დღის წესრიგში იდგა ასოციაციის პრეზიდენტ ზურაბ კახაბრიშვილის შემაჯამებელი მოხსენება, რამდენიმე სამკურნალო პრეპარატის კომბინირებული მოქმედების შესწავლა ახალგაზრდა ფეხბურთელთა ზოგადი მუშაობის უნარიანობაზე (მომხსენებელი: მედიცინის დოქტორი, პროფესორი ლელა მასხულია), ნოზოჰემი და ცხვირიდან სისხლდენა, რაზეც ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი ახალკაცმა ისაუბრა და საქართველოს ანტი-დოპინგური სააგენტოს თავმჯდომარის, დოქტორ პავლე კასრაძის საანგარიშო მოხსენება.
ცხადია, ყველა ამ საკითხზე ხანგრძლივი და ამომწურავი დისკუსია გაიმართა, თუმცა კონფერენცია მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოფარგლულა.
კიდევ ერთხელ და ვინ იცის, უკვე მერამდენედ ისაუბრეს სამკურნალო-სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის აუცილებლობაზე, რომელსაც არა და არ დაადგა საშველი. არადა, უცხოეთში სპორტი მედიცინის გარეშე წარმოუდგენელია. მედიცინა ქართულ სპორტშიც ასრულებს გარკვეულ როლს, ოღონდ ევროპულთან შედარებით - მიზერულს, იქ კი ეს თანამშრომლობა მეცნიერულ დონეზეა აყვანილი და დიდი ხანია გასცდა ჩვენში ჯერ კიდევ აქტუალურ პრეპარატულ-ფონენდოსკოპურ დახმარებას.
ასევე ფართო განხილვის საგნად იქცა ბავშვთა სპორტი, როგორც დიდი სპორტის საძირკველი. ამ კონტექსტში 2015 წელს თბილისში გასამართი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ახსენეს და ითქვა, რომ აუცილებელია, იმ ასაკის ბავშვები ახლავე აიყვანონ გამუდმებულ სამედიცინო კონტროლზე და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი იმ თამაშებისთვის უკეთ მომზადებისთვის. ცხადია, იქ რაც უფრო კარგად გამოვალთ, ეს ქვეყნის ინტერესშიცაა და გამონაკლისი არც სპორტული მედიცინის სფეროს წარმომადგენლები არიან. ასოციაცია მზადაა, სპეციალისტთა სათანადო ჯგუფებით დაეხმაროს გუნდებს.
ითქვა საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების საჭიროებაზეც და კონკრეტული მაგალითიც დაასახელეს, როცა უკრაინიდან თანამშრომლობის თხოვნით საელჩოც კი ჩარიეს საქმეში. ლაპარაკია ახალგაზრდა ექიმების მივლინებაზე იქაურ თეორიულ სემინარზე, რაში დახმარებაც ასოციაციამ შეკრებილთ აღუთქვა. შემაჯამებელი სხდომის დასასრულს გაიმართა ტრადიციული დაჯილდოება, როცა სპორტული გუნდების სამსახურში ჩამდგარ არაერთ ექიმს, რომლებიც საზოგადოებისთვის ხშირად უცნობნი არიან, დიპლომები გადასცეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"