დღევანდელ საქართველოში ყველას აწუხებს და შესაბამისად ისმის კითხვა: რა ინტერესები აქვს საზოგადოებას ზოგადად სპორტისადმი? ამ კითხვაზე თითოეული ჩვენგანის პასუხში გამოიხატება ის, თუ რამდენად რეალურად აღვიქვამთ ჩვენ მდგომარეობას, რა მოთხოვნას ვუყენებთ საკუთარ თავს, საზოგადოებას, ქვეყანას და როგორ წარმოვიდგენთ ჩვენს ადგილს თანამედროვე ევროპის სპორტში.
საქართველოში ოლიმპიური და საერთოდ, სპორტული მოძრაობის განხილვა მოითხოვს იმ ძირითადი მოსაზრების გათვალისწინებას, რომ სპორტს საფუძვლად უდევს სოციალური ფუნქცია, მისი მიმართება საგანმანათლებლო და ჯანმრთელობის
ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რაც აერთიანებს ერს, არის კულტურა. შესაბამისად, სპორტის ზოგადი პროპაგანდა აქცენტირებული უნდა იყოს სპორტის, როგორც კულტურული ფენომენის აღიარებაზე. სპორტიც აერთიანებს ერს.
სახელმწიფო დაინტერესებული უნდა იყოს საზოგადოებაში სპორტის პოტენციალის განმტკიცებით, მისი განვითარების ხელშეწყობით. ურთიერთობა ხელისუფლებას, საზოგადოებასა და არასამთავრობო სპორტულ ორგანიზაციებს შორის უნდა იყოს ჰარმონიული. მათ შორის შეთანხმება, ნაყოფიერი სპორტული პოლიტიკის მიღწევა შეუძლებელია სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე. ამას ალტერნატივა არ გააჩნია.
ეს მხარდაჭერა უნდა გამოიხატოს სწორი ორგანიზაციულ-სტრუქტურული და მმართველობითი ფორმით, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება საკანონმდებლო ბაზით. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მაღალი სპორტული მიზნების განსახორციელებლად აუცილებელია სახელმწიფოს მიერ სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, თანასწორობა, შესაბამისი ავტონომიურობა. რამდენიმე მოსაზრება ამ საკითხებზე:
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ჟაკ როგის სიტყვა პირველ საერთაშორისო ოლიმპიურ სპორტულ სახეობათა ყრილობაზე (2010 წ. ოქტომბერი, აკაპულკო, მექსიკა): ჩვენ სფეროში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება აქტიური ნაყოფიერი თანამშრომლობის შენარჩუნებას ოლიმპიურ მოძრაობასა და სპორტის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. ჩვენი ამოცანაა ისეთი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარება, რომელიც წარმატებით განახორციელებს ჩვენს ერთობლივ მიზნებს.
ჩვენ ვიცით, რომ სპორტის განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე, მაგრამ ასევე დავინახეთ, თუ როგორ შეუძლია სპორტს დაეხმაროს მთავრობას, საზოგადოებას... რას ნიშნავს სპორტის ავტონომია? თავდაპირველად ნება მომეცით განვმარტო მისი მნიშვნელობა: ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კანონზე მაღლა ვდგავართ, ან რომ არ უნდა ვრჩებოდეთ კარგი მმართველობის პრინციპების დამცველად.
ეს მარტივად იმას ნიშნავს, რომ სპორტის სამყარო და სპორტული ადმინისტრაცია თავისუფალი უნდა იყოს პირდაპირი პოლიტიკური ან სამთავრობო ჩარევისგან, რომ მთავრობები არ უნდა ერეოდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების სამართლიან არჩევნებში, ან არ უნდა ცდილობდნენ მწვრთნელების, ან სპორტსმენთა ძალდატანებით შერჩევას. ჩვენ უფლება უნდა მოგვეცეს თავისუფლად ჩამოვაყალიბოთ სპორტული ორგანიზაციები, ფედერაციები და კლუბები. ასევე უფლება უნდა გვქონდეს თავისუფლად განვსაზღვროთ სპორტის წესები და შევიმუშაოთ სპორტული პრაქტიკისთვის აუცილებელი სტრუქტურები და პროცედურები... სპორტის ავტონომია ეფუძნება სპორტის უნიკალურ თვისებას. სპორტი წარმოადგენს გლობალურ ძალისხმევას, რაც სამართლიანი თამაშისა და სამართლიანი ასპარეზობის საყოველთაოდ აღიარებული ნორმების პრინციპებზეა აგებული"
იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამად საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი მარიო პესკანტე: "ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი ავტონომიური სპორტული ორგანიზაცია გააჩნია, წარმოადგენს უფრო მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიულობის მქონე ქვეყანას". თუ რამდენად მნიშვნელოვანია სპორტული ორგანიზაციებისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიულობის ცნებები, ადასტურებს, მე-13 საერთაშორისო ოლიმპიური კონგრესის (2009 წ. ოქტომბერი, კოპენჰაგენი, დანია) მასალები, კერძოდ კონგრესის დღის წესრიგის რიგი საკითხები, მათ შორის:
ა) სპორტული ორგანიზაციების წესდება, სტრუქტურა დემოკრატიული პროცესების ასახვა;
ბ) ჰარმონიული ურთიერთობები მთავრობასთან - ავტონომიის შენარჩუნებით;
გ) ანგარიშვალდებულება, საჯაროობა, გამჭვირვალობა და კონტროლი...
უნდა აღინიშნოს, რომ სპორტის ავტონომიას თან უნდა ახლდეს სპორტული ორგანიზაციების წესდებების, დებულებების და ძირითადი სპორტული თანამდებობების დაკავებისაკენ გამიზნული არჩევითი სისტემების დემოკრატიასთან დაკავშირებული პრინციპების სრული ერთგულება, მათი მკაცრი დაცვა და შემდგომი მუშაობის კონტროლი ორგანიზაციის წევრი ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან.
ადამიანის უფლებები, საპარლამენტო დემოკრატია და კანონის უზენაესობა, ის პრინციპებია, რომლებიც ზრდასრულმა ადამიანებმა შეიმუშავეს და ისინი სწორედ მათ მიერვე ინერგება პრაქტიკაში. ზოგადად, ყოველივე ეს ის ფასეულობებია, რომელთაც ცივილიზებულ ქვეყნებთან ერთად საქართველოც აღიარებს. სპორტთან მიმართებაში ეს არის სპორტულ ორგანიზაციათა წესდების უზენაესობა, არჩევნების დემოკრატიულობა და წევრთა უფლებების რეალიზაციის შესაძლებლობა. ჩვენს სინამდვილეში ყველა ეს პრინციპი მეტ-ნაკლებად დარღვეულია. წესდების თანახმად, სპორტულ ორგანიზაციათა მუშაობა უნდა წარიმართებოდეს ამ ორგანიზაციების ყრილობებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა საფუძველზე.
სინამდვილეში ასე არ ხდება. ფედერაციათა პრეზიდენტები, მმართველი ორგანოები, ანგარიშვალდებულად არ თვლიან თავს საკუთარი წევრების, ანუ, ზოგადად, საზოგადოების წინაშე. მეორე მხრივ, პასიურობენ თავად ამ ორგანიზაციების წევრები. მოკლედ, ერთნი ანგარიშს არ აბარებენ, მეორენი ამ ანგარიშს არ ითხოვენ, საქმე კი არ კეთდება. ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს სტერეოტიპი და შევეცადოთ ვიმოქმედოთ დემოკრატიული პრინციპების სრული დაცვით, მით უმეტეს, რომ 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების შემდეგ უმეტეს ოლიმპიურ, თუ არაოლიმპიური სპორტის სახეობათა ფედერაციებში, ისევე როგორც ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, ჩატარდება საანგარიშო-საარჩევნო ყრილობები.
ერთ-ერთ ჩემ პუბლიკაციაში და სემინარზე გამოსვლისას გამოვთქვი აზრი: "ვფიქრობ და მაქვს ეჭვი, რომ ჩვენ სპორტში არსებულ მდგომარეობაზე, ამ მდგომარეობის ანალიზზე გვაქვს სიმართლის თქმის არასაკმარისი სურვილი. გთხოვთ და მოგიწოდებთ სპორტულ სამყაროს, გავფანტოთ ეს ეჭვი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის მომავლის საკეთილდღეოდ, მის სასარგებლოდ. პრაქტიკულად, ჩემდა სამწუხაროდ, ამას რეალური გამოხმაურება არ მოჰყოლია, თუ არ მივიღებთ მხედველობაში მხოლოდ ერთ დასმულ კითხვას: ვინ არის სპორტის სამყარო, არსებობს კი ის?!" აქ, მსურს განვმარტო თუ ვინ არის სპორტის სამყარო და რა მისია შეიძლება მას ჰქონდეს.
სპორტის სამყარო არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც კოორდინაციას უწევს ოლიმპიური მოძრაობისა და სპორტის ფასეულობებისა და ღირებულებების დანერგვას, დაცვასა და განხორციელებას ქვეყნის ცხოვრებაში.
სპორტის სამყაროს მისიაა განავითაროს ქართული სპორტის განზომილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამომდინარე ქვეყნის კონსტიტუციის შესაბამისი მუხლისა და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. უფრო კონკრეტულად სპორტის სამყარო ყველა დაინტერესებულ მხარესთან თანამშრომლობით პასუხისმგებელია განახორციელოს და სრულად კოორდინირებდეს იმ სამოქმედო გეგმას, რომელიც ახლავს ფიზიკური განათლებისა და სპორტის განვითარების კონცეფციას.
მისიის ფარგლებში სპორტის სამყარო ინარჩუნებს სტრუქტურულ დიალოგს ოლიმპიურ და სპორტულ მოძრაობასთან და მხარს უჭერს სასარგებლო პრაქტიკის გაცვლას სხვადასხვა მონაწილე მხარეებს შორის. სპორტის სამყარო არის გარანტი სპორტის სპეციფიკის გათვალისწინებისა შესაბამისი პოლიტიკური ასპექტების განვითარებისა და განხორციელებისთვის, ესენია: კონკურენცია, შიდა ბაზარი, სამუშაო ადგილები და სოციალური ასპექტი, სამართალი, თავისუფლება, უსაფრთხოება და უშიშროება, რეგიონული პოლიტიკა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა, განათლება და ახალგაზრდული საქმეები, გარემოს დაცვა, საგარეო ურთიერთობები.
დასასრულ, სპორტის არასამთავრობო ორგანიზაცია ეს იქნება კლუბი, ასოციაცია, კავშირი, ფედერაცია, კომიტეტი თუ კონფედერაცია, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს კანონმდებლობას. ნებისმიერ კავშირს ქმნის ადამიანთა ის ჯგუფი, რომელსაც გააჩნია მოქმედების საერთო ინტერესები, მიზნები და სიყვარული სპორტისადმი. მიღებული წესდება მოითხოვს მისი თავებისა და მუხლების დაცვას იმათგან, ვინც ის მიიღო. ესენი კი არიან იურიდიული და ფიზიკური პირები, არჩეული პირები და მმართველი ორგანოები.
თამაზ თევზაძე
სპორტის ექსპერტი
2012წ. იანვარი, თბილისი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ავტორიტარიზმი ქვეყანაში გულისხმობს ავტორიტარიზმს სპორტშიც.
აუუუ, რა შორია ევროპამდე.