თუმცა შეხვედრის პერიპეტიების აღწერამდე მთავარზე ვთქვათ - 2011 წლის საუკეთესო სპორტსმენი კვლავაც მორაგბე გახდა, ამჯერად - მამუკა გორგოძე.
შემაჯამებელი სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო - დარბაზი ფეხზე წამოუდგა გუშინ დილით გარდაცვლილი სახელოვანი არბიტრის, "საუკუნის მსაჯად" აღიარებული ანატოლი მილჩენკოს ხსოვნას. ამის შემდეგ ტრიბუნა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ვლადიმერ ვარძელაშვილს დაეთმო, რომელმაც წვრილად მიმოიხილა როგორც წლეულს გაკეთებული საქმეები, ასევე - საგაისოდ დაგეგმილი პროექტები.
ვფიქრობთ,
წლევანდელ სეზონში ქართველი სპორტსმენების მიერ ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე, აგრეთვე საერთაშორისო ტურნირებში სამივე ასაკობრივ ჯგუფში - უფროსებში, ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში სულ მოპოვებულია 475 მედალი. აქედან 121 ოქროა, 162 - ვერცხლი და 192 - ბრინჯაო.
ამ ჯილდოებიდან 377 ოლიმპიურ სახეობებზე მოდის, 98 - არაოლიმპიურებზე. ოლიმპიურებში ეს მედლები ხარისხობრივად ასეა გადანაწილებული - 90 ოქრო, 131 - ვერცხლი და 156 - ბრინჯაო. არაოლიმპიურებში, შესაბამისად, მოპოვებულია 31-31 და 36 მედალი. ამასთან, წლეულს სამინისტრომ სპორტის 41 სახეობაში 530 სპორტული ღონისძიება დააფინანსა, მთლიანად ქართული სპორტის სამსახურში 2652 სპორტული ობიექტია. ამათგან 947 თავიდან აიგო ან საფუძვლიანად გარემონტდა.
საერთოდ, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხრივ წლეულსაც სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა - დაიწყო საფეხბურთო მოედნების კეთილმოწყობა ქობულეთში, ფოთში, გორში, თბილისში, რასაც ჯამში 2 500 000 ლარი დასჭირდა. მინისტრი დაგვპირდა, რომ მალე სახელმწიფოს დახმარებით არც ერთი საფეხბურთო კლუბი არ დარჩება მოედნის გარეშე. ამასთან, ქვეყნის სხვადასხვა ქალქებში აშენდა საცურაო აუზები, ყინულის მოედნები, ყინულის მოე3დნები, საჩოგბურთო კორტები, კალათბურთის აკადემია...
მინისტრმა თავის გამოსვლაში ქებით და მადლობით მოიხსენია რაგბის კავშირი, კალათბურთის, ჭიდაობის, ძალოსნობის, ჭადრაკის, მშვილდოსნობის, წყალბურთის, ფეხბურთის, სამბოს, მკლავჭიდის ფედერაციები, კრივი და ძიუდო კი გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ მეტი შეუძლიათ. თან გამოითქვა იმედი, რომ ისინი საოლიმპიადოდ მდგომარეობას გამოასწორებენ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს მშვილდოსანთა მართლაც უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ჩვენებს მოგებული შეხვედრა გადაათამაშებინეს, რომელიც დათმეს და მოპოვებული ლიცენზიებიც დაკარგეს.
ვარძელაშვილმა წყალბურთში დაწყებული სასიკეთო ძვრებიც საგანგებოდ გამოჰყო, სადაც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ისევ აღსდგა შეჯიბრებები.
სახელმწიფომ მსოფლიოს თასზე ზედიზედ მესამედ გასული მორაგბეებისთვის, რომლებმაც ამჯერად ერთი შეხვედრაც მოიგეს პრინციპულ მეტოქე რუმინეთთან, და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად მოხვედრილი კალათბურთელებისთვის, რომლებიც ამასაც არ დასჯერდნენ და იქაც პირველი ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარეს, უხვად გაიკრა ჯიბეზე ხელი - პირველნი 1 174 000 ევროთი დააჯილდოვა, მეორენი - 1 700 000 ლარით.
სამომავლო ანუ 2012 წლის გეგმებიდან მინისტრმა სპორტის უნივერსიტეტის გარდა, ფეხბურთზეც არანაკლებ საინტერესო ინფორმაციები გაახმოვანა ბავშვთა აკადემიის დაარსებასთან დაკავშირებით, სადაც მეცადინეობა ესპანური პროგრამით წარიმართება. ესპანური მოდელი აირჩა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო.
ასევე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით ცვლილებებია განზრახული საჯარო სკოლებში სპორტის გაკვეთილებთან დაკავშირებით. კერძოდ, დაიწყება მასწავლებელთა გადამზადება და მათ მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ სკოლებში მუშაობის უფლება. რვა ფედერაცია აქამდეც თანამშრომლობდა სამინისტროსთან და საჯარო სკოლებში შეჯიბრებებს ატარებდა, თუმცა მათი რიცხვი 5-მდე შემცირდება.
საგაისო პრიორიტეტებად ასევე დაასახელეს შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების და ანტიდოპინგური პროგრამა, სტუდენტური სპორტის მხარდაჭერა, რაც თავისთავად ნიშნავს მასობრიობის წახალისებასაც, მთავარი საზრუნავი კი ლონდონის ოლიმპიადისთვის მზადება იქნება.
შემაჯამებელი სხდომის მთავარი ნაწილი მაინც ნომინანტების დასახელება იყო. ამჯერად სამინისტრომ გამოარჩია 10-10 საუკეთესო გუნდი ახალგაზრდებსა და უფროსებში, რომელთაგანც დაასახელა თითო საუკეთესო სპორტსმენი.
ახალგაზრდებში 20-წლიანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი მერი არაბიძე (ჭადრაკი), 17-18-წლიანთა შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ნანა გოგაშვილი და თამარ კაკაშვილი (ბატუტზე ხტომა), ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი სლავა რეზესიძე (სამბო), ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა), ამავე ასაკში მსოფლიოს ჩემპიონი შოთა გოგისვანიძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული და ახალგაზრდებში მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვიცე-ჩემპიონი ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა), თორნიკე შენგელია (კალათბურთი), კოტე მიქაუტაძე (რაგბი) და დავით თარგამაძე (ფეხბურთი) გამოარჩიეს, თუმცა ამ ათეულის გარდა სხვებიც დაასახელეს, რომლებმაც თავის ასაკში ასევე კარგ წარმატებებს მიაღწიეს.
ახალგაზრდა ძიუდოისტებში ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი, ევროპის ჩემპიონი ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის ვანო მამისაშვილი; თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, უფროსებში ევროპის ვიცე-ჩემპიონები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და დავით მარსაგიშვილი, რომელიც, დამატებით, უფროსებში მსოფლიოს მესამე პრიზიორიცაა, ამავე სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი, რომელიც ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გახდა, რასაც ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონობა დაუმატა; ახალგაზრდა ბერძენ-რომაელებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი, ხოლო ჭაბუკებში - ევროპის ჩემპიონი რამაზ ზოიძე; ჭაბუკ მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი მიხეილ მარდალეიშვილი.
უფროსებში 10 საუკეთესო გუნდის რჩეულებად დიმიტრი ბასილაია (რაგბი), მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა), მსოფლიოს ჩემპიონი გენადი კვიკვინია (მკლავჭიდი), ევროპის ჩემპიონი რევაზ ლაშხი (ბერძნულ-რომაულ ჭიდაობა), მარსაგიშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ევროპის ვიცე-ჩემპიონი გია მაჭავარიანი (ძალოსნობა), მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ ცინცაძე (სამბო), მსოფლიოს მესამე პრიზიორი ირაკლი ცირეკიძე (ძიუდო), ზაზა ფაჩულია (კალათბურთი) და ლევან კობიაშვილი (ფეხბურთი) მიიჩნიეს. სამინისტრომ წლეულს პირველად დაასახელა საუკეთესო მენეჯერთა სამეული - ბაჩო ხურციძე (რაგბი), მერაბ რატიშვილი (კალათბურთი) და არტემ სანიშვილი (მშვილდოსნობა).
მეორედ დაასახელეს მსაჯთა სამეული: ედიშერ მაჩაიძე (ჭიდაობა), ვლადიმერ ნუცუბიძე (ძიუდო), მაკა კუპატაძე (კალათბურთი). ასევე პირველად დაასახელეს საუკეთესო პარალიმპელი სპორტსმენი - მსოფლიოს მესამე პრიზიორი ცურვაში ნიკოლოზ თვაური. საუკეთესოდ გუნდად კალათბურთის ნაკრები სცნეს, საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად - ხინჩეგაშვილი.
ამჯერად მწვრთნელის ნომინაცია გამოყოფილი არ ყოფილა, თუმცა კალათბურთელთა ხორვატი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი და მორაგბეთა შოტლანდიელი ექს-თავკაცი რიჩი დიქსონი მაინც დაასახელეს, რადგან ისინი ქვეყნის ხელისუფლებამ "ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენებით" დააჯილდოვა.
მათი დაფასებაც კარგია, მაგრამ, ვფიქრობთ, მწვრთნელის ნომინაცია ოფიციალურად უნდა ყოფილიყო, რადგან ამ უმნიშვნელოვანესი პროფესიის გარეშე არანაირი წარმატება არ იქნება. ასევე ერთგვარი სინანულით შევნიშნავთ, რომ შემაჯამებელ ღონისძიებაზე არც სპორტული მედიცინის პრობლემატიკაზე და კონკრეტულად, სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობაზე თქმულა. არადა, ამ პრობლემის მოგვარებაზე დაპირება ლამის ყოველწლიურად გვესმის. ვიმედოვნებთ, ეს საკითხი უბრალოდ გამორჩათ მხედველობიდან, თორემ პრაქტიკული ნაბიჯები არ დააყოვნებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"