ვეტერანი კალათბურთელის ვალერი ლომაძეს კურიოზები

AutoSharing Option
კალათბურთის მოყვარულებს დიდხანს არ დაავიწყდებათ ვალერი ლომაძის ბრწყინვალე თამაში. მშენებელ-ინჟინერი და მრავალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის სულისჩამდგმელი გულიანად იხსენებს თუ რა მხიარული ამბები გადახდენია.

ვის უნდა "ორი აგური"?
ტრივიალური და მარტივი ხუმრობაა "აგური". ასეთი რამეებით ბევრ მსახიობს და სპორტსმენს უსარგებლია, მაგრამ აქ ცოტა სხვანაირად მოხდა:

ჩვენს გუნდში ორი ლეჟავა თამაშობდა. ანზორ ლეჟავა და ილო ლეჟავა. ორივენი ძალიან საყვარელი და სასახელო კოლეგები გახლდნენ.
უცხეთში ვართ. ვიპოვეთ ქუჩაში ორი აგური. შევფუთეთ ცელოფნებში დ ჩავდეთ ჩემოდანში (რა თქმა უნდა, სასეიროდ) ინკოგნიტოდ და ველით შედეგს.
თბილისში მოვფრინავთ გამარჯვებულები და კმაყოფილები. ყველას გვეგულება ჩემოდნებში "რაღაც-რუღაცები" რითაც თბილისელ ახლობლებს გავახარებთ.

- ანზორ - ყურში უჩურჩულა ერთმა ჩვენთაგანმა ტანმაღალ კალათბურთელს - იცი რა ხდება?
- რა? - (ანზორი სასეიროს მოლოდინშია).
- ილოს, (არ გაგვამხილო) ორი აგური ჩავუდეთ ჩემოდანში.
ამის თქმა და ანზორის გადაფიჩინება ერთი იყო... იცინის, იცინის, კვდება სიცილით. გადახედავს ანზორი - ილუმინატორთან მშვიდად მჯდომ ილოს და წასკდება სიცილი... ხაააა, ხა, ხა...
და აჰა! - თბილისი...
მიდის ანზორი სახლში და ცოლ-შვილს უამბობს თუ როგორ გადაირევა შინ მისული ილო, როცა ხელში აგურები შერჩება.
სახლში დამხვდურებიც ქანცგაწყვეტამდე იცინიან.
- შენ რა ჩამოგვიტანე? - შეიშრეს როგორც იქნა სიცილის ცრემლები დამხვდურებმა.
ანზორი მომენტს "წელავს". მერე ტკაცუნით ხსნის ჩემოდანს:
- ოლეეე! და... ორი აგური ხვდება ხელში. კაცს სიცილი სახეზე ეყინება:
- ოოოხ, მე თქვენიიი! როგორ გამაცუცურაკეთ, თქვე შტერებო!..
- შემოაცალეთ ცელოფანი მაგ ორ აგურს! - მაჯობეს - თავში უნდა შემოვიკრა!

აგია პენალი?!!!
ლანჩხუთის რაიონის ერთი (ყოველ შემთხვევაში) ჩემთვის ულამაზეს და უსაყვარლეს სოფელ გვიმბალაურიდან ვარ. ამ ამბავთან, ახლა რომ უნდა მოგახსენოთ, გვიმბალაური არაფერ შუაშია, რადგან ჭაბუკობის შემდეგ იქ იშვიათად ჩავდივარ. კონკრეტული ამბავი ლანჩხუთის სიმღერად ნაქცევ ფეხბურთის გუნდ "გურიას" უკავშირდება.

ჩვენი მაშინდელი ცკას მდივანი ედუარდ ამბროსევიჩი ფეხბურთის "გადამკვდარი" ფანი იყო და არის. რა თქმა უნდა, გურული კაცი სამშობლოს, მშობელი მხარის გულშემატკივარია და ასე თუ ისე სათანადო ყურადღებას აქცევდა მაშინ ამ ლეგენდარულ გუნდს.

მონათხრობი რომ უფრო მარტივი და გასაგები გახდეს ასე ვიტყვი. ლანჩხუთის "გურია" "ბ" კლასიდან "ა" კლასში გადადიოდა, რადგან თამაშს თამაშზე იგებდა შინ თუ გარეთ.
გუნდს "პატრონობდა" ედუარდის ძმა - ევგრაფ შევარდნაძე. "ძალა რომ აღმართს ხნავს, ახლა შეიძლება არ ეწეროს პირველკლასელთა "ნოუთბუქზე" მაგრამ მაშინ წყალშეუვალი ჭეშმარიტება იყო და "გურია" თუ იგებდა და იგებდა, ცოტა არ იყოს ევგრაფის "ბრალიც" იყო.

შემოვიდოდა სტადიონზე (რა დროც უნდა ყოფილიყო თამაშის დაწყებიდან) მოიხმობდა "ბიჭებს" და:
- აღარაა პენალის დროი?
- იქნება ამბროსიჩ!!! მიფრინავდა "ქსივა" მსაჯთან.
"პენალტი" რომ 99%-იანი გოლია უჩემოდაც იცით.
იმ დღესაც, ვზივარ მე და ვუყურებ ჩემი მშობლიური გუნდის თამაშს. მომიჯდა უცბად გვერდით (სად იყო და სად არა) ევგრაფი და სხვათა შორის მეუბნება:
- რავაა საქმე... არაა პენალის დროი?!
აგიხდეთ ყველაფერი კარგი. ერთი ჩვენი ფეხბურთელი ("ლანჩხუთელი") მართლაც მოცელეს, მაგრამ ამას ფეხები საჯარიმოს გარეთ გაუსრიალდა. თავი დარჩა ხაზს აქეთ, ანუ საჯარიმოში.
- პენალი ასოთხმოცდათხუთმეტიათასიანი! - იყვირა ევგრაფიმ.
მე მაინც ნეიტრალური დავიჭირე.
- ბატონო ევგრაფ ამბროსევიჩ, არაა პენალტი.
- აუ! რატომ ვითომ კაცო? - გაუკვირდა საშინლად - რავა გიტლერივით იქცევი შენ! ჩვენი ხარ თუ იმგენის?
- თავი დარჩა შიგ - საჯარიმოში, ბატონო ევგრაფ, სამაგიეროდ ფეხები საჯარიმოს გარეთ ჰქონდა.
ამბროსევიჩი არ დაიბნა.
- ბიჭო, ფეხბურთს ფეხი კი არ თამაშობს, თავი თამაშობს, თავი... თუმცა, უტვინო თავი დარჩა შტერს საჯარამოში და მსაჯიც უტვინო კი არაა (არ გაიტეხა იხტიბარი).
როგორც ყოველთვის ლანჩხუთმა იმ დღეს მოიგო.
გურიაააა, გურიააა!!! გუუ-რი-ააა!!! - სკანდირებს მთელი ქალაქი. ხუმრობა ხომ არა, "გურია" "ბეზ პიტი მინუტ" უმაღლეს ლიგაში გადადის. ზეიმობს მთელი გურია, კაცი და ქალი, დიდი და პატარა, ხარი და ძროხა... ქათმებიც კი, რომლებიც მზად არიან შემწვარ მდგომარეობაში "თეფშებზე" წამოსაწოლად.
- შენ ჩემი პატარა ძმა ხარ! - აღტაცებული მეხვევა ევგრაფ ამბროსევიჩი.
მომენტით ელვისებურად ვისარგებლე:
- ევგრაფ ამბროსოვიჩ, შეიძლება ამ სასიხარულო დღეს ერთი რაიმე გთხოვოთ?
- მთხოვეეეე! - ათასიიი!!! - ეიფორიაშია.
- აი, იიიქ - ავწიე მაღლა საჩვენებელი თითი - ედუარდ ამბროსევიჩს დაურეკეთ და გააგებინეთ, რომ მე თქვენი... ნაბოლარა ძმა ვარ!



"ვაა, უჟე ოტხოდიტ?!"
მწვრთნელი გვყავდა ერთ დროს შესანიშნავი პიროვნება და თავისი საქმის ბრწყინვალე ოსტატი - ძეკონსკი. საქმე კარგად მიდის. მოსკოვში მატარებლით გავემზავრეთ. ვინც იცის - იცის, ვინც არა - ავუხსნი, რომ თბილისიდან მოსკოვამდე მატარებელს სამი "სუტკა" სჭირდებოდა.

სამშობლოდან წაღებული სურსათ-სანოვაგე მალე გამოგველია. მეორე დღეა და მატარებელი ბელორეჩინსკის სადგურზე გაჩერდა.

ეს სადგური განთქმული იყო პროდუქტის სიუხვით. სახელდობრ, შემწვარი ქათმებით და მწყერებით.
გაჩერდა თუ არა მატარებელი - აბა ზედახორააა?! (სულ 5 წუთი ჩერდებოდა და რას მოასწრებ?!)
ძეკონსკი ჩავიდა და რიგის ბოლოში მოექცა.
აქედან ერთ-ერთი მწვრთნელი - ოგანეზოვი ეძახის:
- იძი კამნე, ია ტებე ადინ უმნი ვეშ სკაჟუ. ისიც მოვიდა. "ჩაიწყო ვარიანტი" - ოგანეზოვმა უნდა დაიყვიროს მატარებლიდან - "პოეზდ ატხოდიტ". მერე ყველა მატარებელს მოაშურებს და ძეკონსკი ურიგოდ აიღებს შემწვარ და მოხარშულ ქათმებს. დაუჯერა და დადგა რიგში. ოგანეზოვმა ყელი მოიღერა და იყვირა:
- პოეზდ ატხოდიტ!
დაფანცქალდნენ რიგში მდგარები და და ფაცხაფუცხით მოახტნენ მატარებლის კიბეებს. ამ დროს სულ "ცარიელი" ძეკონსკიც მარჯვედ ამოხტა კიბეზე და ოგანეზოვს ეუბნება:
- ვაა, უჟე ატხოდიტ?!
დავრჩით მშივრები.



"ნემოი" შენ ხარ...
ერთხელ მე და მოსეშვილმა "ჩავაწყვეთ" და ვალოდია უგრეხელიძეს ვაღადავებთ.
ლევანმა რაღაც უთხრა ტუჩების ცმაცუნით.
- ვერ გავიგე. - ბუნებრივია, გაუკვირდა ვალოდიას.
- ეს ყრუა? - დაყრუვდი ბოშო, შენ? - გადმომხედა მოსეშვილმა.
- დაყრუვდა ალბათ - დავუმოწმე მეც.
- რა ყრუ... რის ყრუ... ყრუები თქვენ ხართ - არ იმჩნევს ვითომ.
- რამე თქვა ახლა ამან? - მეკითხება მოსეშვილი. ვალიკო გაოცებული გვიყურებს.
მეორე დღეს ლევანმა მაშინ იშვიათი "განძი" "სპიდოლა" იყიდა და დადგა მაგიდაზე.
ჩართო და ჩაუწია ხმას ბოლომდე. ჩვენ "ვუსმენთ" და რიტმულად ვირხევით (ვითომ მუსიკას ვყვებით) უგრეხელიძე სერიოზულად შეეჭვდა:
- რას იმანჭებით?
- კაცო, ჯაზია და ვყვებით.
- რა ჯაზი! ჯაზი კი არა არაფერიც არ ისმის, ბრაკი შემოგასაღეს, თქვე შტერებო.
ყურთან მივუტანე ტუჩები:
- ჩემი ხმა გესმის?
- მესმის რომელია, ყრუ ბებიაშენია, თუ ასე გინდა.
- ა... ახლოდან კი ესმის - გადავხედე მოსეშვილს.
- ახლოდან არყოფნის საქმეს - თქვა ლევანმა და გააგრძელა უხმოდ ტუჩების ცმაცუნი.
- ბოლოს რა თქვა ახლა ამან? - ისევ დაეჭვდა ვალიკო.
- თუ მოვიგეთ - არ წავაგებთო ხვალო... ხვალო! - გაიგე?
- რაო?
- რაო კი არა, გესმის შენ ახლა რამე?
- ყურთან რო ჩამყვირებ მესმის, აბა არ მესმის? შტერი შენ თვითონ ხარ!
ისევ ავაცმაცუნე ტუჩები (ვითომ ლევანს ველაპარაკები), ისიც ტუჩების ცმაცუნით მპასუხობს.
- ვაიმეეე! - ცუდი ფერი დაედო ვალოდიას - დავყრუვდი მე ალბათ! - თქვა დამაჯერებელი გამომეტყველებით. მაგრამ მეგობარს სულ ხომ არ გავწირავდით.
...ორი დღე პირდაპირ გვლანძღავდა. ბოლოს როგოც იქნა შემოგვირიგდა. ან რა გზა ჰქონდა? "პირი ცხვირს დაშორდება?!" - არა!

მურმან მერკვილიშვილი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული