სპორტული 2011

AutoSharing Option
იხილეთ დასაწყისი
აპრილი
გოლფში პროფესიული ტურის პირველ დიდ ტურნირზე - "მასტერსზე" ხელი მოეცარა მოქმედ ჩემპიონს, ამერიკელ ფილ მიკელსონს, რომელმაც საბოლოო კლასიფიკაციაში 27-ე ადგილი დაიკავა.

უფრო უკეთ გამოვიდა ლეგენდარული ტაიგერ ვუდსი, რომელმაც სამ გოლფისტთან ერთად მეოთხე ადგილი გაიყო.

გამარჯვება კი სამხრეთაფრიკელმა ჩარლ შვარტცელმა მოიპოვა, ვინც ჯამში 14-ით ნაკლები დარტყმა მოანდომა 18 ორმოს გავლას.

ეს შვარტცელის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია გამარჯვება პი-ჯი-ეის ტურში და ამ ტრიუმფისთვის მან მილიონნახევარი დოლარი მიიღო.

* * *
ირანის ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად პორტუგალიელი
კარლუშ კეირუში მიიწვია. მან ამ პოსტზე აფშინ ქოთბი შეცვალა, რომელმაც ირანის ნაკრები აზიის თასის ნახევარფინალში ვერ გაიყვანა.

კეირუშმა სამწლიან და ორმილიონიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

* * *
სკანდარულად დასრულდა მადრიდის "რეალის" პრესკონფერენცია "ელ კლასიკოს" წინ. ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ ჟოზე მოურინიო და მისი ასისტენტი აიტორ კარანკა, თუმცა "რეალის" პრეს-ატაშემ განაცხადა, რომ მოურინიო არ უპასუხებდა შეკითხვებს.

პორტუგალიელმა გაფიცვა გამოუცხადა პრესას, ჟურნალისტებმა კი დემონსტრაციულად დატოვეს დარბაზი.

ის "ელ კლასიკო" ფრედ დასრულდა, ხუთი დღის შემდეგ კი "რეალი" და "ბარსელონა" ისევ შეხვდნენ ერთმანეთს, ამჯერად ვალენსიაში "მესტალიაზე" ესპანეთის თასის ფინალში და ის მატჩი "სამეფო კლუბმა" 1:0 მოიგო. ამ გამარჯვების აღსანიშნავად მადრიდში დიდი ზეიმი მოეწყო. "რეალმა" 2008 წლის შემდეგ პირველი ტიტული მოიგო, ესპანეთის თასს კი 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაეუფლა.

* * *
"ბარსა" და "რეალი" 18 დღის განმავლობაში ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მათ ურთიერთობა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე გააგრძელეს. კატალონელთა დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა აშკარად დაიღალა და გაღიზიანდა ჟოზე მოურინიოს გაუთავებელი გამოხდომებით, ვეღარ მოითმინა და პირველი ნახევარფინალის წინ უპასუხა პორტუგალიელს: "ხვალ, რვა საათსა და 45 წუთზე გავალთ მოედანზე და შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ. ის კი მხოლოდ ამ ოთახშია ძლიერი. მან ყველაზე მეტი იცის მსოფლიოში და არ ვაპირებ მასთან კონკურენციას. მხოლოდ ის მინდა შევახსენო, რომ ერთად ვიყავით ოთხი წლის განმავლობაში".

* * *
გელზენკირხენის "შალკეს" ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ამ გუნდის მეკარე მანუელ ნოიერი მომავალ სეზონში მიუნხენის "ბაიერნში" ითამაშებდა. რეკორდმაისტერს ეს ტრანსფერი 22 მილიონი ევრო დაუჯდა. მანამდე მეკარეში უფრო დიდი ფული "იუვენტუსმა" გადაიხადა, როცა "პარმადან" 54 მილიონად შეიძინა ჯანლუიჯი ბუფონი.

* * *
ევრო 2012-ის ერთ-ერთი მასპინძლის - უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გრიგორი სურკისმა ქვეყნის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ოლეგ ბლოხინი წარადგინა. უკრაინული ფეხბურთის ლეგენდამ ამ პოსტზე იური კალიტვინცევი შეცვალა.

ეს ბლოხინის მეორე მოსვლაა ნაკრებში - მანამდე მან 2006 წლის მუნდიალზე მეოთხედფინალში გაიყვანა უკრაინა.

მაისი
მაისში არაერთი სამწუხარო ამბავი მოხდა. ერთ-ერთი იყო ლეგენდარული ესპანელი გოლფისტის, 54 წლის სევერიანო ბალესტეროსის გარდაცვალება. მიზეზი კიბოს დაავადება გახდა.

ბალესტეროსმა კარიერაში "დიდი სლემის" სერიის ხუთი ტურნირი მოიგო, იყო რაიდერის თასის კაპიტანი. მისი დაკრძალვის ცერემონიას სხვადასხვა წლებში რაიდერის თასზე ევროპის ნაკრების ექვსი კაპიტანი დაესწრო. აქვე იყვნენ ლეგენდარული ველომრბოლი მიგელ ინდურაინი, ფეხბურთელი ემილიო ბუტრაგენიო და სხვები.

* * *
ჯირო დ'იტალიას მესამე ეტაპის დროს დაიღუპა 26 წლის ბელგიელი ველომრბოლი ვოუტერ ვეილანდტი. ის საათში 80 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა და ამ დროს დაეცა ასფალტზე, რაც მისთვის სავავალო აღმოჩნდა.

* * *
9 მაისს, ჰამბურგის "იმტეხ-არენაზე" კრივის მოყვარულებმა სასიხარულო ამბავი შეიტყვეს - 2 ივნისისთვის დანიშნა ნანატრი ბრძოლა სუპერმძიმე კატეგორიაში, რომელშიც სხვადასხვა ვერსიით ორი მოქმედი ჩემპიონი - უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო და ბრიტანელი დევიდ ჰეი უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე კლიჩკომ მეტოქეს განუცხადა, რომ ყველა ძველი წყენისთვის და ამ პრესკონფერენციაზე ხელის არჩამორთმევისთვის ჰეის სამაგიეროს რინგზე გადაუხდიდა.

* * *
შვიდწლიანი შესვენების შემდეგ ჰოლანდიის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ამსტერდამის "აიაქსმა" - მან ბოლო ტურში 3:1 დაამარცხა "ტვენტე", მესამედან პირველ ადგილზე გადაინაცვლა და არსებობის ისტორიაში ოცდამეათედ გახდა ქვეყნის საუკეთესო გუნდი. კლუბი ამ ტრიუმფამდე ფრანკ დე ბურმა მიიყვანა.

* * *
ორმაგი ტრიუმფით დაასრულა სეზონი "ბარსელონამ". კატალონურმა გრანდმა შეინარჩუნა ესპანეთის ჩემპიონის ტიტული, რის შემდეგაც ხოსეპ გვარდიოლას გუნდმა დამაჯერებლად - 3:1 დაამარცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში "მანჩესტერ იუნაიტედი". შესაბამისად, ბარსელონას ქუჩებში ორჯერ გაიმართა ამ გამარჯვებების აღსანიშნავი საზეიმო აღლუმი.

* * *
ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების მიუხედავად, ზეიმის საბაბი "მანჩესტერ იუნაიტედსაც" ჰქონდა. ქალაქის ქუჩაში გამოიტანეს პრემიერლიგის თასი და გუნდმა ინგლისის ჩემპიონის რიგით მე-19 ტიტული იზეიმა. "მანჩესტერი" ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი გახდა - მან "ლივერპულის" ძველი რეკორდი დაამხო.

ივნისი
სენსაციურად დასრულდა როლან გაროსის ტურნირი ქალებს შორის. ჩინელმა ნა ლიმ კიდევ ერთხელ გადაწერა ჩოგბურთის ისტორია, როცა პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც "დიდი სლემის" ტურნირი მოიგო. მანამდე მან ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში ითამაშა და კიმ კლაისტერსთან წააგო.

ამჯერად, ლიმ პარიზის კორტებზე სრულფასოვან ტრიუმფს მიაღწია - ფინალში ორ სეტში მოუგო როლან გაროსის მოქმედ ჩემპიონს - იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს - 6:4, 7:6.

* * *
მამაკაცებს შორის კი კანონზომიერი შედეგი დაფიქსირდა - პარიზის კორტებზე მეექვსედ მოიპოვა პირველობა რაფაელ ნადალმა, რაც ლეგენდარული შვედის ბიორნ ბორგის რეკორდის გამეორება გახლავთ.

25 წლის ესპანელი ფინალში ტრადიციულ მეტოქეს - შვეიცარიელ როჯერ ფედერერს შეხვდა და ის ოთხ სეტში - 7:5, 7:6, 5:7, 6:1 დაამარცხა.

* * *
გოლფში ე. წ. "დიდი სლემის" სერიის მეორე ტურნირი - ამერიკის ღია პირველობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ვერ მიიღო მსოფლიოს პირველმა ნომერმა ლუკ დონალდმა.

მის არყოფნაში გაიბრწყინა 22 წლის ჩრდილოირლანდიელმა ვარსკვლავმა რორი მაკილროიმ, რომელმაც კარიერაში პირველი "მეიჯორი" მოიგო.

რორიმ 18 ორმოს გავლისთვის 16-ით ნაკლები დარტყმა დასჭირდა და რვა დარტყმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ავსტრალიელ ჯეისონ დეის.

2011 წელს მაკილროიმ სხვა მხრივაც დაგვამახსოვრა თავი - მან რომანი გააბა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, დანიელ კაროლინ ვოზნიაცკისთან.

* * *
სამწვრთნელო კარიერა გააგრძელა ლეგენდარულმა დიეგო მარადონამ. სკანდალურ არგენტინელს არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დუბაის "ალ ვასლის" გაწვრთნა მიანდეს.

50 წლის მარადონას ბოლო სამუშაო ადგილი არგენტინის ნაკრები იყო, რომელიც მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე მეოთხედფინალზე შორს ვერ გაიყვანა.

* * *
მარადონას სამშობლოში, არგენტინაში კლაუსურას ჩემპიონი გახდა "ველეს სარსფილდი". ბუენოს აირესის კლუბმა "რასინგთან" მატჩის შემდეგ, საკუთარ "ხოსე ამალფიტანის" სტადიონზე იზეიმა პირველობა. ახალმა ჩემპიონმა 19 მატჩში 39 ქულა დააგროვა და ოთხი ქულით ჩამოიტოვა მეორე ადგილზე გასული "ლანუსი".
"ველესისთვის" ეს მერვე ტიტულია - ბოლოს მან 2009 წელს მოიგო კლაუსურა.

* * *
"ველეს სარსფილდის" ტრიუმფს დაემთხვა არგენტინის 33-გზის ჩემპიონის - "რივერ პლეიტის" სრული კრახი. არგენტინულ გრანდს მთავარ დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებად პლეი ოფის თამაში მოუწია კორდობას "ბელგაროს" წინააღმდეგ. პირველი თამაში "რივერმა" 0:2 წააგო, განმეორებით მატჩში შინ კი ფრედ ითამაშა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში B დივიზიონში გავარდა.

პოლიციას ძალიან გაუჭირდა განრისხებული ფანების დაშოშმინება - ამისთვის მას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა.

* * *
სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდი გახდა ბრაზილიის "სანტოსი". მან ლიბერტადორესის თასზე ორი მატჩის ჯამში დაამარცხა ურუგვაის "პენიაროლი" და მესამედ დაეუფლა ამ პრიზს. პირველი შეხვედრა ურუგვაიში 0:0 დასრულდა, შინ კი "სანტოსმა" ნეიმარის მონდომებით 2:1 მოიგო.

ბრაზილიელთა ტრიუმფი მატჩის შემდეგ გუნდებს შორის გრანდიოზული ჩხუბით აღინიშნა.

* * *
ლონდონის "ჩელსიმ" ბოლო შვიდ წელიწადში მეშვიდე მწვრთნელი წარადგინა. ამჯერად "არისტოკრატების" გაწვრთნა ახალგაზრდა პორტუგალიელ სპეციალისტს ანდრე ვილაშ ბოაშს ანდეს, რომელმაც გასულ სეზონში "პორტუს" "პორტუგალიის ჩემპიონატი, თასი და ევროპის ლიგა მოაგებინა.

* * *
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებული 19 სეზონის შემდეგ დიდი სპორტიდან წავიდა ლეგენდარული ცენტრი შაკილ ო'ნილი. მისი ბოლო კლუბი "ბოსტონ სელტიქსი" გახლდათ.
შაკი ოთხჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, სამჯერ დასახელდა ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ და ორჯერ იყო რეგულარულის საუკეთესო ბომბარდირი.

* * *
პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა "დალას მავერიქსი". ტექსასურმა კლუბმა ფინალურ სერიაში შანსი არ დაუტოვა "მაიამისა" და მის "დიდ ტრიოს" და ექვს მატჩში გაიმარჯვა - 4:2.

* * *
ჰოკეის ეროვნული ლიგის ტრიუმფატორი გახდა "ბოსტონ ბრუინზი", რომელმაც 1972 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სტენლის თასი. ფინალურ სერიაში "დათვებმა" 4:0 გაანადგურეს დასავლეთის საუკეთესო გუნდი - "ვანკუვერ კენაქსი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული