"ქართული სახლი" ლონდონში

AutoSharing Option
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებამდე უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ოთხწლეულის ამ შემაჯამებელ, ყველაზე გრანდიოზულ სპორტულ ფორუმზე სპორტულ შესაძლებლობებთან ერთად ყველა ცდილობს საკუთარი ქვეყანა თამაშების ათიათასობით სტუმარს განსხვავებული კუთხითაც დაანახოს, ამის საუკეთესო საშუალება კი ტრადიციულად, ოლიმპიადის დედაქალაქში ეროვნული სახლის მოწყობაა.

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თადარიგი ნაადრევად დაიჭირა და ლონდონის პრესტიჟულ რაიონში ფეშენებელური შენობა შეარჩია. მფლობელებთან მოლაპარაკებები დადებითად გადაწყდა. სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი ლონდონში გაემგზავრა და ხელშეკრულებას ხელი 1 მარტს მოეწერება. "ქართული სახლი" ბინას ნიმბურკის 45 ნომერში, ჩელსის უბანში დაიდებს.

"ძალზედ მნიშვნელოვანია,
რომ ოლიმპიური თამაშების დღეებში ლონდონში "ქართული სახლი" იფუნქციონირებს. სპორტული თემატიკის გარდა ოლიმპიელები, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნობა პატარა საქართველოს დიდ ისტორიას, მისი წარსულს და დღევანდელობას, კულტურას, მიღწევებს სპორტსა და ოლიმპიზმში. "ქართული სახლის" მისია წარმატებულად ჩაითვლება, თუ მის სტუმარს აღუძრავს სურვილს, ეწვიოს ჩვენს ქვეყანას და დაათვალიეროს მისი ღირშესანიშნაობები. გარდა ამისა, "ქართულ სახლში" გვექნება ოფიციალური მიღებები სხვადასხვა ქვეყნის ოლიმპიურ დელეგაციებთან და ა.შ. მოკლედ, ეს იქნება პატარა საქართველო შუაგულ ლონდონში" - აღნიშნა გია ნაცვლიშვილმა ინგლისის დედაქალაქში გამგზავრების წინ.

როგორც ცნობილია, თბილისში 2015 წელს ევროპის ახალგაზრდული ზაფხულის ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ნისლიანი ალბიონიდან სეოკ-ის პრეზიდენტი რომში გადაინაცვლებს, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების შტაბ-ბინაში ფესტივალის მასპინძელ ქალაქთან ოფიციალურ კონტრაქტი გაფორმდება. დოკუმენტს ხელს ეოკ-ის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, თბილისის მერი გიგი უგულავა და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი მოაწერენ. ცერემონიალს ასევე დაესწრება სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი რამაზ გოგლიძე.


სეოკ-ის პრესსამსახური



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული