდან ჩამომიყვანესო და გახსოვთ, როგორ წააგო ის ორთაბრძოლა მასტოპულოსთან. ფაქტობრივად, მოკვდა ტატამზე.

ცოტა ავთოზეც ვბრაზობ - როცა რამეს იტყვი, ის უნდა შეასრულო კიდეც. ხომ შეიძლებოდა, ამას კიდევ უფრო უარესი შედეგი მოჰყოლოდა?

იაპონიაში წასვლამდე თითქოს კი მოურჩა მუხლი, მაგრამ იქ ჩასვლიდან მეორე თუ მესამე დღეს ისევ გაუმიზეზდა. ეს უფრო მძიმე შემთხვევა იყო, რადგან მუხლიდან სითხე გამოუღეს და ანთების საწინააღმდეგო სითხე შეუშვეს. ამის მიუხედავად, მაინც იყო ძველი რაღაც დარჩენილი, რომელიც მუხლის მოხრას უშლიდა, ბოლომდე ვერ ხრიდა და სულ ფრთხილობდა, აზღვევდა ამ ფეხს. ორი დღე დაასვენეს და მერე ისევ გააგრძელა ვარჯიში.

ევროპაზე მხარიც აწუხებდა, ერთი პერიოდი მოურჩა, მაგრამ საოლიმპიადოდ ისევ გაუმიზეზდა, თუმცა მისი მთავარი პრობლემა მუხლი იყო.

- ჭრიკიშვილი ჩავლებებსაც ვერ იღებდა, რაშიც მუხლი ხელს ვერ შეუშლიდა. ეს რისი ბრალი უნდა ყოფილიყო, გადაღლილობის ხომ არა?
- ზუსტ მიზეზს ვერ გეტყვით, არ მისაუბრია მასთან. ისე, ვფიქრობ, მასზე ცუდად იმოქმედა აქეთ-იქით სიარულმა. იაპონიიდან თბილისში რომ დაბრუნდნენ, ლიპარტელიანს დასვენებაც კი დასჭირდა, ვერ იყო კარგად. ეტყობა, აკლიმატიზაციამ ცუდად იმოქმედა ბიჭებზე. ავთომ ერთი ვარჯიში კი ჩაატარა, მაგრამ მერე მასაც დასჭირდა დასვენება. ის ვერ იტანს ასე შორეულ მოგზაურობას. თან კუჭ-ნაწლავის პრობლემა ჰქონდა, რომელმაც თითქოს გაუარა, მაგრამ რეჟიმი, წონის დაკლება მაინც მოქმედებს.

თუმცა, კიდევ ვიმეორებ - ზუსტ მიზეზს ამჯერად ვერ გეტყვით, საამისოდ ავთოსთანაც მჭირდება გასაუბრება.

- გამოდის, მთელ მოსამზადებელ პერიოდში ის სერიოზულად ყოფილა ავად და ტრავმირებულის ჭიდაობას არ სჯობს, რაღაც ტურნირები გამოატოვებინონ და სრულად მოარჩინონ?
- ამიტომ ვამბობ, რომ ასეთი საკითხები ერთპიროვნულად არ უნდა წყდებოდეს, პირადი მწვრთნელი საქმის კურსში უნდა იყოს. სპორტსმენს სურს, რეიტინგში პირველი იყოს, მუდამ წარმატება ჰქონდეს, მაგრამ, შეიძლება, ყველაფერს ვერ ითვალისწინებდეს.

ბევრმა ახლაც არ იჭიდავა ტურნირები, არც განთესილებში ყოფილა, მაგრამ გამოვიდა და ჩემპიონი გახდა. მაგალითად, 66-ში იტალიელი ფაბიო ბაზილე განთესილებში არ იყო. 90 კილოგრამში იმ ჩინელსაც არავინ მიიჩნევდა ფავორიტებში.

2 თუ 3 წლის წინათ, ქევხიშვილი ექსპერიმენტსაც სთავაზობდა, გამოვტოვოთ ევროპა და მსოფლიოსთვის მოვემზადოთო... თუმცა იმათიც მესმის, რადგან ევროპაზე გამოუსვლელობით გარკვეულ რამეებსაც ჰკარგავდნენ.

- ხომ არ გეჩვენებათ, რომ ჩვენი ძიუდოისტები ზედმეტად გაერთნენ პრემიების დათვლაში?
- თანხა არავის არ აწყენს, მაგრამ როცა მარტო ამაზე ფიქრობ, ჩავთვალოთ, რომ შედეგი ნაკლებია. რაც უფრო თავდაღუნული იმუშავებ, წარმატებაც მეტია და დაფასებაც.

- ჭრიკიშვილმა რატომ ვერ მოახერხა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში, კონცენტრაცია. მას ხომ არა აქვს გადამწყვეტი შეხვედრის კომპლექსი? მით უფრო, ჩიტი ბდღვნადაც უღირდა - არ აქვს ოლიმპიური მედალი?
- ამბობენ, რომ ფინალში გასვლა უფრო ადვილია, ვიდრე - ბრინჯაოსთვის ჭიდაობა. ავთოს შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა, თუმცა მსგავსი მაგალითები სხვაც ბევრია. ის იმდენად მოშლილი იყო, დარწმუნებული ვიყავი, ბრინჯაოს ვერ მოიპოვებდა, ფსიქოლოგიურად მოიშალა. ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა ამ წაგებაში.

- ლიპარტელიანი ძალიან კარგად იყო მომზადებული და გვაკთან სამაგალითო შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ, თქვენი აზრით, რა დააკლდა ფინალში - ისევ ფსიქოლოგიაა დამნაშავე?
- მას რამდენჯერმე ვუთხარი, რომ ფსიქოლოგია არაა მარტო 2-3-დღიანი მუშაობა. ფსიქოლოგები წამყვან გუნდებს წლიდან წლამდე თან დასდევენ. სულ ვამბობ, რომ როცა გამოიკვეთება ოლიმპიური გუნდის ბირთვი, ორი თუ არა, ერთი წელიწადი მაინც ფსიქოლოგი გვერდით უნდა ჰყავდეს. მან შინაგანად უნდა ამოიცნოს, რა და როგორ სჭირდება სპორტსმენს.

ღრმად მწამს, ლიპარტელიანს რამდენიმე სეანსი რომ ჰქონოდა, სხვანაირად წარმართავდა შეხვედრას. სხვათა შორის, ადრე დადიოდა ერთ ფსიქოლოგთან და ძალიან კმაყოფილიც იყო. იმ სპეციალისტთან მანამდე ქევხიშვილიც დადიოდა და გამოიყვანა კიდეც მდგომარეობიდან. ლიპარტელიანსაც ეს სჭირდება. აქ როცა 3-4 დღით ჩამოდის, ძნელია ყველაფრის მოსწრება. თუმცა მოთხოვნა თუ იქნება, ფედერაცია მზადაა, უცხოეთშიც გააყოლოს ნაკრებს ნებისმიერი სპეციალისტი.

- თქვენი აზრით, თავისი საუკეთესო ჭიდაობით რა შანსი ჰქონდა ბეიკერთან და როგორ უნდა ეჭიდავა მასთან?
- ის ძალიან კარგად იცნობს ბეიკერს. უნდა ეჭიდავა ჩავლებით და მოერიდებინა მარცხენა ფეხი, რომელზეც აკეთებს გამოკვრას. ბეიკერისგან რაც უფრო შორს იქნები, მით უფრო აწყობს. ყვარელში მზადებისას მთელი აქცენტი გვაკზე გვქონდა გადატანილი. მასთან ახლოს უნდა ეჭიდავა და მთელი ორი წუთი ეაქტიურა, ამასობაში კი ან უნდა დაეგდო, ან - გაეფრთხილებინა, რადგან დაცვით იცავს თავს. მთელი აქცენტი გადასასვლელ შეხვედრაზე გვქონდა გადატანილი, რადგან ვიცოდით, რომ იქ კორეელი ხვდებოდა. ვალერიმ ეს ამოცანა კარგად შეასრულა და ორი ვაზარიც აუღო. ბეიკერთანაც ამ სტილში უნდა ეჭიდავა.

- ყვარელში ბეიკერზე არ გიმუშავიათ?
- იქ ძირითადი აქცენტი გვაკზე გვქონდა გადატანილი, რადგან ბეიკერს კარგად იცნობდა, კორეელზე კი თვითონაც ამბობდა, მიჭირს ჩავლების გაშვებაო. ცხადია, ყველაზე ვმუშაობდით, თუნდაც იმავე ჰოლანდიელ ვან ტენდზეც, მაგრამ მთავარი კორეელი იყო, რომელიც უმნიშვნელოვანეს ეტაპზე გვხვდებოდა - ნახევარფინალში.

- თქვენი აზრით, გაამართლა ინდივიდუალურმა მიდგომამ, როცა სპორტსმენები ხშირად თვითონ ირჩევდნენ, სად გაევლოთ შეკრება და მათ პერსონალურადაც კი აგზავნიდნენ სავარჯიშოდ, თუ აჯობებს, მთელი ნაკრები მკაცრ ჩარჩოში მოექცეს და ერთიანი გეგმით ემზადებოდეს?
- აი, რუსეთის ნაკრებში ეციო გამბა მთავარი მწვრთნელია, მაგრამ გინახავთ ის შეხვედრისას სადმე სეკუნდანტად? ან იაპონელების ჭიდაობისას რამდენად ხშირად ხედავთ კოსეი ინუეს? მეზობელ აზერბაიჯანელებთანაც პეტერ ზაიზენბახერი იშვიათად ჩნდება. იქ განაწილებული აქვთ მსუბუქი და მძიმე წონები ცალკეულ მწვრთნელებს.

იაპონიაშიც რომ ვიყავი, იქაც ასე იყო დანაწილებული. ერთ დღეს მოდიან მწვრთნელები და "პარტერისტი" ამ კომპონენტში ამუშავებს, მძიმეწონოსნებს იამასიტა ყოველ შაბათს ამოსმულზე ელაპარაკება და თან ეკრანზე თავის ილეთებს აჩვენებს. ასევე სხვა ავტორიტეტული ფალავნებიც საკუთარ ილეთებზე ელაპარაკებიან - აი, ესაა ინდივიდუალური მუშაობა.

მოგვიანებით ლიპარტელიანი შეეკითხა ჰაგას და იმან უპასუხა, რომ წელიწადში დაახლოებით სადღაც ბაზაზე თითო კვირით მიდიან ინდივიდუალურად სამუშაოდ. აქაც შეიძლება, მწვრთნელებს ასე გაუნაწილო საქმეები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოლიმპიადაზე შეატყობდი აბა ფსიქოლოგი და განწყობა რა ვიცით რა არის! დღევანდელი სპორტი მარტო ფიზიკა რომ არ არის დღეს გავიგეთ ? აღდგენითი პროცედურები,ფსიქოლოგია და შემდეგ ის რაც ჩვენ ქართველებს გაგვაჩნია-ფიზიკური მონაცემები! ჩრიკის,გენოს აქვთ იმხელა სპორტული მონაცემები რომ ოქროს შეწვდნენ თავისუფლად სწორად მიდგომის შემთხვევაში!სპორტული მედიცინის ცენტრი გახსენით საქართველოში და მძლეოსნობას მიხედეთ პირველ რიგში! სუნთქვა და ფსიქოლოგია! მე ესე მესახება საქართველოში პრობლემურად და ამის შემდეგ ორმაგად მოვითხოვოთ და იქნება კიდეც :DDD
levani
21 აგვისტო 2016 01:05
1
არაფერი ასატირეელი არ არის, ჭრიკიშვილი ერთ-ერთი უდიდესი ძიუდოისტია , მსოფლიოს მაშტაბით, კაცს ყველაფერი მოგებული აქვს, ლიპარტელიანის გამოსვლა ძალიან წარმატებული იყო, მან ვერცხლი აიღო. კუდაბზიკა ქართველებისთვის არ არის საკმარისი ის რაც საკმარისი უნდა იყოს. მეც მენდოდა ოქრო, მაგრამ ჩვენი ფალავნების გარდა, სხვებმაც იციან ჭიდაობა
lasha19
20 აგვისტო 2016 23:12
0
პირადი მწვრთნელები რომ წაეყვანათ, ის უკეთესი იქნებოდა ,ვიდრე პრეზიდენტი ჩავიდა თავისი ამალით და მილიონი დახარჯეს ბიუჯეტიდან, იმიტომაც ანახეს სახელი ძიუდოისტებმა...ასეა ჩემობაბაიებო პური მეპურემ უნდა წვას და არა პრეზიდენტმა!!!
goderdzi
20 აგვისტო 2016 22:03
0
მეგობრებო ყური უგდეთ პროფესიონალებს, რა თქმა უნდა ბატონმა გურამმა და პირადმა მწვრთნელებმა მშობლებივით უფრო ბევრი რამ იციან თავისი აღსაზრდელის თავისებურებების შესახებ? ვიდრე თუნდაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. მე ვფიქრობ ყველა მონაწილეს უნდა ახლდეს თან თავისი პირადი მწრვთნელი შებიბრებებზე (დელეგაციაში ამდენი მუქთად მოსიარულე ხალხის მაგივრად უმჯობესია მწვრთნელები დადიოდნენ). იმედია ბატონი გურამის ანალიზს გაითვალისწინებენ სპორტის მესვეურები და მომავალ შეჯიბრებებზე უფრო დიდ შედეგებს მივაღწევთ.
გულშემატკივარი
20 აგვისტო 2016 20:13
0
გურად -100%! სუსტად ამას ვთხოვდი სპორტის დეპარტამენტს-დოლაბერიძეს...დაასვენეთ ბიჭები და საქართველოში ივარჯიშეთ ინდივიდუალურად.
გია თუთბერიძე
20 აგვისტო 2016 11:25
0
guram martali xar 100% it zustad eg aklia bichebs shen dzalian bevri gesmis da yvela vinc modis modioda izrdeboda 90% sheni moscavleebi qevxishvilic sheni gazrdilia da gujejianic da cota meti yuradgeba martebt mogaqcion sheni gazrdilebi arian
ebelashvili zezva
20 აგვისტო 2016 10:33
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული