გუშინ სეოკ-ის ოფისს მძლეოსნობის, ტაეკვონდოს, ნიჩბოსნობისა და ველოპსორტის ფედერაციათა ხელმძღვანელები სტუმრობდნენ.
"დღესდღეობით ლონდონის ოლიმპიადის საგზურებისთვის 6 სპორტსმენი იბრძვის, რომელთაც სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლიათ. მარიამ ქევხიშვილისთვის, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს და ვარჯიშობს ბირთვის კვრაში ლიცენზიის მოპოვება ალბათ გარანტირებულია.
გვეიმედება სპრინტერ დავით ილარიანის და სამხტომელ ლაშა ღულელაურისაც. ეს უკანასკნელი უნიჭიერესი სპორტსმენია და შედეგებს დღითი დღე აუმჯობესებს. ურიგო შანსი არც ბადროს მტყორცნელ სალომე რიგიშვილს აქვს. მოკლედ, ვფიქრობ სამი ლიცენზიის მოპოვება უტოპიას არ
ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ბესო ნადირაძის თქმით, სალიცენზიო ნორმატივის შესრულება შეუძლია გიორგი ნადირაძეს. სეოკ-ის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ერთობლივი დაფინანსებით გადაწყვეტილია მისი ვერონაში (იტალია) ველოსპორტის კლუბში გაგზავნა სავარჯიშოდ, სადაც გამოცდილებასაც აიმაღლებს, სტარტებიც მოუმრავლდება და ლიცენზიის აღების შანსიც გაიზრდება.
ნიჩბოსნობაში ზაზა ნადირაძე სეოკ-ის დაფინანსებით უკვე უკრაინაში იმყოფება შეკრებაზე და როგორც ფედერაციის მესვეურები ამბობენ, ოლიმპიურ საგზურსაც უნდა შესწვდეს. სალიცენზიო ტურნირი ნიჩბოსნებს მაისის თვეში პოლონეთის ქალაქ პოზნანში ექნებათ.
რაც შეეხება ტაეკვონდოს, ოლიმპიური პერსპექტივები აქ ცოტათი ბუნდოვანია. ერთადერთი შანსი ქართველ ტაეკვონდისტებს ყაზანში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე აქვთ და იქაც მინიმუმ საპრიზო სამეულში უნდა მოხვდნენ.
კახა ბერიძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"