სპორტული 2011

AutoSharing Option
ივლისი
როლან გაროსის მსგავსად, მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა უიმბლდონის ქალთა ტურნირზე - კარიერაში "დიდი სლემის" პირველი ჩემპიონატი მოიგო ჩეხმა ჩოგბურთელმა პეტრა კვიტოვამ. 21 წლის ახალმა ვარსკვლავმა ყველა მეტოქე დამაჯერებლად ჩამოიცილა გზიდან, ფინალში კი დამაჯერებლად მოუგო რუს მარია შარაპოვას - 6:3, 6:4 (19).

უიმბლდონზე გაგრძელდა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩის ბრწყინვალე სვლა 2011 წლის სეზონში. კვიტოვას მსგავსად, ნოვაკმაც კარიერაში პირველად მოიგო ბალახის კორტების მთავარი ტურნირი. ფინალში მან ოთხ სეტში მოუგო ესპანელ რაფაელ ნადალს.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა გადამწყვეტი მატჩი მსოფლიოს პირველი ჩოგანის რანგში ჩაატარა -
ნახევარფინალში ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგას ძლევით ის პირველად ავიდა რეიტინგის უმაღლეს საფეხურზე (15).

* * *
ახალი ჩემპიონი ჰყავდა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ ველომარათონს - ტურ დე ფრანსს. დოპინგსკანდალით და სასამართლო პროცესებით გაწამებულმა ალბერტო კონტადორტმა ვერ შეძლო ტიტულის დაცვა და მისი ცუდი ფორმის გამო ტურში გამარჯვება ავსტრალიელმა კეიდელ ევანსმა მოიპოვა, რომელმაც ბრწყინვალე სტილში აჯობა თავის მთავარ კონკურენტებს, ლუქსემბურგელ ძმებს - ანდი და ფრანკ შლეკებს.

ტურზე "მთის მეფის" მაისური მოიპოვა ესპანელმა სამუელ სანჩესმა, საუკეთესო ახალგაზრდა ველომრბოლისთვის განკუთვნილი თეთრი მაისური ფრანგ პიერ როლანს ერგო, ხოლო ბრიტანელმა მარკ კევენდიშმა მწვანე მაისური დაისაკუთრა, როგორც ტურის ყველაზე აქტიურმა მრბოლელმა (36).

* * *
ივლისში, გერმანიაში დასრულდა ქალებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, სადაც პირველად ტიტული იაპონიის ნაკრებმა დაიმსახურა.

მან ფინალში პენალტების სერიაში მოუგო ამერიკის ნაკრებს. ტურნირის გმირი აღმოჩნდა იაპონელი ჰომარი სავა, რომელიც საუკეთესო ბომბარდირი და მოთამაშე გახდა (16).

* * *
ასევე ივლისში გამოვლინდა სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ნაკრები. არგენტინაში გამართული კოპა ამერიკა სენსაციებით იყო დახუნძლული. საკმარისია აღინიშნოს ის, რომ ფავორიტებმა - არგენტინამ და ბრაზილიამ ნახევარფინალში გასვლა ვერ მოახერხეს.

ფინალში ერთმანეთის პირისპირ წარსდგნენ ურუგვაისა და პარაგვაის ნაკრებები და კოპას საუკეთესო გუნდმა - ურუგვაიმ არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს. ფორლანის დუბლისა და ლუის სუარესის ერთი გოლის წყალობით "სელესტემ" 3:0 გაიმარჯვა და მეთხუთმეტედ გახდა კოპა ამერიკას გამარჯებული.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლუის სუარესი დასახელდა (30).

* * *
საუდის არაბეთის ახალ მთავარ მწვრთნელად ჰოლანდიის ნაკრების და "ბარსელონას" ყოფილი დამრიგებელი ფრანკ რაიკაარდი დაინიშნა. სამწლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ ჰოლანდიელ სპეციალისტს 11 მილიონ დოლარს გადაუხდიან. რაიკაარდს საუდის არაბეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაყვანა დაავალეს (13).

* * *
ცვლილებები მოხდა წამყვანი იტალიური კლუბების სამწვრთნელო შტაბებში.

მილანის "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა სტეფანო ფილუჩიმ გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად ჯანპიერო გასპერინი და ახალ სპორტულ დირექტორად მარკო ბრანკა წარადგინა. გასპერინი მილანური გრანდის მეოთხე დამრიგებელი გახდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში (8).

"რომას" ახალმა პრეზიდენტმა ტომას დიბენედეტომ ჟურნალისტებს ახალი მთავარი მწვრთნელი წარუდგინა. დედაქალაქური კლუბი ორი წლით ჩააბარეს ესპანელ ლუის ენრიკეს, რომელიც მანამდე "ბარსელონას" მეორე გუნდს წვრთნიდა (9).

* * *
ინგლისში "მანჩესტერ სიტიმ" გააგრძელა შემადგენლობის გაძლიერება. ამ მიზნით მან მადრიდის "ატლეტიკოდან" შეიძინა არგენტინელი ვარსკვლავი სერხიო აგუერო. ეს ტრანსფერი "სიტის" მფლობელ შეიხს 41 მილიონი ევრო დაუჯდა (11).

* * *
ჰამბურგის საფეხბურთო არენაზე გაიმართა საჩემპიონო ბრძოლა სუპერმძიმე წონაში - ორი ვერსიით (IBF, WBO) მსოფლიოს ჩემპიონი, უკრაინელი ვლადიმერ კლიჩკო WBA-ის ჩემპიონს დევიდ ჰეის დაუპირისპირდა.

უმცროსი კლიჩკოს დაპირების მიუხედავად, ჰეი ნოკაუტს გადაურჩა, თუმცა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით უკრაინელმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და სამი ვერსიით გახდა სუპერმძიმე კატეგორიის ჩემპიონი. კლიჩკოების ოცნება ასრულდა - ამიერიდან მათ საოჯახო კოლექციაში ოთხივე პრესტიჟული ვერსიის საჩემპიონო ქამარი მოიპოვება (26).

* * *
ივლისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა - ლას ვეგასში ნახევრადსაშუალო წონით კატეგორიაში შეხვდნენ ერთმანეთს ბრიტანელი ამირ ხანი და ამერიკელი ზაბ ჯუდა. მეხუთე რაუნდში გამარჯვება ბრიტანელმა მოკრივემ მოიპოვა და ტიტული შეინარჩუნა (11).

* * *
ინგლისში, სენტ ჯორჯის სამეფო გოლფ კლუბში გაიმართა "დიდი სლემის" რიგით მესამე ტურნირი - ღია პირველობა გაიმართა. ისევე როგორც წინა ორი "მეიჯორის" შემთხვევაში, აქაც ჩემპიონატს ახალი გამარჯვებული ჰყავდა - ჩრდილოირლანდიელი დარენ კლარკი.

ბრძოლა ძალიან დაძაბული გამოვიდა. 42 წლის კლარკმა მხოლოდ სამი დარტყმით მოუგო ორ ამერიკელს - ფილ მიკელსონსა და დასტინ ჯონსონს. ჩემპიონმა 18 ორმოს გავლას ხუთზე ნაკლები დარტყმა მოანდომა.

კლარკმა ეს გამარჯვება თავის მეუღლეს მიუძღვნა, რომელიც 2006 წელს კიბოთი გარდაიცვალა (42).

აგვისტო
ამერიკის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად გერმანელი იურგენ კლინსმანი დაინიშნა. 47 წლის ლეგენდამ ამ თანამდებობაზე ბობ ბრედლი შეცვალა, რომელმაც ნაკრებში ხუთი წელი იმუშავა და ივლისის ბოლოს გაათავისუფლეს თანამდებობიდან (12).

* * *
ახალი მთავარი მწვრთნელი იპოვნა არგენტინის ნაკრებმაც. კოპა ამერიკაზე განცდილი ფიასკოს შემდეგ გუნდიდან დაითხოვეს სერხიო ბატისტა და მის ნაცვლად ალეხანდრო საბელია დანიშნეს. ამ სპეციალისტის აქტივშია "ესტუდიანტესთან" ერთად 2009 წელს ლიბერტადორესის თასის მოპოვება და აპერტურას ჩემპიონატში ტრიუმფი (22).

* * *
ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი "პარი სენ-ჟერმენმა" განახორციელა. მან 42 მილიონ ევროდ "პალერმოდან" შეიძინა 22 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე. ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა (12).

* * *
ესპანელმა ხუან-ანტონიო კამაჩომ კონტრაქტი გააფორმა ჩინეთის ფეხბურთის ფედერაციასთან და ამ ქვეყნის ეროვნული ნაკრები სამი წლით ჩაიბარა. თუმცა კამაჩომ ჩინელთა დავალება ვერ შეასრულა - გუნდი უკვე გამოეთიშა 2014 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირს (11).

* * *
15 აგვისტოს დასრულდა სესკ ფაბრეგასის სატრანსფერო საგა. ესპანელმა ნახევარმცველმა ოცნება აისრულა და "არსენალში" რვა წელი თამაშის შემდეგ მშობლიურ "ბარსელონაში" დაბრუნდა.

კატალონურ კლუბს ეს ტრანსფერი 29 მილიონი დოლარი დაუჯდა. ამ თანხას კიდევ 10 მილიონი დაემატება, თუ "ბარსა" სეზონის ბოლოს რომელიმე ტიტულს მოიგებს. სესკმა ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ესპანეთის ჩემპიონთან (20).

* * *
რაგბიში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბლედისლოუს თასი შეინარჩუნა - მან ოკლენდში 30:14 დაამარცხა ავსტრალიის ნაკრები, რომელიც ამ ქალაქში 25 წელია ვერ იგებს.

სამაგიეროდ, ავსტრალიელებმა 10-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვეს სამი ერის თასი. "ვოლაბებმა" თასი ბრისბენში ახალი ზელანდიის ნაკრების 25:20 დამარცხების შემდეგ გაინაღდეს (18).

