კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელის კურიოზები

AutoSharing Option
შთამომავალში ნიადაგ მძლავრობს წინაპრის სისხლი და გენი. დიდი მიხეილ ჭიაურელის შთამომავალი - მისივე მოსახელე შვილიშვილი, სწორედ რომ წინაპრის ნაკვალევს მიჰყვება.

მიშას არაერთი ფილმი გადაუღია სპორტულ თემატიკაზე. მათ შორის მხატვრული ფილმი "ჭიდაობას რა უნდა". დოკუმენტური ფილმები სპორტის მრავალ სახეობაზე, მაგრამ "ქართულ-ბრაზილიური" ფილმის გადაღებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.

პელე... მე ვარ ბიჭო, მე!!!
ეს ფილმი საკავშირო ტელევიზიის დაკვეთა იყო. ამდენად საორგანიზაციო საკითხები სახტელერადიოს უნდა მოეგვარებინა - დაემყარებინა კავშირი ბრაზილიის სატელევიზიო კომპანია "გლობოსთან", მოემზადებინა ვიზები
არგენტინასა და ბრაზილიაში გასამგზავრებლად და ა.შ. მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა. უნდა გავმგზავრებულიყავით 16 თებერვალს, უნდა ჩაგვესწორო ცნობილი კარნავალისთვის რიო-დე-ჟანეიროში, მაგრამ გავემგზავრეთ 23-ში. ჩავფრინდით ბრაზილიაში კარნავალის დამთავრების წინა დღეს.

ტელეკომპანია "გლობოსს" არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა ჩვენი ჩასვლის შესახებ. ბუნებრივია, არავინ დაგვხვედრია. იძულებულნი გავხდით დამოუკიდებლად გვემოქმედა.

პირველი, რაც მოვიფიქრეთ, გავიგეთ სად იყო კარნავალი და გავეშურეთ გადასაღებად. ადვილია თქვა - გავეშურეთ. ძალიან გაგვიძნელდა აპარატურის გადატანა და გადასაღები ჯგუფის გადაადგილება. როგორც იქნა აღმოვჩნდით სამბადრომის მისადგომებთან.

ბრაზილიელები ძალიან თბილი, სტუმართმოყვარე და მომღიმარი ხალხია. თავს უცხოდ ვერ იგრძნობ. სწორედ ამ ადამიანების დახმარებით მოვხვდით სამბადრომის ტრიბუნებზე. სადაც გადავიღეთ ჩვენი გმირი კარნავალის დროს.

იქაურებს ვუყვებოდით ჩვენს ქვეყანაზე, რომელიც მუხლჩაუხრელად იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის, რაც ძალიან გაუკვირდათ - როგორო, თქვენისთანა ხალხი არაა დამოუკიდებელი და თავისუფალი?! - კინაღამ გადაირივნენ. ამ ამბებზე რომ ვლაპარაკობდით, ყველას გვეცინებოდა, ოღონდ ჩვენ... სიმწრით.

მესამე დღეს, მარაკანას სტადიონზე უნდა შემდგარიყო კალენდარული მატჩი ლიდერებს "ვასკო და გამასა" და "ბოტოფაგოს" შორის. ასეთ მატჩებზე ბილეთის შოვნა "ფანტასტიკის ჟანრს" განეკუთვნება. ჩვენ კი უბილეთოდ აღმოვჩნდით, ცენტრალურ ლოჟაში ვართ უკვე.

ქართველი მაყურებლისთვის უცხო არაა ჩვენი უბადლო მსახიობის, კახი კავსაძის ნატურა. მისი სამსახიობო ოსტატობა. არავის გაუკვირდებოდა თუ მოუყვებოდით, რომ კახი კავსაძემ ბაყბაყდევი ჩხუბში "ბოი ბეზ პრავილ" გამოიწვია და პირველსავე რაუნდში "ვაი დედა" აძახებინა.

არც ის გაუკვირდებათ, თუ კახიზე უამბობთ, რომ მუშტის ერთი დარტყმით ნაიალაღარი ხარი გააკრა მიწას.

კახიზე არც იმას გაიკვირვებენ, რომ უთენია დგება და ეშმაკს დაეძებს, რათა რაიმე მოატყუოს, გააბრყივოს და დააბეჩავოს, მაგრამ რაც მან სტადიონზე მოახერხა და მოიმოქმედა, ვინ, ვინ და არც მე დავიჯერებდი, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ჩემი კამერით არ დამეფიქსირებინა. თუმცა იქ მაშინ კამერით არანაირი კადრის გადაღების უფლება არ ჰქონდა არავის და მათ შორის ჩვენც. ეს ისტორიული ამბები მხოლოდ ვიდეოთი დავაფიქსირეთ.

ვიმეორებ, ეს დაუჯერებელი იყო.

კახიმ დაგვიბარა, ახლა მე ვიცი, ყურადღებით იყავით, პელეს თვალი არ მოაცილოთ და მეც იქ მიხილავთო და... გაშპა... გაუჩინარდა.
ცოტა ხანში ტრიბუნებს თითქოს ქარიშხალმა შემოუტიაო - უჩვეულო ჟრიამული ატყდა. ეს იმის საპრელუდიო ხმაურია, რაც ფებურთის მეფის გამოჩენას უძღვის წინ. დიახ, მსოფლიო ფეხბურთის მეფე უნდა გამოჩნდეს მოედანზე... მაგრამ ეს რა ხდება?! ხმელ-ხმელი, მაღალ-მაღალი, სანდომიანი შესახედაობის კაცი გამოჩნდა, რომელიც "მწმენდავის" როლშია და მოძალებულ ფოტორეპორტიორებს შესაშური მონდომებით, ჟესტით, მიმიკით და თქვენ წარმოიდგინეთ - მუჯლუგუნებითაც იგერიებს, გზა მიეცით ფეხბურთის მეფეს, ედსონ-არანტეს-დე-ნასიმენტო-პელეს.

ალბათ დაცვაა... სხვა ვინ უნდა იყოს? - იფიქრებთ თქვენ?
- არა, ბატონებო, ნურც ახლა გაგიკვირდებათ... ეს ჩვენი კახი გახლავთ, - კავსაძე! იგივე სწორუპოვარი რაინდი - "დონ-კიხოტი".
თვით პელეც უხერხულად აცეცებს თვალებს. ვერ გაუგია და ვერ აუხსნია, თუ საიდან ჩამოფრინდა ეს სწორუპოვარი რაინდი.
- გზა, გზა! გზა მიეცით მეფეს! - იგერიებს კახი რეპორტიორებს. მერე პელესთან მიდის, ცალ თვალს ჩვენსკენ აპარებს და მოულოდნელად გადაეხვევა ფეხბურთის დიდოსტატს.

მაყურებელთა შორის - მხოლოდ ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა იცის ვინაა ის და რას ახერხებს.

თვალნათლივ ჩანს და ვიდეოკამერაც აფიქსირებს პელეს შეცბუნებულ სახეს, მაგრამ კეთილ ღიმილს. რა გასაკვირია, რომ მას კახი გადაეხვია, იგი ხომ მთელ მსოფლიოს უყვარს.
- მე ქართველი ვარ, "ჯორჯია! ჯორჯია!" - უხსნის ჩვენი "დონ-კიხოტი".
იმის დრო არაა, გაგვიკვირდეს, თუ რა ჯოჯოხეთური მანქანებით მოახერხა კახიმ ამდენი.
წამის დაკარგვაც არ შეიძლება.
- მეო - უმტკიცებს კახი პელეს - მამაშენს ასე ვიცნობდიო - ორივე ხელის საჩვენებელ თითებს უხახუნებს ერთმანეთზე.
- საიდან? - მომენტალურად უკვირს დე ნასიმენტოს.
- ვაი შენ რა გითხარი - ღიმილით და აღტაცებით (ნაჩქარევად უხსნის კახი), მამაშენს არაფერი უთქვამს შენთვის ჩემს შესახებ? ("შენობითი" ფორმით მიმართვა სიახლოვის ხაზგასმაა).
- არა, რაღაც არ მახსენდებაო - პელემ.
- უჰ, შენ რა გითხარიო - უსწრაფესად უხსნის კახი - ბიჭოო (!?). მე ახალგაზრდობაში ბრაზილიაში ვმუშაობდი, ელექტროტექნიკოსი ვიყავი მაშინ და მამაშენთან, იმ ტკბილ და მურაბა კაცთან რამდენი ჭიქა ამიწევია, მიმიჭახუნებია, დამიცლია, იმდენი... შენ რა გითხარი, შენ-ო.
პელე უძახე შენ და ამის გაგონებაზე მამის გახსენებაზე და კახის სანდომიან, დამაჯერებელ და მომხიბვლავ ღიმილზე გული უჩუყდება, თუმცა გამარჯვებული კახი აღარ აცლის...
- ეგ რაა, პატარა რომ იყავი, მოგნათლე, კიდევაც, ნათლია ვარ ბიჭო (!) შენი მე, ნათლია!
პელეს გადარევა კულმინაცაის აღწევს.
- ნათლია? - არ უჯერებს ყურებს (ალბათ ფიქრობს - ამდენ ხანს სად იყავი, შე კაცოო).
კახის გაჩერება მამაღმერთსაც კი აღარ ძალუძს:
- ბავშვობაში მე გავარჯიშებდი ფეხბურთშიო, მეო... მეეე-ო!
ამხელა დამსახურებას რომ კაცს წყალში ჩაუყრი - პელე გქვია მერე შენ?! - ალბათ ეს გაიფიქრა იმ წუთებში მსოფლიო ფეხბურთის დიდოსტატმა და "ნათლიას" გულამოსკვნილი გადაეხვია.
რაც ახლა გიამბეთ, ამის წაკითხვას თქვენ ალბათ 2 წუთ, ჰა, ჰა - 3 წუთი მოანდომეთ, მაგრამ ყოველივე ეს ალბათ უფრო ნაკლებ დროში მოხდა.

ტყუილი ყოველთვის არაა მავნებელი. უწყინარი ტყუილიც არსებობს და კახიმ ეს ხუთი თითივით იცოდა. კახის "ფანტასტიკიზმზე" (თუ ასეთი სიტყვა არსებობს), ისიც მეტყველებს, რომ ყოველივე ამის შემედგ ქართული მეცხვარის ნაბადიც შემოახურა "ნათლულს" მხრებზე და ასე დასრულდა ეს ისტორიული ამბავი.

"მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია"
გასულ საუკუნეში გადიოდა ასეთი დასახელების ფილმი, რომელიც სულ სხვა (საომარ) თემატიკაზე იყო აგებული, მაგრამ სათაური ჩემს თავსგადახდენილ ამბავსაც მიესადაგება.

ცნობილ მთამსვლელს, გია თორთლაძეს (ახლა პარლამენტის მწვერვალზეა) ვახლდი ექსპედიციაში. რა თქმა უნდა, გადასაღებად. ცოტათი უკან დავიხევ და აღვნიშნავ.

გია თორთლაძეს დაუპყრია ევროპის უმაღლესი მწვერვალი - "იალბუზი", ჩრდილოეთ ამერიკის "სახურავი" "მაკ-კინლი". სამხრეთ ამერიკის უმაღლესი პიკი - "აკონკაგუა" და სხვა... აფრიკის უმაღლეს მწვერვალ "კილიმანჯაროზე" მხოლოდ ლეოპარდს აუღწევია. ისიც არა მთლად წვერზე, რამდენიმე მეტრის დაშორებით ჩავარდნილა ყინულებში.

გია თორთლაძეს კი ეს არ აკვირვებს. იგი "კილიმანჯაროს" მეგობრობს. "კილიმანჯარო" გიამ "დაიმეგობრა".

ჰოდა, მეც გადავწყვიტე, გიას ექსპედიციაში გავყოლოდი.

მწვერვალამდე ხომ ტრანსპორტი გვჭირდება. უფრო სწორად, მწვერვალის ძირთან მისასვლელად.
ინგლისური ჯიპით "ლენდროვერით" გავუტიეთ.

ლომები, სწორედ იქ ვნახეთ ცოცხალი ლომების გუნდი, თუ - ოჯახი, რომლებიც ისე გვიყურებდნენ, როგორც ყოველდღიურად თავის მომაბეზრებელ ბუზებს.

სულ ახლოს მივედით ლომების ოჯახთან. აინუნშიაც არ გვაგდებენ.

ის ღამე, კარავში გავათიეთ - ლომების გარემოცვაში. მთელი ღამე ლომის ღრიალი არ გვაძინებდა (სავარაუდოდ კბილი სტკიოდა საწყალს). გამცილებელი ადგილობრივები კი გვიმტკიცებდნენ - ლომები უწყინარი არსებები არიანო, მაგრამ ისე შეგვეშინდა, შავკანიანები რომ ვყოფილიყავით, შიშზე მომენტალურად გავთერთდებოდით.

ერთ-ერთი გადაადგილების დროს ჩვენს "ლენდროვერს" შემთხვევით გვერდი გაკრა უფრო მაგარმა ჯიპმა (სხვა ექსპედიციიდან) და გადავყირავდით. მე მთელი სახე და სხეული შუშის ნამსხვრევებით დამეკაწრა. თუმცა რა სახეზეა ლაპარაკი. ფანჯრიდან გადაშვერილი იდაყვი ისე დამემსხვრა, რომ ძვლები გარეთ გამოიჩხლართა.
გონს ძლივს მოსული ბიჭები დატრიალდნენ.

ძნელი გადმოსაცემია (წარმოდგენა უფრო ძნელია) თუ რა განვიცადე.
- არიქა, ჩქარა! - ჩამესმის და გონებას ვკარგავ.
- ჩქარა, სამედიცინო ყუთი! - ყვირის ვიღაც.
- ჩქარა, სპირტი!
- იოდი... ბამბა!.. (ვიძირები რძისფერ ბურუსში).
- როგორ ბრძანდებით?! - არ შეშინდეთ!
ეს გია თორთლაძეა და ცდილობს გამამხნევოს.
მთელი ძალღონე მოვიკრიბე და ვიყვირე:
- რა დროს იოდი და ბამბაა, ჩქარა, ჩქარა კამერა! გადაიღეთ, ეს ყველაფერი გადაიღეთ.
გია თორთლაძეს თვალები გაუფართოვდა:
- ვაიმე... უკვე ბოდავს...
- გადაიღეთ! - ვთქვი და გონება დავკარგე...
აი, ასეთი ამბავი გადამხდა მე, პარლამენტში კი გია გაიჩითა!!!

მკითხველი მიხვდება, რომ ეს ბოლო ფრაზა ჩემი პროფესიული ხუმრობაა, "ლელოს" ეს რუბრიკაც ხომ მხიარული მოგონებებისაა.
კეთილი სურვილებით,
მიშა ჭიაურელი

მურმან მერკვილიშვილი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული