ქართველი პარალიმპელების ისტორიული შანსი - დღეს რიოში პარალიმპიადა იწყება

AutoSharing Option
დღეს რიო დე ჟანეიროში პარალიმპიადა იწყება, რომელშიც საქართველოდან ხუთი პარასპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური (90), პარამშვილდოსანი ვანო წიკლაური, ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი, ძალოსანი აკაკი ჯინჭარაძე და მოცურავე ლია ჩაჩიბაია.

დელეგაციაში მათთან ერთად შედიან მწვრთნელები: თეიმურაზ გურაშვილი (ძიუდო), ია ტალახაძე (მშვილდოსნობა), მალხაზ მესხი (ფარიკაობა) და ზურაბ ციხიშვილი (ძალოსნობა). აგრეთვე - საქართველოს პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, გენერალური მდივანი რევაზ რევაზიშვილი და ოლიმპიური გუნდის მთავარი ექიმი ზურაბ კახაბრიშვილი.

წლევანდელი პარალიმპური თამაშების პროგრამაში სპორტის 23 სახეობაა, მონაწილეობას კი 5000-ზე მეტი პარასპორტსმენი მიიღებს
მსოფლიოს 160 ქვეყნიდან.

ჩვენი დელეგაციის პირველი ნაწილი რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა ბრაზილიაში და ადგილზე გადის აკლიმატიზაციას. სპორტსმენთაგან იქ გოგოჭური, წიკლაური და ხეცურიანი ჩავიდნენ, რომლებმაც ოლიმპიურ სოფელში დროშის აღმართვის ცერემონიალშიც მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენები პარათამაშებში 10 სექტემბრიდან ჩაებმებიან, როცა სტარტზე ზვიად გოგოჭური და ვანო წიკლაური გავლენ. ბარემ აქვე გეტყვით, რომ გოგოჭური ჩვენი გუნდის მთავარი იმედია, ვინც ბრაზილიაში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონის რანგში ჩავიდა.

აკაკი ჯინჭარაძე (97 კგ) წოლჭიმში 13 სექტემბერს იასპარეზებს, ხოლო ჩაჩიბაია ბრასით ცურვაში და ხეცურიანი ფარიკაობაში 14-ში შეეცდებიან წარმატების მოპოვებას.

შეგახსენებთ, რომ ჩვენები პეკინსა და ლონდონშიც მონაწილეობდნენ, თუმცა ჯერ მედალი არ გვაქვს მოპოვებული. აქვე დავძენთ, რომ პეკინში ერთი სპორტსმენით ვიყავით, ლონდონში - ორით. თავდაპირველად ახლაც ორი სპორტსმენით უნდა გამოვსულიყავით, რადგან ლიცენზია მხოლოდ გოგოჭურმა მოიპოვა, ჩაჩიბაია კი დამატებითი სიით მიიწვიეს, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაცია პარალიმპიადიდან მოკვეთეს, გამოთავისუფლებული კვოტები სხვა ქვეყნებზე გადაანაწილეს და მათგან სამი ჩვენც შეგვხვდა.

იმედია, ნავსი ამჯერად გატყდება და ზაფხულის თამაშების მონაწილეთა მსგავსად, ბრაზილიიდან პარალიმპელებიც მედლებით დაგვიბრუნდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები...უფალი იყოს თქვენი მფარველი...
ზურაბი
11:11 08-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული