ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბრინჯაოს ეს ოთხმეტრიანი (!) ფრთოსანი ქალის ქანდაკება რომელიც კაცობრიობას მოუხმობს მშვიდობისკენ, აღმართულია ძველი ოლიმპის ცენტრალურ მოედანზე, სულ ახლოს იმ წმიდათაწმიდა ადგილიდან, სადაც უკვდავი პრაქსიტელეს "ჰერმესი" დგას.
ჩვენი საამაყო მოქანდაკე დღეს "ლელოს" ესაუბრება ჩვეული, ხალასი იუმორით.
"სტოპ-რაშენ!"
1987 წელს
მოვიარეთ არაერთი ღირსშესანიშნავი ადგილი. ვნახე ძველი წელთაღრიცხვის დროს შესრულებული უნიკალური ძეგლები, მუზეუმები. შევხვდი ქალაქის მერს და სხვა ხელმძღვანელებს. საღამოს კი ჩვენი დელეგაცისითვის გაიმართა ბანკეტი. ჩვენთან ერთად იმყოფებოდნენ რუსეთის წარმომადგენლები.
მოგეხსენებათ, ბანკეტზე მრავალი სადღეგრძელო შეისვა, სადღეგრძელოებს, ცხადია, "ტონუსის ამაღლება" მოსდევს. ისედაც "ტონუსაწეული" ერთი რუსი მწერალი კი სულ "გაჯეჯილდა". სტუმრებიც და მასპინძლებიც უკვე შეწუხებულები უსმენდნენ მის უაზრო ბაქი-ბუქს. ერთ ხანს მეც ყურადღებით ვუსმენდი, მაგრამ უკვე "დაუკრეფავში" გადავიდა და ბერძნების ჭკუის სწავლებას რომ მოჰყვა, ვეღარ მოვითმინე. ღვინით
გათამამებულმა მარჯვენა ხელი ზეაღვმართე და დავუყვირე:
- სტოპ, რუსო!
ამ მოულოდნელობაზე რუსი "განმანათლებელი" ცივწყალგადასხმულივით გამოფხიზლდა და გაშეშდა. ჩემს შეძახილზე მთელი სუფრა გაიტრუნა.
- ჩტო პრაისხოდიტ? - გამოერკვა დაბნეული რუსი.
- ჩტო და... ამ სუფრაზე ბევრი ლაპარაკის უფლება ჩვენ არ გვაქვს. თუ მაინცდამაინც ეს გსურთ, დაიჩოქეთ და მადლობა შესწირეთ უფალს, რადგან ამ მიწაზე ყოფნის და ამ შედევრების ნახვის საშუალება მოგცათ-მეთქი.
ეს იყო ჩემი გულწრფელი სიყვარულის გამოხატვა ბერძნული ცივილიზაციისა და ქანდაკების მიმართ.
ქალაქის მერი წამოდგა, ხელი ჩამომართვა, გადამკოცნა და ქანდაკება შემიკვეთა. ალბათ ნასვამს მომეჩვენა-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ მეორე დღესაც რომ გამიმეორეს შემოთავაზება, მეც დავთანხმდი.
ის რუსი მწერალიც ალბათ მიხვდა სად "შეტოპა" და მთელ იქ ყოფნის განმავლობაში თვალი აღარ გაუსწორებია ჩემთვის.
გარედან ითვლება - "ტავარიშ სუდია?"
სპორტის ტრფიალი ვარ. სპორტის ყველა სახეობას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც საყოველთაოდ, მეც ფეხბურთში ვარ "ჩამწვარი". ჩემი თაობის მრავალ ფეხბურთელთან მაკაშვირებდა ძალიან ახლო ურთიერთობა.
1960-იანი წლებია. მოსკოვში ჩვენი "დინამო" ადგილობრივ თანაკლუბელებს ხვდებოდა "ლუჟნიკის" სტადიონზე.
იმ დღეს ჩვენმა ბიჭებმა რუს კოლეგებს მართლაც ქარიშხალი დაატეხეს. გამუდმებით უტევენ მათ კარს, მაგრამ... გოლი არ გადის. მე, როგორც ყოველთვის თან ვახლდი, მშვენიერ ადგილზე მოკალათებული არც აპლოდისმენტებს ვაკლებ, არც შეძახილს, მაგრამ არა და არ გადის გოლი.
როგორც ხშირად ხდება - ერთი გუნდი გამუდმებით უტევს, "ფორტუნა" კი დაჩაგრულის მხარეზეა.
აი, ერთი მოსკოველი გაუსხლტა ჩვენს დაცვას, უხერხული კუთხიდან დაარტყა. სერგო კოტრიკაძის ელვისებური ნახტომი "უშედეგოა", ბურთი ჩვენი კარის ბადეში აფართხალდა. გადაირივნენ რუსი ფანები. აგუგუნდა გახარებული სტადიონი. ჩვენ ენა ჩაგვივარდა, გამწარებული სერგო მსაჯს მიეჭრა - რაღაცას უმტკიცებს. ის კი ცენტრიდან თამაშის დაწყებას მიანიშნებს.
ნურავინ იტყვის, რომ ვაჟკაცობა თამაშში "ყურით მოთრეული უაზრობაა", თვითონ ის მოსკოველი "გოლის გამტანი" მივიდა მსაჯთან და რაღაც უთხრა. გაწბილებული მსაჯიც ჩვენი კარებისკენ გამოვარდა და ბურთი თავისი ხელით "გაჩითა". გარედან გახვეულიყო ბადეში.
რაინდი ფეხბურთელი რაინდია, და არა მარტო ჩვენთან...
აბა, ბასეინში მნახე - ვინა ვარ!
სწორუპოვარი ბომბარდირი და მაყურებლის "კერპი" მიშა მესხი ჩემი საუკეთესო მეგობარი გახლდათ. ერთ დღეს მე და ბორია სიჭინავამ შინ მიაკითხეთ. მიშას სახლი მშენებლობის სტადიაშია, მაგრამ ეზოში აუზი უკვე მოუსწრიათ, ოღონდ წყალი ჯერ არ ჩაუსხამთ.
მესხს სუფრა და დროსტარება ფეხბურთზე არანაკლებ უყვარდა. გაიშალა სუფრა ეზოში. დაიწყო ტრადიციული სადღეგრძელოები ტრადიციული "ჭინჭილით".
ბუნებრივია, ერთი სფეროს წარმომადგენლები სუფრაზე პროფესიული თემაზე საუბრობენ. ბორია და მიშა მაგრად გაერთნენ. იხსენებენ განვლილი მატჩების ეპიზოდებს, როგორ გაექცა ბორიას "იქაური" მოწინააღმდეგე... როგორ მოატყუა მესხმა თავისი თავბრუდამხვევი ფინტებით "დამჭერი" დოყლაპია და ა.შ. არც ერთი ჩემს საქმიანობას არ შეხებია.
- აუზი? - ვთქვი მოულონდელად.
- რა აუზი? - გაიკვირვა მიშამ.
- რა და - შენ ხომ მაგარი ხარ? - შევუბრუნე კითხვა.
- რა უნდა ამ კაცს? - ბორისს გადახედა მესხმა... ბორიამ მხრები აიჩეჩა. - სუფრას სხვა სპორტსმენებიც უსხდნენ და ვერაფერს მიხვდნენ.
- ხომ მაგარი ხარ, ძმაო მოედანზე? - არ ვიხევ უკან - მოდი, ერთი-ერთზე ვითამაშოთ ოღონდ... აუზში... ნაძლავი 50 მანეთზე იყოს (მაშინ დიდი ფული იყო 50 მანეთი). ვინც მოიგებს - ბიჭიც ისაა...
მიზანდასახული და ჯიუტი მიშა "ანკესზე" წამოეგო და გამოწვევა მიიღო. გავიხადეთ შარვლები და 10X6 მოცულობის აუზში ვეკვეთეთ ერთმანეთს.
ტანით მაღალი ვარ და დაცვაში ვაჯობე. ვერაფრით ბურთი ვერ გამიტანა. მხოლოდ მე (ისიც შემთხვევით) მოვახერხე მის კარში ერთი ბურთის "შეგზავნა" და მოწმე მსაჯმა უყოყმანოდ დააფიქსირა ჩემი მოგება.
"რაც შენ მოედანზე თქვა - ჩემი აუზიც არ დაგავიწყდეს-მეთქი!" - შევძახე და ქეიფიც გახურდა. ეგრეც ნუ მიყურებთ, მიშა მესხისთვის "აუზში" მომიგია, მააშ!
ეგ ვინაა?
გუშინ ტელევიზორს ვუყურებდი. ქუჩაში ჟურნალისტი გამვლელებს კითხვებს უსვამდა... დღევანდელი ახალგაზრდობის ცოდნის დონეს ამოწმებდა.
- აბა - ეკითხება ერთ გამვლელს, სადაა მდინარე "ნილოსი" - 1)-იმერეთში, 2)-ზემოქართლში, 3-კახეთში. გამეცინა ჟურნალისტის "ეშმაკობაზე" და ველოდები ახლა იმ ახალგაზრდის პასუხს. იმანაც გავარიანად იფიქრა და იცით რას პასუხობს? რას და:
- ვერ დამაბნევ, ნილოსი არც ერთგან არაო.
- აბა სადაა? - ჩაეძია ჟურნალისტი.
- სად და... ზემო სვანეთშიო - სრულიად სერიოზულად უპასუხა გამვლელმა.
შემომეყარა გულზე და ერთი ამბავი გამახსენდა ამასთან დაკავშირებით:
გივი კარტოზიას ძეგლზე (იგი ახლა სპორტის სასახლის წინ დგას) ვმუშაობდი 8 წლის განმავლობაში. ამდენ ხანს არ მოვუნდებოდი, მაგრამ მოგეხსენებათ, კომუნისტების დროს ფულის გადარიცხვა "ჭირდა" (არც ახლაა დიდად გასახარად ეს საქმე). ერთ დღეს ვრეკავ სპორტკომიტეტში. ყურმილს ჩემთვის უცნობი ნომენკლატურული ქალბატონი იღებს.
- მე თანხის გადმორიცხვის თაობაზე გირეკავთ - გიორგი ვარ შხვაცაბაია.
- რომელი შხვაცაბაია?
- გიორგი.
- გავიგე, ყრუ კი არ ვარ - გაგულისდა ქალი - რა ფულს ითხოვთ?
ჩამწყდა გული რომ სპორტის სამინისტროში არ მიცნობენ. მაგრამ არ შევიმჩნიე.
- გივი კარტოზიას ძეგლზე ვმუშაობ.
აქ კი ჩემმა გაოცებამ მე თვითონ გამაოცა:
- გივი კარტოზია ვინაა? - სრულიად სერიოზულად მკითხა ქალმა ყურმილში...
ჩემი ავჩარკა
გერმანული ნაგაზი მყავს (მეც "გავიცანი" სხვათა შორის - მ.მ.), რომელიც ძალიან ავია, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი, თუმცა "მტერს არ ახარებს". არიქა, ვინ იცის ჭიშკარი არ დამრჩეს ღია-თქო და ყოველი შემთხვევისთვის ზარის ქვეშ წარწერა გავაკეთე: "ეზოში ავი ძაღლია".
სტუმართმოყვარე ვარ და ვინ არ სტუმრობდა ჩემს ოჯახს. მათ შორის ყველა სახეობის ელიტარული პიროვნებები. ამ წარწერის გაკეთების შემდეგ შეწყდა და შეწყდა სტუმრების სვლა ჩემს ოჯახში. საგონებელში ჩავვარდი, "რა ხდება?" "რა ხდება?"! ბოლოს მივხვდი და წარწერა ჩამოვგლიჯე ჭიშკრიდან. ახალი ჩავაწიკწიკე და ჭიშკარს მივაკარი:
"ეზოში კეთილი ძაღლია".
ასე რომ, ნუ შეშინდებიან. ჩემი ჭიშკარი კეთილისმოსურნე ხალხისთვის მუდამ ღიაა - "გელით, გაშლილი ხელით", მაგრამ ზარი მაინც დარეკეთ - "ეშმაკს არ სძინავს".
P.S. ნამდვილად გამიჭირდა ბ-ნ გიორგისთან განშორება მისი შინაარსიანი სახლ-კარის დათვალიერების შემდეგ. იგი ახლა თავისი "კერპის" და მეგობრის - მიხეილ მესხის ქანდაკებაზე მუშაობს, მაგრამ ძალიან გულგატეხილი, რადგან ამ დიდებულ ქმნილებას მარტო ენთუზიაზმი და ენერგია არ ჰყოფნის. შეფარულად ("ლაითად") თუ ვიტყვი, ამ საქმეს ცოტა "ისიც" სჭირდება, რასაც ჩვენი "ძლიერნი გულით და ფულით" ჯერ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ, არადა - "ეზოში კეთილი მასპინძელია"...მინიშნება ძნელი მისახვედრი არაა და გელით ხელგაშლილო ქართველებო, მესხის თაყვანისმცემლებო, გელით, რომ სამუდამოდ უკვდავყოთ ამ უზარმაზარი ფეხბურთელის და ადამიანის ხსოვნა.
მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"