ამჯერადაც წარმატებით

AutoSharing Option
ერევანმა მეხუთედ უმასპინძლა უკვე ტრადიციად ქცეულ პანსომხურ თამაშებს, რომელშიც, ასევე ტრადიციულად, სომხური დიასპორის რჩეული სპორსტმენები მონაწილეობენ. ამჯერად 99 ქვეყნის 125 ქალაქის 3400 წარმომადგენელმა მოიყარა თავი თამაშებზე. დებულებით ასპარეზობაში მონაწილეობის უფლება აქვს როგორც წარმომავლობით სომხებს, ისე შერეული ოჯახების წევრებსაც.

საქართველოდან თბილისის, ახალციხის, ახალქალაქის, ნინოწმინდის სპორტსმენები ჩაებნენ თამაშებში. როგორც ადრე, ჩვენმა ათლეტებმა ამჯერადაც წარმატებით იასპარეზეს.

ჩემპიონები გახდნენ ბირთვის კვრაში თბილისელი ბენიკ აბრამიანი, ქალთა შორის 1500 მ რბენაში ახალციხელი გაიანე უსტიანი და 200 მ რბენაში ასევე ახალციხელი ენდრიკ ზილბერშტეინი; ვერცხლის მედალი ხვდა წილად
თბილისელ ანგელინა კანდელაკს (მაგიდის ჩოგბურთი), ახალციხელებს ანდრანიკ მატინიანს (800 მ) და ლუდვიგ ზილბერშტეინს (100 მ); მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ თბილისის ვაჟ ფრენბურთელთა და ფეხბურთელთა გუნდები, ბადმინტონში - სვეტლანა ვართანიანი (თბილისი).

პროგრამაში იყო მძლეოსნობა, ცურვა, ფეხბურთი, ფუტსალი, ფრენბურთი, კალათბურთი, ჭადრაკი, ჩოგბურთი და მაგიდის ჩოგბურთი. ყველაზე მეტი მონაწილით მასპინძლების გარდა წარმოდგენილი იყო არგენტინა და ირანი - 400-400.

"ჩათვლაში შედიოდა მხოლოდ მედლები და ამ მაჩვენებლით 195 ქალაქს შორის თბილისი და ახალციხე შესაბამისად მე-6 და მე-7 ადგილზე გავიდნენ. პირველობა მასპინძლებს დარჩათ. არაოფიციალურად კი ქვეყნებს შორის სომხეთის შემდეგ საქართველო მეორე ადგილზეა.

თამაშების საზეიმო დახურვას ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი კი პერსონალურად საპატიო სტუმრად მიიწვია სომეხმა კოლეგამ, რომელიც პანსომხური თამაშების მუდმივმოქმედი საორგანიზაციო კომიტეეტის ხელმძღვანელია. მადლობა თბილისის მერიას დახმარებისთვის. ალბათ დადგა დრო თბილისმაც უმასპინძლოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთა ანალოგიურ ასპარეზობას" - გვითხრა თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ვან ბაიბურთმა.

თენგიზ თომაშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული