სპორტკლუბი "მორკინალის" პირველი ნაბიჯები

AutoSharing Option
ორი თვეა, რაც თბილისში შეიქმნა პირველი სასკოლო სპორტკლუბი "მორკინალი", რომელშიც გაერთიანდნენ გლდანი - ნაძალადევის 69-ე, 114-ე, 115-ე 173-ე და 207-ე საჯარო სკოლები.

სპორტკლუბის პრეზიდენტია ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ძალოსნობაში, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე.

კლუბში დანერგილია ფეხბურთი, ქართული ჭიდაობა, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, მძლეოსნობა, კარატე, ბაგირის გადაძალვა.

ფრენბურთში მოსწავლეთა გარდა ჩატარდება შეჯიბრებები მასწავლებელთა შორისაც. ჭადრაკში კი გუნდში ერთად იასპარეზებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.

სპორტკლუბმა მიზნად დაისახა ყოველთვე სპორტის ერთ სახეობაში გამართოს ტურნირი. შეჯიბრებები უკვე ჩატარდა ფეხბურთში და ქართულ
ჭიდაობაში.

სპორტკლუბის წესდებით, ზემოაღნიშნული ხუთი სკოლის გარდა ტურნირებში ნებისმიერი სკოლის ნაკრებისათვის კარი ღიაა.

ტურნირს ქართულ ჭიდაობაში ჩვენც დავესწარით, რომელიც გლდანში, ოლიმპიური მზადების ცენტრში სამ წონით კატეგორიაში გაიმართა.

შეჯიბრება ისეთი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, რომ რამდენიმე შეხვედრაში გამარჯვებულის გამოსავლინებლად დამატებითი დროის დანიშვნა გახდა საჭირო.

კვარცხლბეკი
60 კგ. 1. მამუკა ჩოქური, გიორგი ტაბატაძე (ორივე - 107-ე საჯარო სკოლა), 3. ნიკა გრძელიშვილი (173-ე საჯარო სკოლა).
70 კგ. 1. ცოტნე მეტრეველი (207-ე საჯარო სკოლა), 2. რატი ონეზაშვილი (69-ე საჯარო სკოლა), 3. ნიკა თავართქილაძე (115-ე საჯარო სკოლა).
+70 კგ. 1. გიორგი ძებისაშვილი (173-ე საჯარო სკოლა,) 2. ჯემალ დაბრუნდაშვილი (115-ე საჯარო სკოლა), 3. ბაქარ მაჩიტიძე (69-ე საჯარო სკოლა).

გაბრიელ ბარჯაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული