თბილისის სამბოს სასახლემ საქართველოს 2011 წლის უნივერსიადის მონაწილეებს უმასპინძლა. გამარჯვებულები და პრიზიორები 8 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ. განსაკუთრებით გორის უნივერსიტეტის სამბისტებმა იყოჩაღეს: მათ სამი ოქროს და ამდენივე ვერცხლის მედალი მოიხვეჭეს და 36 ქულით გუნდურში პირველი ადგილიც დაიკავეს. 32 ქულით მეორე ადგილზე აგრარული უნივერსიტეტი (2 ოქრო და 6 ბრინჯაო) გავიდა. 25 ქულით მესამე ადგილი სტუ-ს (2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო) ხვდა. პირად ჩათვლაში წონითი კატეგორიების მიხედვით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდნენ: ზურაბ ქიზიყელაშვილი (57 კგ, აგრარული უნივერსიტეტი), იაკობ გაზდელიანი (62, აგრარული), შმაგი კაპანაძე (68,
გორი), მიხეილ გიორგაძე (74, გორი), ვახტანგ სარაჯიშვილი (82, თელავი), ზაზა დავაძე (90, გორი), ირაკლი ქობლიანიძე (100, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი), არჩილ საღინაძე (+100, ქუთაისი).
ბრძენთა თამაშის მოყვარულთა პაექრობები ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. აქ საპრიზო ადგილები ასე განაწილდა: გოგონები. 1. ნინო კეკელიძე-6 ქულა (აგრარული უნივერსიტეტი), 2. მადონა ბოკუჩავა-5,5 (თსუ), 3. ეკა გოგლიძე-5,5 (გორის უნივერსიტეტი). ვაჟები. 1. ირაკლი ჯანიაშვილი-6,5 (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი), 2. გაიოზ ნიგალიძე-6 (ბათუმის უნივერსიტეტი), 3. არჩილ ამირხანაშვილი-5,5 (თსუ).
თოთხმეტი სახეობის შემდეგ საერთო გუნდურ ჩათვლაში 10-10 ოქროს მედლით საქართველოს ტექნიკური და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები მეწინავეობენ. 9 ოქროს მედლით აგრარული უნივერსიტეტი მესამე ადგილზეა.