ლერი ხაბელოვი: მოვდივართ, მოგვიხარია...

AutoSharing Option
[თენგიზ გაჩეჩილაძე რიოდან]
რიო დე ჟანეიროში დამთავრდა XXXI ოლიმპიური თამაშები. მსოფლიოს ამ უდიდესმა სპორტულმა დღესასწაულმა ჩვენს პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს, ბუნებრივია, დიდი სიხარული მოუტანა. განსაკუთრებით, იმ ქვეყნების მცხოვრებლებს, რომელთა წარმომადგენლები შინ ჩემპიონებად და პრიზიორებად ბრუნდებიან. ცხადია, 200-ზე მეტი ქვეყნიდან ოლიმპიურ მედალს ყველა ვერ დაიმსახურებდა, მაგრამ მათ შორის, ვინც ეს მოახერხა, საქართველო ამჯერადაც ღირსეულადაა წარმოდგენილი.

რიოში ოლიმპიადის ფარდის დაშვებისთანავე ვესაუბრეთ 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, ამ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელს,  ლერი ხაბელოვს.

- ბატონო ლერი, ყველაფრის დაწვრილებით
განსჯა-შეფასების დრო წინ არის, მაგრამ აქვე გკითხავთ, როგორია თქვენი საერთო შთაბეჭდილება, საქართველოს სპორტსმენთა გამოსვლის თქვენეული შეფასება?

- შემიძლია თამამად გითხრათ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი, რომელიც აისახა დევიზში - "რიოში უკეთ, ვიდრე ლონდონში!" რეალობადაა ქცეული. ყველაფრის ამოსავალი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის!

- მოპოვებული ლიცენზიების რაოდენობითაც გადააჭარბეთ ლონდონში გამართულ ოლიმპიადას...
- ესეც თავისთავად მიღწევაა, თუმცა ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ხარისხის გაუმჯობესება - ოქროს მედლები მაქვს მხედველობაში. მიღწეული სრულიად საქართველოს გამარჯვებაა!

- როგორ ფიქრობთ, შეიძლებოდა მეტი ქართველი გვეხილა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე?
- რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ამას თამაშების წინ გვარებით, საჯაროდ არ ვაკონკრეტებდით და ეს გასაგებია. სპორტია, ოლიმპიური თამაშებია, ყველაფერია მოსალოდნელი. მთავარია, რომ მისაღწევს, შესაძლებლობების გათვალისწინებით, საერთო ჯამში, მივაღწიეთ.

რა თქმა უნდა, იყო მეტის შანსი, მაგრამ იმედგაცრუებაზე ახლა არა, მიზეზების ცივ გონებაზე ანალიზის შემდეგ ვილაპარაკოთ. ბევრი რამ გვაქვს კრიტიკულად გასაანალიზებელი. ჩვენმა ხალხმა ყველაფერი უნდა იცოდეს და ვინც ქართული სპორტის სამსახურში ვდგავართ, ვალდებულები ვართ, გულწრფელები ვიყოთ ყველაფერში.

- გენო პეტრიაშვილზე მაინც გკითხავთ...
- ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მოხდა. გენოს უკეთ უნდა ეჭიდავა. მესამე ადგილისთვის ბრძოლას რომ სპორტსმენი ნახევარ წუთში ასეთი უპირატესობით მოიგებს, მას მეტი მოეთხოვება.

- სადაც მედალი მოვიპოვეთ, გასაგებია. სპორტის სხვა სახეობებში ჩვენი ოლიმპიელების შედეგებზე რას იტყვით?
- მხოლოდ კარგს ვიტყვი, მათ მიმართ ქებას და თბილ სიტყვებს არ დავიშურებ. ჩინებულად დაიწყო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, შთამბეჭდავად კარგად, შეიძლება თამამად ითქვას, ძალიან კარგად იასპარეზა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ. ალბათ, დამეთანხმებით, რომ კანოეში ზაზა ნადირაძე ნამდვილი აღმოჩენა იყო. შესაძლებლობის მაქსიმუმით დაამთავრა გამოსვლა ბატუტზე ხტომაში ლუბა გოლოვინამ. ამ სპორტსმენებმა გრანდებთან ჭიდილში გამოიჩინეს თავი, ეს უკვე დიდი საქმეა, სტიმულის მიმცემია ახალგაზრდებისთვის.

სხვებმაც ყველაფერი გააკეთეს და მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი შესაძლებლობები. ასე რომ, მადლობას ყველა იმსახურებს.

- ნადირაძე ახსენეთ, როგორც აღმოჩენა. ამაში ყველა დაგეთანხმებათ. ამბობენ, თითქოს ამ ბიჭის მზადებას ოლიმპიური თამაშებისთვის გარკვეული პრობლემები ახლდა...
- ვინ რას გულისხმობს, ვერ გეტყვით. ჩვენი მხრიდან ყურადღება ამ ნიჭიერ სპორტსმენს, როცა მისი შესაძლებლობები აშკარად გამოიკვეთა, ნამდვილად არ დაჰკლებია. მას ბრწყინვალე მომავალი წინ აქვს და კვლავაც ყველაფერს ვიღონებთ, ბოლომდე გამოავლინოს თავი სპორტულ სარბიელზე.

- რაკი კმაყოფილებას გამოთქვამთ და რიოში ჩვენი ოლიმპიელების გამოსვლას დადებითად აფასებთ, საინტერესოა, თქვენგანვე მოვისმინო, თუ რამ განაპირობა წინსვლა?
- თავის ქებაში რომ არავინ ჩაგვითვალოს, გეტყვით მოკლედ: ეს იყო ოლიმპიური კომიტეტის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ფედერაციების, მთავრობის და საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნესკომპანიების, შეთანხმებულად, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით ერთი მიზნით მოქმედების შედეგი. იმედი უნდა გაგვემართლებინა. დაწვრილებით ყველაფერზე, სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, სხვა დროს ვილაპარაკებთ.

- როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, კმაყოფილი დარჩით ოლიმპიადის ჩატარების ორგანიზაციით?
- ასეთი გრანდიოზული და ავტორიტეტული ასპარეზობის მასპინძლობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. პატარ-პატარა პრობლემები თავს ყოველთვის იჩენს ხოლმე, განსაკუთრებით, პირველ დღეებში. სპორტული თვალსაზრისით, ამ თამაშებზე სერიოზული შეფერხება არ ყოფილა. ოლიმპიადაზე, მთლიანობაში რომ ყველაფერი კარგად იყოს, თითოეულ დელეგაციაში უნდა სუფევდეს იდეალური წესრიგი და საერთო ინტერესებისადმი გულისხმიერება. ეს ვალდებულებაა, რომლის განუხრელად შესრულება ყველას ევალება.

- როგორი მდგომარეობა იყო ჩვენს დელეგაციაში?
- შემიძლია გითხრათ, იდიალური. ყველამ იცოდა თავისი საქმე და ზედმიწევნით კარგადაც ართმევდა თავს მოვალეობას. ყოველ საღამოს ვიკრიბებოდით და თათბირებზე ვაჯამებდით დღის შედეგებს, როგორც სპორტული, ისე ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით, ვადგენით მომდევნო დღის სამუშაო გეგმას.

- ბუნებრივია, საქართველოში მოუთმენლად მოელიან ჩვენი ოლიმპიელების დაბრუნებას. თბილისში როდის ჩაფრინდებით?
- თბილისის აეროპორტში ვიქნებით 25 აგვისტოს, გამთენიისას.

- "მოვდივართ, მოგვიხარია"... გახსოვთ, ალბათ, ეს სიტყვები ერთი ცნობილი ქართული სიმღერიდან. შეგიძლიათ მიმართოთ ახლა ამავე სიტყვებით საქართველოს რიოდან?
- აუცილებლად. ეს მართლაც ასეა. ახლა ყოველგვარი ემოციის გარეშე, ოლიმპიადიდან სამშობლოში დაბრუნების წინ ხმამაღლა ვამბობ: დიახ, მოვდივართ, მოგვიხარია! გჯეროდეთ ყველას, რომ წინ გველის ახალ-ახალი წარმატებები. ყველგან გამარჯვებით გვევლოს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 19 /
არ ვიცი რა სწორ მიდგომებზეა საუბარი, მე სპორტის მოყვარული ვარ და სპეციალისტი. ეთიოპია, კენია და ა.შ. ქვეყნების სპორტსმენები ტრადიციულად საშუალო და გრძელ დისტანციებზე სირბილს იგებენ, იამაიკა სპრინტს. ეს ყველაფერთან ერთად მათი სპორტსმენების ანატომიურ და ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზეა დამოკიდებული, თორემ მაშინ მათ აშშ, ჩინეთი და ევროპული ქვეყნები მოუგებდნენ. რაც შეეხება სლოვენიას, დანიას და ა.შ. არა მგონია ჩვენ სახელმწიფოს დღეს ჰქონდეს იმის საშუალება , რომ მათი თანაბარი სახსრები ჩადოს სპორტში. მე თუ მკითხავთ თანხები უპირველესად ბავშვთა სპორტსკოლებში უნდა ჩაიდოს, საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ბავშვთა მწვრთნელები უნდა მოვიწვიოთ და გავზარდოთ მომავალი ჩემპიონები თანამედროვე ცოდნაზე დაყრდნობით და არ მოვინდომოთ საოცარი შედეგები დღესვე და ყველაფერში.
კოტეს
11:55 23-08-2016
0
ცურვა არასდროს ყოფილა ჩვენთვის მაღალი შედეგების მომტანი და არც კრივში გვყოლია ოლიმპიური ჩემპიონი ასე რო კრივის დაბალ დონეს თავისი ობიექტური მიზეზებიც ახლავს დიდი კონკურენციაც არის მსოფლიოში დიდი მაფიაც ტრიალებს მანდ და დიდი ფულიც.სახელმწიფო იმას აკეთებს რისი საშუალებაც დღეს არის და ვისაც უფრო მეტი უნდა იმას კიდე რეალობასთან შეგუებას ვურჩევ რადგან თუ რეალობას მოწყდები იმასაც დაკარგავ რაც გაქ.
qutaiseli
11:25 23-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული