სპორტით დამშვენებული ზეიმი

AutoSharing Option
ხობის ფესტივალის პროგრამას წლეულს სპორტიც დაემატა, რაც უდავოდ მისასალმებელია - ამ აზრს ყველა იზიარებს და გასაკვირი არც არის.

ფესტივალი ტარდება საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას და მისი საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით. გოდერძი ბუკიამ კი კარგად იცის სპორტის სოციალური, გნებავთ პოლიტიკური მნიშვნელობა. კარგად ესმისო, ვამბობთ იმიტომ, რომ ადრე იგი სახელმწიფო დონეზე კურირებდა სპორტის განვითარებას საქართველოში.

ფესტივალის პროგრამაში სპორტის დებიუტი ქართული ფეხბურთის ლეგენდების მიწვევით შედგა. მთავარი ეს იყო, თორემ ფესტივალიც და თვით საამაყო ფეხბურთელებთან საზეიმო შეხვედრა დამშვენდა და გალამაზდა მასობრივი სპორტული
სანახაობებით, რომელშიც მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტში `სახალისო ფეხბურთის ღია სკოლები~ ჩართული 200-მდე აღსაზრდელი.

ვეტერანი ფეხბურთლები გუშინ დღის მეორე ნახევარში გამოჩნდნენ ხობში. ფესტივალის მონაწილენი და მაყურებლები მქუხარე ოვაციებით შეეგებნენ ძვირფას სტუმრებს. დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი სპორტული ჟურნალისტის დავით ქლიბაძის გამოცემამ "ფეხბურთის სამი ვარსკვლავი: ვლადიმერ ბარქაია, მურთაზ ხურცილავა, გიორგი სიჭინავა - ილუსტრებული დიალოგები". ფესტივალზე ჩამოსულმა ფეხბურთელებმა უპასუხეს შეკითხვებს და დაარიგეს ავტოგრაფები.

მომავალ ფესტივალებში სპორტი უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი, პატივს მივაგებთ ღირსეულ ათლეტებს, ვინც საქართველო ასახელა ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოს და ევროპის სპორტულ სარბიელზე. ისინი არიან მისაბაძი მაგალითი ახალგაზრდობისთვის"- თქვა გოდერძი ბუკიამ.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული