ჩვენები საერთაშორისო ორგანიზაციებში

AutoSharing Option
საქართველო ნამდვილად არ არის განებივრებული საერთაშორისო სპორტულ ორგანიზაციებში თავისი წარმომადგენლებით. იშვიათი გამონაკლისი ყოველთვის იყო და არის, მაგრამ ბოლო ხანებში ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ მკვეთრად შეიცვალა მიდგომები და ერთგვარ პრიორიტეტადაც იქცა.

დღეს ბევრი პრობლემა საქმიანი პირადი კონტაქტებით და პროფესიონალიზმის მაღალი დონით გვარდება. სწორედ ასეთი პიროვნება გახლავთ პროფესორი პავლე კასრაძე - საქართველოს ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს თავმჯდომარე და ამიერიდან უკვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ანტიდოპინგური ორგანიზაციის პრეზიდენტი.

როგორც ხედავთ, საერთაშორისო სპორტულ სფეროში ახლა უბრალოდ კიდევ ერთი წარმომადგენელი კი არა, მთელი რეგიონის ხელმძღვანელი გვყავს. და,
რაც ძალზე მნიშვნელოვანია, ამ ორგანიზაციამ უკვე თბილისში დაიდო ბინა. ეს კი პირველი შემთხვევაა ჩვენი ქვეყნის სპორტის ისტორიაში.

- ბატონო პალიკო, გილოცავთ ასეთ სოლიდურ და მეტად საპასუხისმგებლო თანამდებობას.
- დიდი მადლობა.

- ალბათ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ჩვენიანს აირჩევდნენ ასეთ თანამდებობაზე და მეტიც, რომ თბილისი გახდებოდა აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ანტიდოპინგური ცენტრი.
- შეიძლება ამის წარმოდგენა მართლაც ძნელი იყო, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს მოხდა.

- როგორ?
- ჩვეულებრივად, მე ჩემ საქმეს ვაკეთებდი, აქტიურად ვმონაწილეობდი მიმდინარე პროცესებში, ბევრ სპეციალისტს და ფუნქციონერს დავუახლოვდი, საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტო მოწინავეთა შორის ჩადგა აღმოსავლეთ ევროპაში.

- გასაგებია, რომ პროფესიონალიზმი და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი დაგიფასდათ, თბილისიც იმიტომ შეირჩა ოფისის ადგილად, რომ პრეზიდენტი გახდით?
- არა. პრეზიდენტი მე ვიქნები თუ არა, ოფისი თბილისში დარჩება. ესაა მთავარი.

- ადრე სად იყო ოფისი?
- ბელარუსში.

- რატომ გადმოიტანეს ჩვენს ქვეყანაში?
- ბელარუსში ტექნიკური ხასიათის პრობლემები შეიქმნა. რუსეთმა პირველმა მოისურვა ოფისის თავისთან გადატანა, შენახვის ხარჯებსაც გაიღებდნენ, მაგრამ უარი მიიღეს.

- რამდენადაც ვიცით, ჩვენებიც დათანხმდნენ ხარჯების გაღებაზე.
- დიახ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შეთავაზებამ ყველამ მოხიბლა. ამასთან ჩვენი კანონმდებლობა უფრო მოქნილია. გამარტივებულია სავიზო რეჟიმი, დაცულია გარანტიები...

- რა შეთავაზებაზეა ლაპარაკი?
- ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა თავის ახალ შენობაში გამოყო საოფისე ფართი და შენახვის ხარჯებსაც თავად გაიღებს.

- თქვენამდე ვინ იყო პრეზიდენტი?
- ჩემი წინამორბედი ბელარუსი იყო. მას ვადა ამოეწურა. მეც ორი წლით ამირჩიეს.

- მოკლედ, დიდი გარჯა მოგელით თქვენ შტაბთან ერთად...
- ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნდობა გავამართლოთ, მით უფრო, რომ მხარში გვიდგანან სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა. მით უფრო, რომ 2015 წელს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისმა უნდა უმასპინძლოს და ჩვენი დატვირთვა ორმაგდება.

- რა არის მთავარი თქვენს საქმიანობაში?
- ანტიდოპინგური პროგრამის განხორციელების საყოველთაობა, ჩამორჩენილი ქვეყნების წამოწევა. თუ სპორტსმენი დოპინგზე ჩავარდა, სრულად იქნეს დაცული მისი უფლებები. გვყავს იურისტებიც.

- იმედს ვიტოვებთ, რომ კონკრეტულ საქმეებზე დროდადრო მოვუთხრობთ `ლელოს~ მკითხველებს. წარმატებებს გისურვებთ!
- დიდი მადლობა.

ესაუბრა თენგიზ თომაშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული