"ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ" - ინტერვიუ გიორგი ასანიძესთან

AutoSharing Option
ოქრომჭედლები - ასანიძეების ოჯახი უნიკალური მიღწევებით

ალბანეთის ქალაქ დურესში მიმდინარე 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, ტრადიციულად, უხვმედლიანია ქართველი ახალგაზრდებისთვის. ტურნირი 25 ოქტომბერს სრულდება და თუ აქამდე დაფიქსირებულ შედეგებსა და ჩვენი სპორტსმენების კონდიციებს გავითვალისწინებთ, მინიმუმ ორი ათეული მედალი ალბანეთიდანაც უნდა წამოვიღოთ. თუმცა საბოლოო მონაგარი რამდენიმე დღეში გვეცოდინება. იქამდე კი უკვე ვნახეთ უნიკალური შედეგი - ასანიძეების ტრიუმფი! კახი და საბა საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ოლიმპიური ჩემპიონის - გიორგი ასანიძის შვილები არიან და დურესიდან ორივე ევროპის ჩემპიონის ტიტულით მოდის:
19 ოქტომბერს, 23-წლამდელთა შორის, ჩემპიონი კახი ასანიძე გახდა (ორჭიდის ჯამში 322 კგ), მეორე დღეს კი, 20-წლამდელთა ტურნირზე, ოქროს მედალი მისმა უმცროსმა ძმამ - საბა ასანიძემაც „ასწია“ (ორჭიდის ჯამში 328 კგ). „სამი ოქრო მყავს სახლში“ - ჩემპიონი ქმარ-შვილ(ებ)ის ფოტოს მიაწერა გიორგი ასანიძის მეუღლემ. ასეც არის, თუმცა თეა კოტუას სტატუსში მცირე შესწორებას შევიტანთ: ასანიძეების სახით „ოქროები“ მთელ საქართველოს გვყავს! „კვირის პალიტრა“ გიორგი ასანიძეს ალბანეთში დაუკავშირდა და შვილების წარმატებაზე, კარს მომდგარ მსოფლიო ჩემპიონატზე და რა თქმა უნდა - ლაშა ტალახაძის ფიზიკურ კონდიციაზე ელაპარაკა:

- გიორგი, გილოცავთ შვილების წარმატებას, გილოცავთ მედლებს, რომლებიც ქართველმა ძალოსნებმა მოიპოვეს და რომელთა რაოდენობაც აუცილებლად მოიმატებს!
- მადლობა თქვენ და ყველა გულშემატკივარს, ვისაც ჩვენი წარმატება უხარია. უამრავი მილოცვა მივიღეთ, ვხედავთ, როგორ უყვართ ძალოსნობა საქართველოში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გავახაროთ ჩვენი სამშობლო და საქართველოს დროშა რაც შეიძლება ხშირად აღვმართოთ. ევროპის მიმდინარე პირველობაზე 22 ქართველი ძალოსანი მონაწილეობს. დღევანდელი მდგომარეობით (ინტერვიუ ჩაწერილია 22 ოქტომბერს - ავტორი), მოპოვებული გვაქვს ათზე მეტი მედალი, თუმცა ტურნირი 25 ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება და მედალოსნების რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება. ჩვენი სპორტსმენების მომზადება გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ კიდევ გვეყოლებიან ჩემპიონებიც და პირველობისთვის გუნდურ ჩათვლაშიც ვიბრძოლებთ.

- ალბანეთში ძალოსნობა ტრადიციული სახეობაც არის და პოპულარულიც. ასე რომ, წესით, ევროპის ჩემპიონატი მაღალ დონეზე უნდა იყოს ორგანიზებული...

- ამ რანგისა და კატეგორიის ტურნირისთვის ნორმალური პირობებია: სასტუმროს, კვებას, სავარჯიშო პირობებს არ ვუჩივით. ძალოსნობა ალბანეთში მართლაც ტრადიციული სახეობაა, სულ რამდენიმე თვის წინ უფროსებს შორის ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლეს და იქ მიღებული გამოცდილება მიმდინარე ტურნირის ორგანიზებაშიც ეხმარებათ.

- მიმდინარე ჩემპიონატზე მედლები კიდევ გვექნება, მაგრამ... ამჯერად ორ განსაკუთრებულ ოქროზე უნდა გკითხოთ - კახი და საბა ასანიძეების ჩემპიონობაზე. მედლებზე, რომლებსაც როგორც მწვრთნელი და როგორც მამა - სხვადასხვა ემოციით შეხვდებოდით!
- ძალიან რთულია, მამამ შვილების წარმატებით გამოწვეული ემოციების დამალვა მოახერხოს... მაგრამ მწვრთნელად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება და სტატუსი მავალდებულებს, ცივი გონებით ვმართავდე ემოციას, ჩემი გრძნობები არ ვაგრძნობინო გუნდს, სპორტსმენებს, რადგან მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სწორედ შეგირდების ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. საერთო ჯამში, მადლობა კახის და საბას - კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ ამოცანას და დიდი კონკურენციის პირობებში გაიმარჯვეს. მადლობა ჩვენი გუნდის ყველა წევრს, ვინც მედლებით გაგვახარა და ტურნირის ბოლომდე კიდევ გაგვახარებს.

- ალბათ, კახის და საბას სხვებზე მკაცრად ექცევით ვარჯიშებისა თუ ტურნირების დროს...
- სიმკაცრის რა გითხრათ... თუმცა დისციპლინას ყველა სპორტსმენს თანაბრად ვთხოვ - ეს ჩემი ვალდებულებაა. ჩვენი წარმატების მთავარი ფორმულა სწორედ დისციპლინაზეა დაფუძნებული. ამას არ ვუღალატებთ, რადგან რაც უნდა ნიჭიერი და შრომისმოყვარე იყოს სპორტსმენი, დისციპლინის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია. სპორტსმენობის დროსაც ასე ვფიქრობდი და ახლაც, მწვრთნელის რანგშიც, მიმაჩნია, რომ დისციპლინის გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ. ეს ყველაფერი სპორტსმენისგან დიდ თავდადებას, ბევრ რაღაცაზე უარის თქმას მოითხოვს. ვინც ამ ყველაფერს უძლებს, წარმატებასაც აღწევს! სწორედ ასეთი გუნდის მშენებლობას გავაგრძელებ, სანამ ნაკრების სათავეში ვიქნები. ჩემი მხრიდან, ჩემი შვილები არასდროს იქნებიან სხვებზე უპირატესი ან გამორჩეული! უპირატესი იქნება ის შედეგი, რომელსაც ისინი აჩვენებენ. ეს არის ჩემი მოტივაცია! ის, რომ ფსიქოლოგიურად მზად აღმოჩნდნენ, ნიშნავს, რომ სწორად აფასებენ მდგომარეობას და პასუხისმგებლობაც სრულად გაითავისეს.

- ახალგაზრდა სპორტსმენების შემთხვევაში, ეს ორმაგად დასაფასებელია!
- როდესაც ფედერაციის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობაა, როცა სახელმწიფო პროგრამა წარმატებით მუშაობს, არც გვაქვს უფლება, ეს ყველაფერი ადეკვატურად არ დავაფასოთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე სხვა სახეობასთან ერთად, ძალოსნობაც ერთ-ერთი პრიორიტეტული სპორტია საქართველოში. შესაბამისად, ჩვენც უნდა გავამართლოთ იმედები და თამასა ქვევით არ დავწიოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არამხოლოდ შევინარჩუნოთ წარმატებული სვლა, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ძალისმიერ სახეობებში წარმატებები გენეტიკურად მოგვდგამს და ეს ტენდენცია უნდა შევინარჩუნოთ. დიდ შედეგებამდე მისასვლელად, ჯერ ძალიან დიდი გზა და თავდაუზოგავი შრომა სჭირდებათ, თუმცა ჩემი შვილების პროგრესით კმაყოფილი ვარ. მთავარია, მოტივაცია შეინარჩუნონ და თავდაუზოგავი შრომა გააგრძელონ.

- გასაგებია, რომ ასაკობრივი სხვაობაც არის და სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაშიც გამოდიან, მაგრამ ძმებს მაინც აქვთ ხოლმე ფიცარნაგზე ერთგვარი ქიშპობა? მეტოქეებთან ერთად, ერთმანეთსაც ეჯიბრებიან თუ თქვენთან ცდილობენ თავის გამოჩენას?
- მოტივაცია და პასუხისმგებლობა არ აკლიათ, მათ შორის - ჩემი ფაქტორის გამოც. აცნობიერებენ და უფრთხილდებიან იმ შრომას, იმ სახელს, რაც მე დამიტოვებია. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ჩემი შვილები სხვადასხვა ასაკისა და წონითი კატეგორიის მძლეოსნებთან ერთადაც ვარჯიშობენ და მეტი მოტივაცია და კატალიზატორი რაღა უნდა გქონდეს, როცა პლანეტის უძლიერეს ძალოსანთან - ლაშა ტალახაძესთან ერთად გიწევს ვარჯიში? რაც შეეხება ერთმანეთთან „ქიშპობას“, ბუნებრივიც იქნება, თუ ერთი ძმა შეეცდება, არ ჩამორჩეს მეორეს. ეს სპორტია და სულ ერთნაირი შედეგი ვერც ექნებათ. თუმცა, მთავარია, მოტივაცია არ დაკარგონ, დღეს მოპოვებული გამარჯვება კი დიდი გზის მხოლოდ ნაწილია. ევროპის ჩემპიონობით არაფერი დამთავრებულა, პირიქით - ყველაფერს ახლა იწყებ!

- შესაძლოა, ეს კითხვა უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინც გკითხავთ: ხვიჩა კვარაცხელიას ფანტასტიკურმა თამაშმა ლამის „დაგვავიწყა“ სპორტის სხვა სახეობები! ოღონდ, დარწმუნებული ვარ, რომ ხვიჩას მხურვალე ქომაგობის პარალელურად, ყველა სპორტსმენი (მათ შორის, ცხადია - ძალოსნებიც!) ცდილობს, კიდევ უფრო მეტად მოინდომოს, მეტი იშრომოს თავის შესაძლებლობების და სახეობის წარმოსაჩენად! ასეა?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ არავის ჩამოვრჩები "კვარას" მატჩების მოლოდინსა და ყურებაში! ვიცი, რამდენს შრომობდა, როგორი მიზნები ჰქონდა ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიას, რამხელა წვლილი მიუძღვის შვილის ასეთ ადამიანად და ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში... რაც შეეხება თვითონ ხვიჩას, მას დიდ წარმატებას ვუსურვებ. ყოველ კვირას იმხელა სიხარულითა და სიამაყით გვავსებს, უკვე იქცა ჩვენს, მთელი საქართველოს „შვილად“! ეს არის ისტორიული მოვლენა, უნიჭიერესი მოთამაშე, რომელსაც ყველანაირი პირობა აქვს, ჩვენთვის ჯერარნახულ სიმაღლეზე ავიდეს და ქართულ ფეხბურთს დიდი სახელი და წარმატება მოუტანოს! რაც შეეხება თქვენს კითხვას, ინდივიდუალური სახეობები განსხვავდება სათამაშო სახეობებისგან და სათამაშო სახეობაში თავის ასე საუცხოოდ, ასე მრავალფეროვნად წარმოჩენა, გუნდის ლიდერად ჩამოყალიბება ურთულესი საქმეა. ხვიჩას თამაშის დროს საქართველოში ყველა „კვარაცხელია“ ვართ. ამ ახალგაზრდა კაცმა თავის გარშემო მთელი ქვეყნის გაერთიანება მოახერხა! მე სწორედ ასეთი, ერთიანი საქართველო მიყვარს... სხვათა შორის, ჩემი უფროსი შვილი - კახი, რომელიც ორი დღის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა, რვა წლის განმავლობაში ფეხბურთელი იყო. ასე რომ, სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ გვიყვარს... დიახ, ხვიჩა კვარაცხელია სტიმულიც არის ყველა ქართველი სპორტსმენისთვის და მას ყველა პირობაც აქვს იმისთვის, საუკეთესო კარიერა ჰქონდეს... ბედნიერი ვარ ხვიჩას თამაშითაც და კიდევ იმით, რომ ეს „ნიშა“ ჩვენთვის ძალიან ნაცნობია - სწორედ ჩვენ გვყავს მსოფლიოში უძლიერესი ძალოსანი - ლაშა ტალახაძე! ხვიჩა, შენც სწორედ იქ ხარ, სადაც ჩვენი ლაშაა. გისურვებ, სწორედ ასეთ სიმაღლეზე იყო, შვილო!


მკითხველის კომენტარები / 1 /
სასახელო კაცი. სასახელო ოჯახი. უამრავი წარმატება და წინსვლა ასანიძეებს!
არტ
10:53 24-10-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული