გაზეთმა "ლელომ" გასული წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვა

AutoSharing Option
ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" გასული წლის საუკეთესო სპორტსმენის გამოსავლენად ჩატარებული გამოკითხვის შედეგები შეაჯამა და საუკეთესოები დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც "სპორტკაფეში" გაიმართა, არაერთი მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენი დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდნენ ასევე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები და სპორტული ჟურნალისტები.

არსებობის 78-წლიან ისტორიაში "ლელომ" საუკეთესო სპორტსმენების გამოსავლენად გამოკითხვა წელს პირველად ჩაატარა, რომლის გამარჯვებულიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული "მონპელიეს" წევრი მამუკა გორგოძე გახდა. გამარჯვებულ სპორტსმენს გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ სპეციალურად მისთვის დამზადებული ჯილდო გადასცა.

"ლელოს"
მკითხველს მათი რჩეულების დასახელება დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეეძლო. გამოკითხვა ერთდროულად ვებ-გვერდზე: www.sportall.ge, ასევე, გაზეთში გამოქვეყნებული ანკეტისა და სატელეფონო ზარების მეშვეობით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა ჯამში 5.148 მკითხველმა მიიღო.

მამუკა გორგოძის გარდა დასახელდა საუკეთესო სპორტსმენების ათეული. მეორე ადგილზე, 876 ხმით გავიდა კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე, ხოლო მესამე ადგილზე - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახი კალაძე, რომელსაც 570 ხმა ერგო. რაც შეეხება მამუკა გორგოძეს, მან ლიდერობა 1223 ხმით მოიპოვა.

მამუკა გორგოძეს დღეს კიდევ ერთ ნომინაციაში გამარჯვება და კიდევ ერთი აღიარება მიულოცეს ღონისძიების მონაწილეებმა, სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა და სპორტულმა ჟურნალისტებმა.

გარდა ამისა, დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გია ნიჟარაძე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი, ახალზელანდიელი მილტონ ჰეიგი, მისი თანაშემწე კრის გიფსი და ნაკრების რამდენიმე მოთამაშე.

როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე აღინიშნა, გასული წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო რაგბისთვის და მისი ერთ-ერთი ლიდერისთვის, მამუკა გორგოძისთვის, რომელმაც არაერთი აღიარება მოიპოვა როგორც მის სამშობლოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

სპორტულ გაზეთ "ლელოს" გამოკითხვა ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველწლიურად გაიმართება.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული