სხვადასხვა

ოლიმპიზმი

დოპინგ-სკანდალმა საქართველოს პეკინის ოლიმპიადის მედალი მოუტანა!

AutoSharing Option
საერთაშორისო ოლიმპიური დოპინგ-სკანდალი ისევ გრძელდება, რომელიც ჩვენთვის სახეიროდ, რისხვად ატყდებათ რუს სპორტსმენებს.

ამჯერად, პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლები ჩამოართვეს რუს ძალოსნებს – ჰაჯიმურატ აკაევს (94) და დიმიტრი ლაპიკოვს (105), ეს კი იმას ნიშნავს, რომ 94 კილოგრამში ბრინჯაოს მედალს არსენ კასაბიევი მიიღებს, ვინც მაშინ საქართველოს სახელით გამოდიოდა, ჩინეთში მეოთხე ადგილზე გავიდა და 3 კილოგრამით ჩამორჩა აკაევს.

კასაბიევი მას შემდეგ საქართველოდან წავიდა, ამჟამად პოლონეთის მოქალაქეა და იქვე ცხოვრობს.

როგორც ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ოლიმპიურმა ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ გვითხრა, კასაბიევისთვის ოლიმპიური მედლის
გადაცემა დროის ამბავია და ამას წინ ვერაფერი დაუდგება.

საერთაშორისო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (ვადა) პეკინის ოლიმპიადის მედალოსანი კიდევ ერთი რუსი ათლეტი დასაჯა - ვერცხლის მედალი ჩამოართვეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მოასპარეზე მძიმეწონოსან ხასან ბაროევს. სამივე სპორტსმენი აცხადებს, რომ ისინი უდანაშაულონი არიან და არ დააბრუნებენ ოლიმპიურ მედლებს.

შეგახსენებთ, რომ პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ 6 მედალი მოიპოვა - 3 ოქრო და 3 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონები ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), მანუჩარ კვირკველია (ბ/რ ჭიდაობა) და რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა) გახდნენ. ამრიგად, არსენ კასაბიევის ბრინჯაოს მედალი მეშვიდე იქნება...
ასევე დაგაინტერესებთ