ხედავს, რათა სხვასაც დაანახოს

AutoSharing Option
ქართველი ქომაგები სპორტის დამსახურებულ ოსტატ დავით კვაჭაძეს იცნობენ როგორც სახელოვან მოკრივეს, ევროპის ჩემპიონს (1977 წ.) და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებულს, 1980 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილესა და საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს. დიდ სპორტთან განშორების შემდეგ 13 წლის განმავლობაში სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, ლესგაფტის სახელობის სახელმწიფო სპორტულ აკადემიაში კითხულობდა ლექციებს. სწორედ, იმ პერიოდიდან იწყება მისი ფოტოხელოვნებით გატაცება. ამ სფეროში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სილამაზეს ხედავს იქ, სადაც სხვები ვერ ამჩნევენ.

- პირველად 1998 წელს ავიღე ხელში ფოტოაპარატი და გადავწყვიტე ფირზე აღმენუსხა
მიმალული სილამაზე, სხვათა თვალისთვის შეუმჩნეველი, - გვითხრა დავით კვაჭაძემ. - ვცდილობდი, საკუთარი თემები მეპოვა და სხვებისთვისაც მეჩვენებინა ფოტოობიექტივის თვალით დანახული სამყარო.

და აი, 13 წელიწადია, დავით კვაჭაძემ ჩამოხეული აფიშების ნაკვალევი, ქაღალდის ნაფლეთებშერჩენილი თუ საღებავაქერცლილი კედლები სიუჟეტებად აქცია. როგორც ქევთევან კინწურაშვილი შენიშნავს: ყინულში, თოვლზე, ჩრდილში, ჩამონახევებში მისტიკურ ფიგურებს კითხულობს, და, პოეტის დარად, სამყაროს ჩვენგან განსხვავებული თვალით უყურებს.

სახელოვანი სპორტსმენის არქივში სხვადასხვა ჟანრის, განსხვავებული ხედვის ორი ათასამდე ფოტოსურათი ინახება, რომლებშიც ნათლად ჩანს მათი ავტორის სამყაროსადმი დიდი სიყვარული და ფაქიზი დამოკიდებულება. დავით კვაჭაძეს დღემდე 27 ფოტოგამოფენაში მიუღია მონაწილეობა. ერთ-ერთი გასულ შაბათს თბილისში - აბაშიძის 85-ში გაიხსნა. ახალი ექსპონატები ორი დღის განმავლობაში უამრავმა ადამიანმა დაათვალიერა.

- როცა "სანადიროდ" ვარ განწყობილი, ქუჩაში ყოველთვის მარტოკა დავეხეტები, რომ ეპიზოდი არ გამომეპაროს. ზოგჯერ მიმალული სილამაზის საძებნელად კილომეტრების გავლაც მიწევს. ჩემს სურათებში ბევრი აბსტრაქციაა?.. ჰო, მხატვრობასთან ახლოს არის, - ამბობს სახელოვანი მოკრივე.

- თუ გიცდიათ, რინგზეც დაგენახათ მსგავსი რამ?
- იქ უფრო რეალობა სჭარბობს, თუმცა ვინ იცის... ჯერ არ მიცდია.

- კრივს საერთოდ ჩამოშორდით?
- არაერთხელ მიცდია დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. შარშან კრივის კლუბი გავხსენით, მაგრამ ის შენობა გაიყიდა და ქუჩაში აღმოვჩნდით. ვნახოთ, იმედს მაინც არ ვკარგავ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული