მსოფლიოს ჩემპონატიდან ქართველები ბრინჯაოს მედლებით დაბრუნდნენ

AutoSharing Option
უზბეკურმა ჭიდაობა კურაშმა ათი წელიწადია, საერთაშორისო სარბიელისკენ გაიკაფა გზა და მნიშვნელოვანი შეჯიბრებიც ტარდება.

დასტურად მსოფლიოს მე-8 ჩემპიონატიც გამოდგება, რომელსაც ამ დღეებში ტერმეზმა (უზბეკეთი) უმასპინძლა. გულშემატკივრებით გადაჭედილ სტადიონზე 64 ქვეყნის 400-მდე ფალავანმა მოიყარა თავი, მათ შორის საქართველოს 3 წარმომადგენელიც იყო. გიორგი ბიჩელაშვილი და გიორგი იაძე 81 კილოში ცდიდნენ ძალებს. ორივე სპორტსმენმა წარმატებით განვლო გზა ნახევარფინალამდე, სადაც მათი წინსვლა შუააზიელებმა შეაჩერეს: ბიჩელაშვილმა ყაზახ იზატულო ჯამშედთან წააგო, იაძეს კი უზბეკმა შუხრატჯონ არსლონოვმა სძლია.

ტაშკენტელმა ფალავანმა ფინალშიც იყოჩაღა და ჩემპიონობა მოიპოვა, ჯამშედი მეორე ადგილზე
გავიდა, ქართველ ფალავნებს - ბიჩელაშვილსა და იაძეს ბრინჯაოს მედლები ერგოთ.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა დავით ობგაიძე, მაგრამ იგი სტარტზევე დამარცხდა მასპინძელთან და შეჯიბრებას გამოეთიშა.

ჩემპიონატის მეორე დღეს უზბეკეთის პრეზიდენტის სახელობის მე-10 საერთაშორისო ტურნირიც (საპრიზო ფონდი 20 ათასი ამერიკელი დოლარი) გაიმართა აბსოლუტურ ფალავნობაში. ბიჩელაშვილმა პირველივე შეხვედრა გაფრთხილებით დათმო იაპონელ იუჟი ონიშისთან, რომელმაც 100 კილოში მსოფლიოს ჩემპიონატის "ბრინჯაო" დაიმსახურა, იაძემ კი მეოთხედფინალში წააგო ირანელ რახნამა ხოშტთან და მე-5 ადგილზე გავიდა. ფინალურ პაექრობაში ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების პრიზიორმა, ძიუდოისტმა აბდულო ტანგრიევმა (უზბეკეთი) ონიშის აჯობა და მთავარი პრიზი დაისაკუთრა.

მარჯვნიდან - გიორგი ბიჩელაშვილი, გიორგი იაძე და დავით ობგაიძე უზბეკეთის კურაშის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული