გერმანიის ფრენბურთელთა ჩემპიონატის მეორე დივიზიონში დრეზდენის "სატერიც" ასპარეზობს, რომელსაც, რა დასამალია და, ბოლო დროს ფინანსურად ისე გაუჭირდა, კლუბის ხელმძღვანელმა გოგონათა გუნდი დაიბარა და პირდაპირ უთხრა – მომკალით თუ გინდათ, მაგრამ მე თქვენი რჩენის თავი აღარ მაქვს და თავს თავადვე მიხედეთო.
რას იზამდნენ გოგონები? თავიდან დაღონდნენ, სასოწარკვეთა დაეუფლათ, ზოგმა ცრემლიც კი ღვარა, მაგრამ მოგვიანებით ერთ-ერთს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა თავში და უმალ გააჟღერა - სპონსორების მოსაზიდად რომელიმე ჟურნალში გავშიშვლდეთო.
კაცმა რომ თქვას, გერმანელი ფრენბურთელები პირველები არც არიან, თამამ ფოტოსესიაში მონაწილეობა რომ გადაწყვიტეს.
შარშან იგივე გზა ფრანგულმა გუნდმა "ისტრამ" გაიარა, რომლის ლამაზმანებმა 2011 წლის კალენდრისთვის შიშვლად იპოზიორეს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელებისგან განსხვავებით, ფრანგი სპორტსმენების "თავდადება" წმინდა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა – გაყიდული კალენდრებიდან შემოსული თანხა საკლუბო სკოლების განვითარებას მოხმარდა.
საერთოდ კი, ამ საქმეში სექს-სიმბოლოს ტიტულს იტალიის ნაკრების ფრენბურთელი ფრანჩესკა პიჩინინი ფლობს. მისი უკანასკნელი ფოტოსესია 2009 წლით თარიღდება, როცა ფრანჩესკამ ეროვნული გუნდის თამაშის წინ, გადასაღებ მოედანზე სრულიად შიშველმა გაიბრწყინა.
მომზადებულია NOVSPORT.COM-ის მიხედვით
.