* * *
პროფესიულ გოლფში მეოთხე მთავარი ტურნირი - PGA-ის ჩემპიონატი იმით დაიწყო, რომ ტრავმის გამო იქ გამოსვლა ვერ შეძლო ლეგენდარულმა ტაიგერ ვუდსმა. ამერიკელის კარიერაში ეს მხოლოდ მესამე შემთხვევა იყო, როცა მას "მეიჯორის" გამოტოვება მოუწია.

PGA-ის ჩემპიონატის ასწლიან ისტორიაში მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ეს ტურნირი პირველივე ცდაზე მოიგო დებიუტანტმა გოლფისტმა.

სწორედ ამგვარი გმირობა ჩაიდინა ამერიკელმა კიგან ბრედლიმ. მას გამარჯვებისთვის პლეი ოფის ჩატარება მოუწია ჯეისონ დაფნერის წინააღმდეგ და მხოლოდ ასე აჯობა თავის მთავარ კონკურენტს (43).

* * *
სამხრეთ კორეის ქალაქ ტეგუში სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატმა მძლეოსნობაში, რომლის მთავარი სენსაცია გახდა 100 მეტრზე ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერის - უსაინ ბოლტის მარცხი. სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონსა და მსოფლიოს რეკორდსმენს "მოკლე სპრინტის" ფინალში ფალსტარტი ჰქონდა და ამის გამო დისკვალიფიკაცია მიიღო.

მსოფლიოს ჩემპიონატმა კი ახალი ვარსკვლავი გაგვაცნო - 100 მეტრი დისტანცია ასევე იამაიკელმა, ერთ დროს ბოლტის სპარინგ-პარტნიორმა იოჰან ბლეიკმა მოიგო, რომელმაც დაიმუქრა - ლონდონის ოლიმპიადაზე უსაინს "სპრინტის მეფის" ტიტულს ჩამოვართმევო.

რაც შეეხება ბოლტს, მან რეაბილიტაცია 200 მეტრზე შეძლო, როცა დამაჯერებლად მოიგო ოქროს მედალი. გარდა ამისა, ბოლტმა და ბლეიკმა სხვა ორ თანამემამულესთან ერთად 4x100 მეტრზე ესტაფეტა მოიგეს, თანაც ჩემპიონატზე მსოფლიოს ერთადერთი რეკორდი დაამყარეს.

მოკლე სპრინტში ბოლტის წაგების გარდა, მსოფლიოს პირველობის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გახდა ქალთა შორის ჭოკით ხტომაში რუსი ელენა ისინბაევას კრახი. მან მოკრძალებული მეექვსე ადგილი დაიკავა (53).

სექტემბერი
უცნაური ამბავი შეემთხვა ამერიკის ღია პირველობაზე ესპანელ რაფაელ ნადალს. დავიდ ნალბანდიანთან მესამე წრის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანელს კუნთი დაეჭიმა და მაგიდის ქვეშ ჩავარდა. თუმცა ამ ინციდენტს არ უმოქმედია ნადალის თამაშზე და რაფამ ამერიკის ღიას ფინალში გააღწია, მაგრამ იქ ტრადიციულად დამარცხდა ნოვაკ ჯოკოვიჩთან. ეს ჩოგბურთელები 2011 წელს ექვსი ტურნირის ფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და ექვსივეჯერ მოგება სერბს დარჩა.

ჯოკოვიჩმა პირველად მოიგო ამერიკის ღია პირველობა, სულ კი სეზონში "დიდი სლემის" ოთხიდან სამ ტურნირზე გაიმარჯვა (18).

ასევე პირველად მოიგო ამერიკის ღია პირველობა ავსტრალიელმა სამანტა სტოსურმა. "ფლეშინგ მედოუს" კორტებზე გამარჯვებას ამერიკელ სერენა უილიამსს უწინასწარმეტყვლებდნენ, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში შეხვდა საშინაო ტურნირს, მაგრამ უმცროს უილიამსს ფინალში სრული ფიასკო ელოდა - ორ სეტში მან მხოლოდ ხუთი გეიმი აართვა სტოსურს.

27 წლის სამანტა პირველი ავსტრალიელია 1973 წლის შემდეგ, ვინც ამერიკის ღია პირველობის მოგება შეძლო (23).

* * *
სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში რამდენიმე საინტერესო გარიგება შედგა. "ინტერმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" გადაიბირა ურუგვაელი დიეგო ფორლანი. ფორვარდმა ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, თუმცა მილანური კლუბის ხელმძღვანელებმა ვერ გაითვალისწინეს ის, რომ ფორლანს "ინტერის" რიგებში არ ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება (12).

* * *
ლონდონის "ჩელსიმ" "ვალენსიადან" ხუან მატას ტრანსფერით დაასრულა შემადგენლობის დაკომპლექტება. 23 წლის ნახევარმცველის ხუთწლიანი კონტრაქტი "არისტოკრატებს" 23 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული