კასპში ერთ ტერიტორიაზე კომპლექსურადაა თავმოყრილი ცენტრალური სასპორტო, ჭიდაობის კომპლექსური და საფეხბურთო სკოლები შესაბამისი ბაზებით, სასტუმროთი, რომელშიც ახლა გიმნაზიაა იჯარით. ვადა წლეულს იწურება, მაგრამ სასტუმროსთვის ფუნქციის დაბრუნება ზღვაში წვეთია არსებულ პრობლემათა შორის. ბოლო წლებში სპორტულ დარბაზებში მდგომარეობა იმდენად სავალალოა, რომ ზოგიერთ მათგანში შესვლაც საშიში გახდა. ზემდგომ ორგანოებში მიმართვებს, ამასწინათ შედეგად პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ასანიძის სტუმრობა მოჰყვა. ოლიმპიური ჩემპიონი მხარდაჭერას დაჰპირდა კასპელებს.
"მდგომარეობის გამოსასწორებლად დახმარებაა საჭირო. ერთბაშად ყველაფრის რეაბილიტაცია ალბათ ვერ მოხერხდება, მაგრამ ეტაპობრივად უნდა გაიწეროს აღდგენის
პროექტი. აქ ერთადაა თავმოყრილი სპორტის არაერთი სახეობისთვის ინფრასტრუქტურა, რაც ასეთი პატარა რაიონისთვის უნიკალური კომპლექსის შექმნის საშუალებას იძლევა და ეს საშუალება უნდა გამოვიყენოთ" - განაცხადა გიორგი ასანიძემ.
ვასილ ბალახაძე
კასპიდან
დავით ასპანიძის ფოტოები