აგორე, რამდენიც გინდა...

AutoSharing Option
ეს ამბავი ამას წინათ მოხდა სპორტულ ნარდში ერთ-ერთ სოლიდურ ასპარეზობაზე. ნარდის თამაში ჩვენში ბოლო ხანს ძალიან პოპულარული გახდა და ხშირად შეაქვთ მასობრივი შეჯიბრებების პროგრამაში. ჰოდა, ხსენებულ ტურნირზე შეიქმნა ჩვეულებრივი სიტუაცია - ერთ-ერთ მოთამაშეს ქვა უნდა გაეცოცხლებია - აგორა და აგორა კამათლები, მაგრამ ამაოდ. ჩარი (ოთხიანი) არა და არ მოსდიოდა.

- რა არის, ამ უპატრონოს ჩარი აწერია? რამდენჯერმე კი წამოიძახა ბრაზმორეულმა, მაგრამ რას იფიქრებდა, რომ მისთვის სასურველი რიცხვი თურმე მართლა არ ეწერა კამათელზე. ეს ბოლოს გაირკვა, როცა ამ ჩარის და შარის
გადამკიდემ ის ხელი წააგო და კამათელს ეჭვით დაუწყო თვალიერება. აი, მაშინ აღმოაჩინა თაღლითობა. მაგრამ ვინ არის თაღლითი? როგორც გაირკვა, კამათლები მაღაზიაშია შეძენილი, მაშასადამე თაღლითობა ფაბრიკიდან მოდის, მაგრამ ვისი დაკვეთით?

ხშირად გაიგონებთ, რომ ჩვენი ექსპორტიორი ფირმები უცხოელ მწარმოებლებს უთანხმდებიან და პროდუქციას ზოგს წონას აკლებენ, ზოგს შემცვლების პროცენტს და ხარისხს, ზოგს... აგერ კამათლებზე ციფრებზე ჩაატარეს მანიპულაცია. წადი და ეძიე, ვინ და რატომ ჩაიდინა ეს უღირსი საქციელი.

P.S. ჩვენი ჟურნალისტი თავად შეესწრო ზემოხსენებულ ფაქტს, ის წყვილი კამათელი რედაქციაში წარმოადგინა და თუ ვინმე დაინტერესდება, მზად ვართ წარვუდგინოთ. სხვათა შორის სხვა კამათლებზეც სხვა რომელიღაც რიცხვი არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ დუბლირებული იყო ზოგან ორიანი, ზოგან სამიანი, ხუთიანი და ა.შ....

თენგიზ თომაშვილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული