სტუმრებმა თბილისს თვალი დაადგეს

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტი ალბერტო გალტიერი და ასოციაციის გენერალური მდივანი მატიას პეკოვნიკი.

საპატიო სტუმრებმა საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტ ნიკოლოზ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერეს ყოფილ არმიის სასპორტო კლუბის დარბაზი, სადაც 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის მესვეურები შეხვდნენ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გიორგი ასანიძეს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ გია ნაცვლიშვილს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს.

"დიდი მადლობა ქართულ მხარეს გულთბილი მასპინძლობისთვის. სპორტის მესვეურებთან
შეხვედრისას დავრწმუნდი, რომ თქვენ ქვეყანაში სპორტს დიდ ყურადღებას აქცევენ. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, საუნივერსიტეტო სპორტში სულ უფრო მეტი სტუდენტი ერთვება. მათ გააქტიურებაში ჩვენი ასოციაციაც შეიტანს წვლილს: ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში უამრავ ღონისძიებას ვმართავთ. დღეს ერთ-ერთი საერთაშორისო ტურნირის თბილისში ჩატარების საკითხიც განვიხილეთ. ვიმედოვნებთ, რომ იდეა რეალობად იქცევა," - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას ალბერტო გალტიერიმ.

ვლადიმერ ვარძელაშვილი: "ბოლო წლებში ჩვენი ქვეყანა მაღალ დონეზე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებს მასპინძლობს, რამაც საქართველოსადმი მსოფლიოს სპორტული ორგანიზაციების დაინტერესება გამოიწვია, ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის მესვეურთა სტუმრობაც ამის დასტურია. მადლობა მათ ჩამობრძანებისთვის. სტუმრებს ვაუწყეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რეგულარულად ტარდება უნივერსიადები. უწინ შეჯიბრებებში 2000-მდე სტუდენტი თუ მონაწილეობდა, ეს მაჩვენებელი ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა.

ვისაუბრეთ საინტერესო თემებზე, განვიხილეთ საქართველოში რომელიმე საერთაშორისო ტურნირის ჩატარების საკითხიც. არ არის გამორიცხული, 2015 წელს ევროპის უნივერსიადასაც ვუმასპინძლოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, რადგან უმაღლესი სასწავლებლების ათასობით წარმომადგენელი ჩამოვა საქართველოში, რაც სტუდენტური სპორტის პოპულარიზაცია-განვითარებასთან ერთად ევროპელ ახალგაზრდებთან დაახლოებასაც შეუწყობს ხელს.

ჩვენი მიზანია,უმაღლეს სასწავლებლებში რაც შეიძლება, მეტი სპორტის სახეობა დავნერგოთ ახალგაზრდების უფრო მასობრივად ჩასაბმელად და ცხოვრების ჯანსაღი წესის დასამკვიდრებლად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული