TimeLine: ქართველები და კისრული

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მეტოქე გუნდის ვარსკვლავს უხეშობა არ შეარჩინა, ქეჩოში სწვდა, თავისკენ მოქაჩა... ამასობაში თანაგუნდლებმაც მიირბინეს და გაცხარებულები ერთმანეთს მოაშორეს.

როგორ ფიქრობთ, ზემოთ ნათქვამი ვის ეხება? კალათბურთის ქართველ ქომაგს უთუოდ ზაზა ფაჩულიასა და დუეინ უეიდის გაწევ-გამოწევა გაახსენდებოდა. ხოლო ფეხბურთის გულშემატკივარი საქართველოს ნაკრების კაპიტანში ლევან კობიაშვილს ამოიცნობდა.

Sportall.Ge

საოცარი დამთხვევაა - ლევანსა და ზაზას ორი დღის შუალედში ზუსტად ერთნაირი ამბები შეემთხვათ. კობიაშვილმა გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი ლუკაშ პოდოლსკი "წამოიღო კისრულით" (იხილეთ ვიდეო), ფაჩულიამ - ლებრონ ჯეიმსი (იხილეთ ვიდეო).

ორივე დასაჯეს: "ჰერტას" მოთამაშე წითელი
ბარათით, "ატლანტას" კალათბურთელი - ტექნიკური ჯარიმით.

წითელი ბარათი... ჩხუბი... კისერი... სპორტის სხვა სახეობა არ გახსენდებათ? მაგალითად რაგბი. თანამემამულეებს საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშე ვიქტორ კოლელიშვილმა აშკარად აჯობა - რუმინელ მეტოქეს (რომელიც მთელი თამაში არასპორტული მეთოდებით ცდილობდა ჩვენიანის მწყობრიდან გამოყვანას) ერთი მოუქნია და ააცილა; მეორედ მოუქნია, ყბაში მოარტყა, მაგრამ ვერაფერი დააკლო; მესამედ კისერში ისეთი უთავაზა, უმალ მოედანზე დააგდო... (იხილეთ ვიდეო) ამ შემთხვევასაც, ცხადია, წითელი ბარათი მოჰყვა.

მოკლედ, "კრივის შვიდდღეული" გვქონდა. ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს დაანახვეს, რომ მხოლოდ ბურთით თამაში კი არა, სპორტის საბრძოლო სახეობებშიც ეთქმით სიტყვა.

...ეს ყველაზე კარგად გასულ კვირაში დავით მარსაგიშვილს გამოუვიდა (იხილეთ ვიდეო): მაკედონელი, ესპანელი, რუმინელი, თურქი და ბულგარელი კისერზე ატრიალა და ევროპის ჩემპიონობა ერთი ამოსუნთქვით მოიგო. იგი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.

დღეს მასზე ვთქვათ. რაგბის, კალათბურთისა და ფეხბურთის "საბრძოლო ეპიზოდებს" თავს მოვუყრი და უახლოეს მომავალში ცალკე "ტაიმლაინს" დავუთმობ.

როგორ გაოფლიანებულხარ, გაცივდები შვილო!
2006 წლის მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას საფრანგეთის ნაკრების მატჩს გულშემატკივართა დიდ წრეში ვუყურებდი. ზინედინ ზიდანი ახლო კადრით რომ უჩვენეს, ერთმა პატარა ქომაგმა იკითხა: როგორ გაოფლიანებულა, ნეტავ, დედამისი არ ეჩხუბებაო?

შემდეგ წავიკითხე, რომ ზიდანს ბავშვობაში შინ ჭაღი არ დაუტოვებია ჩაულეწავი. როგორც ჩანს, მშობლები არც სახლში თამაშს უშლიდნენ და არც გაოფლიანებისას ეუბნებოდნენ - გაცივდებიო.

ზიდანი გაიზარდა და ჭაღების ნაცვლად მეტოქეთა კარის "ცხრიანებში" გაჩენილი აბლაბუდების ჩამოხსნას მიჰყო ხელი.

ფრანგი ფეხბურთელის ამბავი დავით მარსაგიშვილის მონათხრობმა გამახსენა:

- მამაჩემი სპორტის დიდი გულშემატკივარია. თვითონ ეფექტური კარიერა არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მონდომებულია და სურდა შვილები სპორტსმენები გამოვსულიყავით.

სახლის ერთ-ერთ ოთახში სპეციალური საჭიდაო ხალიჩები დააგო და ყოველდღიურად გვაჭიდვებდა. მხოლოდ სამი ძმა როდი ვვარჯიშობდით, ჩვენს თანატოლებს ეძახდა, უამრავ ბავშვს შეგვკრეფდა და გვაჯიბრებდა.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ: თბილისის ბინაში მცხოვრები რომელი მშობელი დართავს შვილს თუნდაც 2-3 თანატოლის მოყვანის ნებას, მითუმეტეს ჭიდაობისთვის? ოციდან ერთი მშობელი? სამაგიეროდ, "ჯოკერის" თამაშს არ დაუშლიან - ოღონდ წყნარად მოიქეცითო, გააფრთხილებენ.

გავა დრო და ის, ვინც ჭაღს ჭაღზე ამტვრევდა, ან ჭიდაობით სახლს იკლებდა, ევროპის ჩემპიონი გახდება. ხოლო ოფლის გარეშე გაზრდილი "ჯოკერის" მოთამაშე ეზოში გადაინაცვლებს და, ვთქვათ, დომინოში უბნის ჩემპიონობას არავის დაუთმობს.

უმაღლესი მწვერვალის მიღწევისთვის მხოლოდ სპორტულ წრეზე კვირაში სამჯერ ვარჯიში არ კმარა, სხვას რომ აჯობო, მასზე მეტი უნდა იშრომო. მოინდომებ და გამოგივა.

ერთ ბრძენ კაცს აქვს ნათქვამი: ყველა ქართველი ნიჭიერია, უბრალოდ ერთნი ამჟღავნებენ, მეორენი - ვერაო. პირველ რიგში, სწორედ მშობელმა უნდა შეუწყოს ხელი შესაძლებლობების გამოვლენაში და ქართველების კიდევ ერთი თვისება, სიზარმაცე საფუძველშივე უნდა აღმოფხვრას... მეტ-ნაკლებად...

მთა, ხინკალი და ჩრდილოკავკასიელები
იოლი მისახვედრია, რატომ გაჩნდა დავით მარსაგიშვილის კარიკატურაზე ყაზბეგის მთა და ხინკალი. იგი მოხევეა ყაზბეგის რაიონის სოფელ არშაში დაიბადა, მე-9 კლასამდე ყაზბეგში სწავლობდა.

ხომ გაგიგიათ კარგი ყველას უნდაო, მარსაგიშვილს ჩრდილოკავკასიელები გვეცილებიან. თავად დათოს მოვუსმინოთ:

- შეჯიბრებებზე ჩეჩნებსა და ინგუშებს რომ ვხვდები, მეუბნებიან: ჩვენიანი ხარო. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი გვარის ფუძის ხალხი ჩრდილოეთ კავკასიაშიც ცხოვრობს. ყველას ვპასუხობ, ქართული გვარი მაქვს და ქართველი ვარ-მეთქი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული