ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე

AutoSharing Option
ქართულ სპორტულ წრეებში გუჯა კახაძეს სახელი ცნობილია. ამ ადამიანმა უნიკალური მეთოდი შეიმუშავა - ფიზმომზადება დატვირთვების გარეშე, რომელიც მოკლე დროში გასაოცარ შედეგს იძლევა და საკუთარ თავზე, სხვა სპორტსმენებთან ერთად, დავით მუჯირმა და კახი კალაძემაც გამოსცადეს. ბატონმა გუჯამ "სპორტალ.გე"-ს თავისი მეთოდის შესახებ უამბო. ვფიქრობთ, ქართველი სპორტსმენებისთვის ერთობ პრობლემური თემის - საერთაშორისო სარბიელზე არასათანადო ფიზმომზადებით გამოწვეული წარუმატებლობების მოხშირების ფონზე, ბატონი გუჯას მეთოდი მით უფრო საყურადღებოა.

გუჯა კახაძე: თემურ ქეცბაიას მიერ ჩატარებულმა წაუგებელმა სერიამ გულშემატკივარს ქართული ფეხბურთისთვის ძველი დიდების დაბრუნების იმედი მისცა, მაგრამ ისრაელთან
განცდილმა მარცხმა დაგვანახა, რომ ფიზიკური კონდიციებით საერთაშორისო სტანდარტებისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ. ამის გარეშე კი სერიოზული შედეგების მიღწევა არ ხდება. ვერც ენერგიის აღდგენას ვახერხებთ ისე სწრაფად, როგორც ეს ევროპულ გრანდებს შეუძლიათ.

ყველამ ვიცით, რომ უცხოური საფეხბურთო კლუბები სერიოზული შედეგის მისაღწევად მუდმივად ეძებენ რაღაც ახალს. ყოველი ახალი მეთოდის შემუშავება კი ბევრ დროს და მილიონებს მოითხოვს. სამწუხაროდ ქართველებს ამის ფუფუნება ჯერ არ გვაქვს. სამაგიეროდ გვაქვს რაღაც, რაც სწრაფი წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

რაზეც ახლა ვისაუბრებთ, ბევრისთვის დიდი ხანია ცნობილია - ფეხბურთელის მომზადების დონეს ტექნიკური, ტაქტიკური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კონდიციების ჯამი განსაზღვრავს. აქედან ფიზიკურში ყველაზე მეტად ჩამოვრჩებით. ეს თემურ ქეცბაიამაც არაერთხელ აღნიშნა. გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება ქართველებს ძალიან სწრაფად შეგვიძლია.

90 წუთი მაღალ ტემპში რომ ვითამაშოთ და დახარჯული ენერგიაც სწრაფად აღვიდგინოთ საჭიროა გამოვიყენოთ ფიზმომზადების უნიკალური მეთოდიკა, რომელიც უკვე 8 წლია არსებობს.

ამ ქართული მეთოდის გასაღების ძიებას 30 წელი შევალიე და 8 წლის წინ, ყველასთვის მოულოდნელად, სერიოზული შედეგიც მივიღე. მსუბუქი ვარჯიშით 35 დღეში ისეთივე შედეგი დაფიქსირდა, როგორსაც 1 წლის მანძილზე მძიმე დატვირთვით ვარჯიში იძლევა.

მეთოდმა, რომელსაც ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე დავარქვი, სკეპტიკოსების ყურადღება თავიდანვე მიიქცია. შეფასებებმაც არ დააყოვნა: შეუძლებელია, ასეთი რამ არ ხდება, ფანტასტიკის სფეროს უფრო ჰგავს და ა. შ. მალე ცნობისმოყვარეებიც გამოჩნდნენ. მარწმუნებდნენ: რასაც ამბობ თუ 10% მაინც სიმართლე იქნება, მთელ გუნდს ჩაგაბარებ, დატვირთვით შედეგი ვერ მივიღე და შენ თუ დატვირთვის გარეშე შეგიძლია, ჩემ ყველა მოსწავლეს შენთან მოვიყვან, ასაკობრივ ნაკრებს ჩაგაბარებ, ლეგიონერებს სირბილით დასვენებას თუ მართლა ასწავლი, აგაშენებ და ა.შ.

ჩემი მოსწავლის მშობელმა კი ყველა კომენტარს გადააჭარბა, ისეთი რამ მითხრა:"შედეგს ვხედავ, მაგრამ მაინც არ მჯერა, რადგან ლოგიკურ ახსნას ვერ ვუძებნიო". შედეგი რომ დაინახა უკვე კარგია, ახსნა კი ქართულ ხასიათშია: ძალიან ნიჭიერები ვართ, მაგრამ...

ვინც ამ "მაგრამს" გამოიყენებს, ლოგიკური აზროვნებისთვის დაუჯერებელ შედეგებს მიიღებს. რაღა ბევრი გავაგრძელო, 35 დღეში 1 წლის შედეგს ყველა გარანტირებულად იღებდა. მეთოდი ყოველდღიურად იხვეწებოდა და დღეს 2 წლის შედეგს უკვე 47 დღეში ვაღწევთ. სპორტის მესვეურთა დაპირება კი - "ეს თუ სიმართლეა, მე ვიცის" არ გასცილებია. მხოლოდ ერთმა მათგანმა გაამხილა: "იმდენად დაუჯერებელი ჩანდა, ვიფიქრე შედეგს ვერ აჩვენებს და თავს დამანებებსო".

ვიმეორებ, შედეგი ყველასთან ვაჩვენე, მაგრამ პირობა არავინ შეასრულა. მოსწავლეების უმეტესობა კი ისეთი ტრავმებით მოჰყავდათ, რომლებსაც ექიმებმა ვერაფერი უშველეს და ფეხბურთის მიტოვება ურჩიეს. ყველა მათგანი გავაჯანსაღე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ფიზიკურ ფორმაშიც ჩავაყენე და ისევ ფეხბურთში დავაბრუნე. შემდეგ მათი ექიმები მოვიდნენ და ჩემთან ვარჯიშით საკუთარი ორგანიზმი გაიჯანსაღეს. გაგიკვირდებათ, მაგრამ მწვრთნელებმა მაინც თავი შეიკავეს.

ქართულ ფეხბურთში ძირითადად ფიზიკური კონდიციების, ტრავმების მიშუშების და გოლის გატანის პრობლემები გვაქვს. დროა მივხვდეთ, რომ კარში ზუსტად დარტყმა ჯანმრთელი და დასვენებული ფეხბურთელისთვის ბევრად უფრო ადვილია. საკმარისია ჩემი მეთოდით ორგანიზმის გაჯანსაღება და სირბილით დასვენება ვისწავლოთ და გატანილი გოლების რაოდენობაც მაშინვე მოიმატებს. ამის ათვისებას კი მხოლოდ 2 დღე სჭირდება.

ვარსკვლავები მაღალ ტემპში 90წთ-ს უძლებენ. ჩემი მოსწავლეები მძიმე დატვირთვით შესასრულუბელი მოძრაობების მსუბუქად შესრულებას სწავლობენ, ამიტომ თამაშიდან დაუღლელები გამოდიან. მერწმუნეთ, მსუბუქად და სწრაფად სირბილის სწავლების ქართული მეთოდიკა რაც უფრო მალე დაინერგება, მით უფრო მალე დაიწყება ქართული ფეხბურთის სწრაფი აღმავლობის ხანა.

ამ მეთოდის შესახებ სტატიები ადრეც დაბეჭდილა. ამჯერად მხოლოდ ტრავმების სწრაფად მოშუშებაზე ვისაუბრებ. დავით მუჯირმა, იაპონიაში წასვლის წინ, ჩემი ვარჯიშები მოსინჯა. იმდენად კმაყოფილი დარჩა, რომ მალე ორჯერად ვარჯიშებზე გადავიდა. იაპონიაში წასვლის დღეს, დილით, ერთი ვარჯიში კიდევ ჩაიტარა.

მუმუს ძირითადი პრობლემა წელის ტრავმა იყო. ექიმი თამაშის წინ გამაყუჩებელს უკეთებდა. დათოც თამაშიდან უგოლოდ იშვიათად გამოდიოდა. რაღა ბევრი გავაგრძელო. 2 დღეში წელის ტკივილებმა გაუარა და დღემდე აღარ შეუწუხებია. ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშისას აქილევსის მყესი დაიზიანა. კოჭლობით ძლივს დადიოდა. პირველივე ვარჯიშზე თავისუფლად სიარული შეძლო. 5 დღეში კი ჩვეულებრივად დარბოდა.

სწრაფი და გარანტირებული შედეგის მისაღებად ფეხბურთელებს სირბილის პარალელურად აუცილებლად ვასწავლი: სწორად სუნთქვას, სითხის დანაკარგის შევსებას, კვებას დანამატების გარეშე, დასვენებას, ძილის რეჟიმის მიწესრიგებას, სპეციალურ სტატიკურ გაწელვებს, წონის კორექციას დიეტის გარეშე, თვითმასაჟს სირბილის დახმარებით, მოედანზე მიღებული ტრავმის სწრაფ რეაბილიტაციას და ფსიქიკის კონტროლს.

სკეპტიკოსებისთვის კიდევ უფრო დაუჯერებელი ჩანს ორდღიანი კურსი, რომელიც ნაკრებისთვის შევიმუშავე. პირველ დღეს მსუბუქად სირბილი, ამტანობის გაზრდა, ტრავმების სწრაფად მოშუშება და სირბილით დასვენება შეისწავლება. მეორე დღეს კი სისწრაფის და სასტარტო სისწრაფის მომატება. დამიჯერეთ, 2 მსუბუქი ვარჯიშით 1 წლის მძიმე დატვირთვით მისაღები შედეგი სისწრაფესა და ამტანობაში გარანტირებულად მიიღება, ფეხბურთის თამაში კი მთელი კარიერის მანძილზე სიამოვნებად გადაიქცევა.

გასულ ზაფხულს ჩემმა მენეჯერმა კახა კალაძისთვის სისწრაფის მოსამატებელი 1 ვარჯიშის ჩატარება მთხოვა. წინასწარ ვიცოდი, რომ ლეგიონერი ასეთ შეთავაზებას არ დაეთანხმებოდა. დაპირებულ შედეგს უბრალოდ არ დაიჯერებდა. ჩვენი შეხვედრა 8 აგვისტოს მაინც შედგა. 1 საათის განმავლობაში ვუხსნიდი, რას და როგორ ვაკეთებ (სხვებთან რამდენიმე დღე მჭირდებოდა). კახას გონიერების შესახებ ადრეც ვიცოდი, მაგრამ პირადად საუბარმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. წინადადება დამთავრებული არ მქონდა და კახამ უკვე იცოდა, რის თქმას ვაპირებდი. ბოლოს ვარჯიშზეც დამთანხმდა.

პირობა მარტივი იყო. 30 წუთის მსუბუქი ვარჯიშით სისწრაფის მომატების ისეთივე შედეგის მიეღება, როგორსაც 1 წლის განმავლობაში მძიმე დატვირთვებით ვარჯიში იძლევა. აღმოჩნდა, რომ მუხლის ოპერაციის შემდეგ ტკივილები კიდევ აწუხებდა, საზარდული და აქილევსის მყესიც დაზიანებული ჰქონდა. პროგრამა მაშინვე შევცვალე და გასაჯანსაღებელი ვარჯიში დავიწყეთ. მსუბუქად სირბილი მალევე ისწავლა, ტრავმირებული ადგილები გაიჯანსაღა და დახარჯული ენერგიის სირბილით აღდგენაც აითვისა.

კახას ვარჯიში იმდენად მოეწონა, რომ მეორე დღეს სისწრაფის ვარჯიშების ჩატარების სურვილი გამოთქვა. 9 აგვისტოს უკვე მოლდოვაში მიფრინავდა, მაგრამ ვარჯიში მაინც მოასწრო. 30 წუთი საკმარისი აღმოჩნდა, რომ 10 დღის განმავლობაში შესასწავლი ვარჯიშები აეთვისებინა და შედეგიც ბევრად მეტი მიიღო ვიდრე ელოდა. ყველაზე სასიამოვნო კი ის იყო, რომ 11 აგვისტოს მოლდოვასთან ამხანაგურ თამაშზე მსუბუქად და თავისუფლად დარბოდა. სისწრაფეც მომატებული ჰქონდა და აღარც ტრავმები აწუხებდ.

ქრონიკული ტრავმებისგან ფეხბურთელების გაჯანსაღების ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ.

ქართულ ხასიათზე დაფუძნებული უნიკალური მეთოდი ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესების გარდა სწრაფი აზროვნების განვითარებასაც უწყობს ხელს. ყოველდღიურად, ვარჯიშის 90% ფსიქოლოგიურ მომზადებას ეთმობა, დარჩენილი 10% კი მსუბუქ ფიზიკურ ვარჯიშებს. მეთოდმა ყველაზე მეტი შედეგი მოზარდებს მოუტანა, რადგან ინტელექტის სწრაფი მატება და ჯანმრთელი ორგანიზმის ჩამოყალიბება გამოიწვია.

მიუხედავად სერიოზული შედეგებისა, სპორტის მესვეურთა დარწმუნება მაინც ვერ შევძელი. სიტყვას დიდი ძალა აქვს და ისევ სიტყვის ოსტატები, ჟურნალისტები თუ შეძლებენ მათ დარწმუნებას. მით უფრო, რომ ამ ქართულ მეთოდს მოზარდის ორგანიზმის ჰარმონიულად განვითარება, მაყურებლის სტადიონზე დაბრუნება და კლუბებისთვის სოლოდური მატერიალური მოგების მოტანაც შეუძლია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
უზლევი მეტი არგუმენტი აღარ გაქვს აგრესიაზე რომ აღარ გადახვიდე?
germane
19:19 16-09-2012
0
ar mesmi ratom ar interesdebian ma kacis metodiT tundac Chveni klubebi nakrebze rom araferi vtqvat dacunebas da uaris tqma arasodesaa gviani
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული