რაც დავიწყებას არ მიეცემა

AutoSharing Option
1960 წლიდან "ლელოს" აქტიური მკითხველი ვარ და აქედან მოყოლებული, ალბათ, არცერთი ნომერი არ დამრჩენია წაუკითხავი. მითუმეტეს, რომ ვეტერან თუ მოქმედ სპორტსმენებთან ურთიერთობა მქონდა და მაქვს.

ახლოს ვიცნობდი ვლადიმერ უგრეხელიძეს, ვიცნობ მანუჩარ მაჩაიძეს, ვლადიმერ გუცაევსა და რევაზ ჩელებაძეს (ჩემის სტუდენტი იყო); ჩემი სტუდენტები იყვნენ აგრეთვე მიხეილ სალაძე, ლევან ებანოიძე და მამუკა აბუსერიძე. შეიძლება ითქვას, რომ ახლო ურთიერთობა მაქვს ნანა ალექსანდრიასთან, ზურაბ აზმაიფარაშვილთან (ახლახან თავისი შესანიშნავი ავტობიოგრაფიული წიგნი მისახსოვრა) და გია გიორგაძესთან. ვმეგობრობ ბათუმელ მოჭადრაკე სალომე მელიასთან, რომელიც ახლახან გათხოვდა და ვულოცავ
გაბედნიერებას.

"ლელოს" მრავალფეროვანი რუბრიკებიდან, ბოლო ხანებში სიამოვნებით ვეცნობი - "ქართული სპორტის ქრონიკებს", და "თავგადასავლებს," სადაც ძირითადად, ჩვენი გამოჩენილი სპორტსმენები უცნაურ, ზოგჯერ კურიოზულ და, რაც მთავარია, საინტერესო თავგადასავლებზე მოგვითხრობენ. ახლახან ჩვენი სახელოვანი და საამაყო სპორტსმენის ნინო სალუქვაძის მონათხრობს გავეცანი და დიდ სპორტსმენებთან და დიდი სპორტსმენების აჩრდილებთან შეხვედრების შორეული და შედარებით ახალი - სასიამოვნო ამბები ამომიტივტივდა მეხსიერებიდან.
ნინო სალუქვაძით დავიწყოთ.

დიდი სპორტსმენი და დიდი ადამიანი!

ნინო სალუქვაძე რომ ჩვენი სიამაყეა, ამის აღნიშვნით თითქმის არაფერს ვამბობთ. დღეს, როცა ხშირად გვესმის ნამდვილი თუ არანამდვილი ლეგენდების შესახებ, ამ ფონზე ლეგენდარული სწორედ ნინო სალუქვაძეა - 6 ოლიმპიადის მონაწილე და მეშვიდეზე უკვე ლიცენზია მიღებული, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი, მსოფლიოს თასის მრავალგზის მფლობელი, ევროპისა და საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი და ა. შ.

რამდენიმე წლის წინათ, უცხოეთში სრულიად შემთხვევით შევხდი ნინო სალუქვაძეს.

2006 წლის მარტის მიწურულია, გერმანიაში მაინის ფრანკფურტში ჩავფრინდით, იქიდან მიუნხენში მივემგზავრები. ძალიან ვღელავ. რადგანაც რამდენიმე დღეში მეუღლეს თბილისში რთულ ოპერაციას უკეთებენ. ამასთან, ერთი წლის წინათ მიუნხენის აეროპორტში საკონტროლო პუნქტში პრობლემები შემექმნა და, როგორც ჩანს, ქვეცნიობიერად ეს ფაქტიც მუშაობს.

როგორც კი თვითმფრინავიდან გამოვედით ჩემს გვერდით სიმპატიური თანაც ნაცნობი სახის ქალბატონი დავინახე, გვერდით მოდის. ვიდრე საბოლოოდ გავიცნობიერებდი თუ ვინ იყო, მომესალმა. ეს ხომ ნინო სალუქვაძეა გავიფიქრე და თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით საუბარი გავაბით. ქალბატონმა ნინომ მიცნო თუ როგორც ქართველს, გამომეცნაურა. ვერაფერს ვიტყვი. ერთი კი ცხადია. როცა შემატყო რომ დაძაბული ვიყავი, წინ მიმავალი ნაცნობი გააჩერა და უთხრა, ვიდრე კონტროლს არ გაივლის არ მოშორდეო (თვითონ ტრანზიტით მიდიოდა სხვა ქვეყანაში).

როცა ნინო სალუქვაძეს მოვკრავ თვალს ტელევიზიასა თუ გაზეთში, მის გვარს წავიკითხავ ან გავიგონებ მაშინვე ეს ეპიზოდი მახსენდება და თანაც ფიქრი გამივლის

ბურთი - ხმალიც და ფარიც
წინა საუკუნის 80-იან წლებში შვებულების რამდენიმე დღეს ბათუმში ვატარებდი. ახლობელმა პედაგოგმა ზურაბ მახარაძემ მწვანე კონცხზე ერთ ოჯახში დამპატიჟა.

აღმოჩნდა, რომ სუფრა ჩვენი (და არა მხოლოდ ჩვენი) კალათბურთის ლეგენდის, ოთარ ქორქიას პატივსაცემად იყო გაშლილი. ასე ოცამდე პერსონა შეიკრიბა. ბატონი ოთარი მოწყენილი გამოიყურებოდა, თითქოსდა შეუძლოდაც იყო. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობამ ბოლომდე არ იცოდა თუ ვინ იყო მათი სტუმარი. მე კი მონუსხულივით ვუყურებდი ლეგენდას. სპორტი ბავშვობიდან მიყვარდა, განსაკუთრებით კალათბურთი და მოწინავე გუნდების წევრთა შესახებ ბევრი რამ ზეპირად ვიცოდი. სუფრასთან მომენტს ვუცდიდი, ამ სფეროში ჩემი შეხედულების გამოსამჟღავნებლად. ამის შესაძლებლობაც მომეცა.

- საქართველოში იმ დარგებში მიაღწიეს დიდ წარმატებას, რომელთაც სათავე დაუდეს დიდმა პიროვნებებმა (მათი გვარები და ღვაწლი ჩამოვთვალე). ასე იყო სპორტშიც: ბორის პაიჭაძე - ფეხბურთში, თქვნ, ბატონო ოთარ, კალათბურთში - ვთქვი მე და რამდენიმე ნიუანსიც გავიხსენე მისი საკალათბურთო წარსულიდან. სამადლობელო სიტყვაში ბატონმა ოთარმა დასძინა: "იმ გიგანტებთან, ვინც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩემი სახელი რა მოსატანია; ის კი არა, არც ბორიას (ბორის პაიჭაძე) გვერდით შეიძლება ჩემი მოხსენიება. მაგრამ ერთი კი იყო: "როცა მოედანზე გავდიოდი, მწამდა, რომ ბურთი ჩემთვის ხმალიც იყო და ფარიც, ჩემი ქვეყნის ღირსების დასაცავად".

რამდენიმე წლის შემდეგ ეს ამბავი უფრო ვრცლად აღვწერე და სათაურით - "ბურთით, ვითარცა "ფარითა და ხმლით", "ლელოს" რედაქციაში მივიტანე. რედაქტორმა, წერილი მეორე დღესვე გამოაქვეყნა (24.01.1991). გადმომცეს, როცა ბატონ ოთარს ეს წერილი აჩვენეს, თვალზე სიხარულის კურცხალი ჩამოუგორდაო.

არ იყო იმედი, გამოჩნდა იმედო!
1994 წლის პირქუში შემოდგომაა. ყველაფრის გაჭირვებაა, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მით უმეტეს, საღამოთი. ჟინჟღლავს. ტელევიზიის მოპირდაპირე მხარეს გაჩერებაზე ვარ, დიდი ხანია ველოდები, მაგრამ არც ტრანსპორტი ჩანს და არც გამოჩენის იმედია.

ამ დროს "მოსკვიჩი" გაჩერდა და იქ მდგომთ მოგვმართა: თუკი ვინმე საბურთალოზე მოდის, წაგიყვანთო. ჩემს გარდა არავინ მიდიოდა საბურთალოზე.

ჩავუჯექი მანქანაში და საჭესთან მჯდომის სახე მეცნო. მაშინვე ვკითხე - საიდან უნდა მეცნობოდე? ალბათ სპორტული მოედნიდანო, მიპასუხა. ჩვენი სახელოვანი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე აღმოჩნდა. მოკლე დროში მისი საუკეთესო თამაშები გავიხსენე, როგორც ჩვენს "ბურევერსტნიკში", ისე საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ის კი არა, იურიდიული ფაკულტეტის გუნდის შემადგენლობაში უნივერსიტეტის პირველობის თამაშებიც გავახსენე. გვარიანად წვიმდა და დიდმა სპორტსმენმა ლამის სადარბაზოში შემიყვანა მანქანით.

აქვე ერთ ფაქტსაც გავიხსენებ. უნივერსიტეტის ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, სადაც მე ვსწავლობდი, სპორტსმენების ნაკლებობა იყო. თუმცა ჩვენ ფაკულტეტზე მაშინ ფსიქოლოგიის სპეციალობით სწავლობდა ცნობილი მორაგბე, საოცრად კეთილშობილი პიროვნება, დავით დავითაია (1943-1976) და ასევე ხელბურთელი, შემდგომში ცნობილი მეცნიერი, სოციოლოგი გივი მერაბიშვილი.

ეს ორი სახელოვანი სპორტსმენი გუნდს აკომპლექტებდა და მეშვიდე კაცი აკლდათ. ვერავინ ნახეს და ძალით შემათრიეს მოედანზე. ხელბურთის ბურთი საერთოდ არ მჭეროდა ხელში, თუმცა კალათბურთში ფაკულტეტის გუნდის კაპიტანი ვიყავი.

ვეთამაშებით ფიზიკის ფაკულტეტს, რომელშიც განთქმული "ბურევესტნიკის" რამდენიმე ხელბურთელი იყო. ერთ მომენტში შეტევის წინა ხაზზე აღმოვჩნდი და მეკარისგან მარჯვენა კუთხეში ვსტყორცნე ბურთი. მეკარეც "მიმიხვდა" ჩანაფიქრს და სწორი რეაქცია გააკეთა, მაგრამ ბურთი გამისხლტა ხელიდან და  მარცხენა კუთხეში ჩაეშვა. მოწინააღმდმეგემ ეს ჩემს ოსტატობას მიაწერა და პერსონალური დარაჯი მომამაგრა, რომელიც მანამდე დამსდევდა (ბოლოს გაკვირვებული), ვიდრე დაღლილ-დაქანცული მოედნიდან არ გამიყვანეს.

მიხეილ მახარაძე,
აჭარის ავტონომიური რეპსუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, პროფესორი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული