დარია კლიშინა - რუსეთის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი

AutoSharing Option
წლის დასაწყისში ჟურნალ Prosport-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ რუსეთის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი გამოავლინა. გამარჯვებული 20 წლის დარია კლიშინა გახდა, რომელიც 2011 წლის ევროპის ჩემპიონია სიგრძეზე ხტომაში.

2007 წელს კლიშინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17 წლამდე გოგონათა შორის, ორი წლის შემდეგ კი იუნიორთა შორის კონტინენტის პირველობაზეც გაიმარჯვა. ბავშვობაში ფრენბურთელი გახლდათ, მოგვიანებით კი მამამ - ყოფილმა მძლეოსანმა სპორტის ინდივიდუალურ სახეობაში გადასვლა შესთავაზა და ასე გახდა სიგრძეზე მხტომელი - ამ სახეობამ კი პოპულარობა და ყველაზე სექსუალური სპორტსმენის ტიტულიც მოუტანა. დანარჩენს 20 წლის ლამაზმანის შესახებ ინტერვიუდან
შეიტყობთ.

Sportall.Ge

- დარია, თქვენ ხომ ტვერში და­იბადეთ, დიდი ხანია, მოსკოვში გადაბარგდით?

- ექვსი წლის წინ. სკოლის დამთავრების შემდეგ მარტო ვცხოვრობ, მოსკოვში კი თავს შესანიშნავად ვგრძნობ. საერთოდაც, მიყვარს დიდი ქალაქები.

- მიმდინარე წლის მარტში პარიზში ევროპის ჩემპიონი გახდით. თქვენი შედეგი - 6,8 მეტრი არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა ვფიქრობ, თქვენთვის შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი ის იყო, დიდებშიც მოგეგოთ რაიმე ტიტული...
- გეთანხმებით - გარკვეული სტატუსი მჭირდებოდა. უფროს ასაკში სხვადასხვა ტურნირში ვმონაწილეობდი, რაღაც შედეგებიც მქონდა, მაგრამ სერიოზული ტიტული აქამდე არ მქონია და...

- სიგრძეზე მხტომელთა ელიტამ როგორ მიგიღოთ?
- საკმაოდ კარგად. თუმცა ზოგჯერ მეჩვენება, რომ ზოგიერთებისთვის "წითელი ნაჭერი" ვარ სექტორში - ისეთი თვალებით მიყურებენ. მიუხედავად ამისა, უკვე მივეჩვიე და ასეთი რაღაცები ხელს აღარ მიშლის: არც დიდი სტადიონები, არც აპლოდისმენტები - ნახტომის წინ აღარაფერი მესმის...

- ახლა აღმასვლის პერიოდი გაქვთ - ყველა გაქებთ, გეფერებათ, მაგრამ კრიტიკას როგორ ეგუები?
- ვერ ვიტყვი, რომ ქება-დიდებით მავსებენ. პირიქით - დაინახეს, რომ შემიძლია 7 მეტრზე მეტ მანძილზე გადავხტე და როცა 6,8 მეტრი ვაჩვენე, ეს აღარ მოეწონათ. "მოიგე? - ყოჩაღ, მაგრამ მეტია საჭირო!" - მეუბნება უმეტესობა.

Sportall.Ge

- "ვარსკვლავური ავადმყოფო­ბა" უკვე შეგეყარათ, თუ ჯერ ად­რეა?

- იმედი მაქვს, გადავურჩები. კარგი ის არის, რომ არა მხოლოდ მარცხს, გამარჯვებასაც მალე ვივიწყებ. საქმეს ასე ვუდგები - კარგი, მოვიგე ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ ეს ხომ არც ოლიმპიადაა და არც მსოფლიო პირველობა?

- თქვენი მწვრთნელი ამბობდა, რომ ხასიათით "თოვლის დედოფალი" ხართ და შეჯიბრების დროს თქვენი გაბრაზებაა საჭირო. ასეა?
- დიახ, მე პაშა შალინასთან ერთად ვვარჯიშობ, რომელსაც აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი აქვს. მუდმივად მის გვერდით უნდა იდგე და ამშვიდებდე: "პაშა, ყველაფერი კარგად იქნება, პაშა, ახლა გადახტები" და ა.შ. მე კი პირიქით - მწვრთნელი ყოველთვის "მაბრაზებს" ხოლმე, რათა ბრძოლის ჟინი გამიღვიძოს. როცა ოლგა სტეპანოვნა ჩემს გვერდით არ არის, თავად ვირჩევ ობიექტს გაბრაზებისთვის.

- მაგალითად, რომელიმე მეტოქეს?
- აუცილებელი არ არის. შეიძლება, ეს რომელიმე მომაბეზრებელი მაყურებელი იყოს, ან ფოტოკორესპონდენტი, რომელიც თავისი აპარატით ლამის სარბენ ბილიკზეა გაწოლილი და ა.შ. ავარჩევ ვინმეს და გავცეცხლდები ხოლმე, მერე კი ნახტომისთვის ვემზადები.

- უსეინ ბოლტმა გამოაცხადა, რომ შესაძლოა, ლონდონის ოლიმპიადის შემდეგ სიგრძეზე ხტომაში სცადოს ბედი. როგორ ფიქრობთ, გამოუვა რამე?
- ვფიქრობ, რომ შეძლებს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, როგორი ტერფი აქვს, შეუძლია თუ არა, სიჩქარის აკრეფის შემდეგ მყარად დადგას ფეხი გადახტომის წინ. თუმცა, ბოლტს ისეთი ფენომენური სისწრაფე აქვს, რომ...

- მწვრთნელი ბოლტს სტარტის წინ მუსიკის მოსმენას უკრძალავს. თქვენ თუ გაქვთ რაიმე სახის აკრძალვები?
- არ ვიცი, რას უშლიან და რას არა, მაგრამ მე ყველგან ყურსასმენების თანხლებით ვხედავ. სექტორში გასვლის წინ თავადაც სულ მუსიკას ვუსმენ ფლეიერით. აი, ტელეფონით კი ვარჯიშის დროს არ ვსარგებლობ, მწვრთნელს ვაძლევ ხოლმე.

- ასაფა პაუელმა ერთხელ თქვა, რომ როცა სახელგანთქმული გახდა, კინგსტონის ქუჩებში მასთან ვიღაცები მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: - "ასაფა, მომეცი მილიონი!" მშობლიურ ტვერში თქვენც ხომ არ გქონიათ მსგავსი შემთხვევა?
- მილიონი, ჯერჯერობით, არ მოუთხოვიათ. უფრო ხშირად ავტოგრაფს ან სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღებას მთხოვენ, ჩემს მშობლიურ ქალაქში მაღალი დონის მძლეოსნები თითზე ჩამოსათვლელია. ამიტომაც, ჩემ მიმართ ტვერელების ასეთი ყურადღება სავსებით ბუნებრივად ჩანს.

- ზოგიერთი სპორტსმენი ამბობს, რომ არ ცდილობს დაიმახსოვროს იმ ქალაქების დასახელებები, სადაც საასპარეზოდ ჩადის. ამ საქმესთან თქვენც ასეთივე დამოკიდებულება გაქვთ - ჩავედი - გადავხტი - წამოვედი?
- არა, სადაც უნდა ჩავიდე, ვცდილობ კულტურული ექსკურსიაც მოვიწყო. პარიზში ყოფნისას, მაგალითად, ეიფელის კოშკზე ავედი, ლუვრში შევირბინე. გამგზავრების წინ ნამდვილი ტურისტივით ვემზადები ხოლმე - რუკას ვბეჭდავ, მარშრუტებს ვსწავლობ და ა.შ.

Sportall.Ge
- როცა ფრანგმა შუბის მტყორცნელმა რომენ მუნილმა სპონსორი დაკარგა, უიმედობისა და პროტესტის გრძნობის გამო, პარიზის ქუჩებში... შიშველმა გაირბინა. შესაძლებელია ასეთი რამ თქვენ გაგეკეთებინათ?
- არა! არ ვფიქრობ, რომ ასეთი უკიდურესობები საჭიროა.

- დადებითი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. უარყოფითი თვისებები არ გაქვთ?
- ჯიუტი ვარ. ზოგჯერ, ჩემთან კამათი აზრს კარგავს. კიდევ, გველების მეშინია (იცინის).

- ყველაზე სექსუალური რუსი სპორტსმენის ტიტულზე რაღას იტყ­ვით?
- სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც გავაცნობიერე ეს ყველაფერი. გამოკითხვა ინტერნეტით მიმდინარეობდა და ისე გაიწელა, რომ ვეღარ გავიგეთ, ბოლოს და ბოლოს, როდის დასრულდებოდა. ბუნებრივია, მსგავსი აღიარება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ "თამასის" შენარჩუნებაც მომიწევს...

- ბევრი სპეციალისტი ფიქრობს, რომ "კლიშინასგან ახალი ისინბაევას გაკეთებაა საჭირო". ეთანხმებით?
- არა მგონია, ახალი ისინბაევა საჭირო იყოს, უკეთესია, დარია კლიშინა "გავაკეთოთ". ვარსკვლავის სტატუსზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ კარგად მესმის, რომ ყველაფერი ჩემს შედეგებზეა დამოკიდებული. თუ შედეგები არ მექნება, არავის დავაინტერესებ. ყოველ შემთხვევაში, მძლეოსნობაში ნამდვილად ასეა...

ჟურნალი "რეიტინგი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული