გაიცანი ჩოუკბოლი

AutoSharing Option
ჩოუკბოლი (ინგ. tchouk-ხმა, რომელსაც გამოსცემს ბურთი, როდესაც სამიზნეს ხვდება, ball-ბურთი ). გუნდური თამაში ბურთით.

ჩოუკბოლი 1970 წელს გამოიგონა ცნობილმა შვედმა მეცნიერმა, ბიოლოგმა ჰერმან ბრანდტმა, რომელიც ადამიანის ორგანიზმის მოტორულ შესაძლებლობებს იკვლევდა, მუშაობდა წიგნზე "ფიზიკური აღზრდიდან სპორტისკენ, ბიოლოგიის გავლით" და სურდა შეექმნა "სპორტი ყველასთვის". ჩოუკბოლის საერთაშორისო ფედერაცია (FITB) დაფუძნდა 1971 წელს. მსოფლიოს ჩემპიონატი იმართება 1976 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ.

თამაში პოპულარულია შვეიცარიაში, საფრანგეთში, ინგლისში, ჩეხეთში, ბელგიაში, შვედეთში, ფინეთში, ნორვეგიაში, ავსტრალიაში, მექსიკაში, კანა
დაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არგენტინაში, ბრაზილიაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ტაივანსა და ჰონკონგში.

თამაშობენ მართკუთხა ფორმის, 40 მ სიგრძისა და 20 მ სიგანის მოედანზე. მოედნის ორივე მხარეს დგას სამიზნე ფოლადის კვადრატული ჩარჩო, რომელზეც დაჭიმულია 90 სმ ზომის სინთეტიკური ბადე (მიაგავს სატანვარჯიშო ბატუტს, ოღონდ დაყენებულია ვერტიკალურად, მცირედი დახრით). მოთამაშეთა მიზანია ბურთის ზუსტად ტყორცნა სამიზნეში. ბურთის გარშემოწერილობაა 58-60 სმ, წონა 425-475 გრ. ქალების ან იუნიორების შეხვედრებში - შესაბამისად, 54-56 სმ და 325-400 გრ.

თითოეულ გუნდში 12-12 მოთამაშეა, მაგრამ მოედანზე ერთდროულად იმყოფება 9 კაცი, დანარჩენები შემცვლელებად გამოდიან. მეკარე არ ჰყავს, ორივე გუნდის მოთამაშეებს შეუძლიათ ბურთი ნებისმიერ სამიზნეს ესროლონ. გუნდი ქულას იღებს, თუ ბურთი სამიზნეს მოხვდება, უკან დაბრუნდება და 1) მოწინააღმდეგე ვერ მოასწრებს დაიჭიროს, სანამ ის მინდორზე დავარდებოდეს, 2) ბურთი შეეხება მოწინააღმდეგეს, რომელიც მას ვერ დაიმორჩილებს, მოედანზე დაუვარდება ან მოედნის ფარგლებს გარეთ გაექცევა, 3) ბურთი მოწინააღმდეგეს წელქვევით მოხვდება. ყოველი სამიზნის წინ ნახევარსფეროს ფორმის, 3 მ რადიუსის "აკრძალული ზონაა", სადაც მხოლოდ შეტევაზე გადასული გუნდის წევრებს შეუძლიათ გაჩერება.

თამაში შედგება 3 პერიოდისგან, თითოეულის ხანგრძლივობაა 15-15 წუთი (ქალებისა და იუნიორების შეხვედრისას 12 წთ), პერიოდებს შორის შესვენება 5 წუთი. თამაში შეიძლება სხეულის ნებისმიერი ნაწილით, გარდა ფეხისა. მოთამაშეს უფლება აქვს, ბურთს ფლობდეს მხოლოდ 3 წამის განმავლობაში და ბურთიანად მხოლოდ 3 ნაბიჯი გადადგას. იმარჯვებს ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული