ირანმა 2012 წლის ოლიმპიადის ემბლემაში სიტყვა ”Zion” დაინახა

AutoSharing Option
ირანმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს (სოკ) ლონდონში გასამართი 2012 წლის ოლიმპიადის ემბლემის გამო ოფიციალური პროტესტით მიმართა.

როგორც საპროტესტო ნოტაშია ნათქვამი, თამაშების ემბლემაზე ციფრები განზრახ ისეა სტილიზირებული, რომ სიტყვა ”Zion” - "სიონი" იკითხება. ირანის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარის ბახრამ აფშარზადეხის თქმით, "რასისტული" ლოგოტიპი, რომელშიც ქალაქ იერუსალიმის ტრადიციული ებრაული სიმბოლოა დაფარული, შესაძლოა ირანის მხრიდან ოლიმპიადის ბოიკოტის მიზეზი გახდეს. ამას გარდა, თამაშებში მონაწილეობაზე უარი, როგორც წერილის ავტორები ვარაუდობენ, შესაძლოა სხვა ისლამურმა სახელმწიფოებმაც განაცხადონ.

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში უკვე უარყვეს ოლიმპიადის სიმბოლოს სიტყვა "სიონთან" მსგავსება. ლონდონის ოლიმპიადის
საორგანიზაციო კომიტეტში გაკვირვებულები არიან იმით, რომ 2007 წელს წარმოდგენილი სიმბოლიკის მიმართ პრეტენზია მხოლოდ ახლა გამოითქვა და ასევე განაცხადეს, რომ ციფრი "2012" 2012-ის გარდა არაფერს ნიშნავს.

საერთაშორისო შეჯიბრებებზე ებრაელებთან შეხვედრაზე ირანელ სპორტსმენებს ადრეც არაერთხელ უთქვამთ უარი. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა ისრაელთან დაკავშირებით მკაცრი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. მან "სიონისტი ოკუპანტები" ინფექციას შეადარა, თავად ისრაელს კი განადგურებით დაემუქრა.

მომზადებულია AP-ის მიხედვით

 

 

 

 

.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული