სიბრძნე სიცილისა გოჩა თანდარაშვილთან ერთად

AutoSharing Option

მიხარია ხოლმე სექტემბრის დადგომა. ჯერ ერთი, აღარავინ მაძალებს, ჩამოდი ზღვაში, თბილია წყალიო და მეორეც, იწყება სხვადასხვა სპორტული ტურნირი, ჩემპიონატი და ხარ ერთ ამბავში, ერთი არხიდან მეორეზე გადართვაში, ინტერნეტში შედეგების ძიებაში და ხანდახან სტადიონიდან სტადიონზე გადარბენაშიც. გასულ სამშაბათს ხომ სრულიად სიგიჟე იყო.

ყველამ იცით (და ვინც არ იცის, ის არც ამ გაზეთს კითხულობს), რომ ჩვენი ახალგაზრდულები 7 საათზე თამაშობდნენ და ეროვნული 9-ზე იწყებდა მატჩს. ორივე მატჩის სრულფასოვნად ყურების შანსი ნული იყო. ამიტომ მოვითხოვ, ქალაქის მერიამ იზრუნოს ახალ გზაზე, რომელიც ახალ მაგისტრალს
მესამე სართულად დაედგმება თავზე და ლოკომოტივის" სტადიონს "დინამოს" სტადიონთან პირდაპირ დააკავშირებს (ვიცი, რომ ერთს "მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი" ჰქვია და მეორეს "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი", მაგრამ ეგრე, ამერიკას ამერიკის შეერთებული შტატები ჰქვია, მარა ვინ იღლის თავს მაგის თქმით).

მოკლედ, სამშაბათს ლუდის ბარშივე დავსახეთ სტრატეგია მე და ჩემმა მეგობრებმა, რომ "ლოკომოტივის" სტადიონზე როგორც შევიდოდით, იქვე, გასასვლელებთან ახლოს დავმსხდარიყავით, რომ მერე უცებ გავქცეულიყავით "დინამოზე". თურმე რომელ გასასვლელებთან? სულ ორიოდე კარია ღია, რომლითაც ტრიბუნებზე მოხვდები და, ცხადია, იქაც უამრავი ხალხი ირევა. ასეთი უაზრობა ნეტავ სხვაგან თუ შეიძლება მოხდეს. მოხდეს კი არა, მუდმივად ხდებოდეს. რატომ უნდა შედიოდეს მინიმუმ 15 ათასი გულშემატკივარი 1 ან 2 კარით, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც შესვლა უფასოა და კარშიც არავინ გაკონტროლებს და ბილეთს არ გიმოწმებს? რა მიზეზით და რის გამო არის ჩარაზული სხვა კარები?

დიდი ხანია, ამაზე ვფიქრობ ხოლმე, დედას ვფიცავარ, მაგრამ ვერანაირ ახსნას ვერ ვუძებნი. ერთადერთი, რაც ბოლოს მოვიფიქრე, ისაა, რომ იმ ხალხს, ვისაც კარების გაღება ევალება, ალბათ გასაღები აქვს დაკარგული.

ახალგაზრდულის თამაშს რაც შეეხება, ბოლომდე დავრჩი, მაგრამ მეორე გოლის მერე წამოვედი და ჩხუბი აღარ მინახავს. მეორე დღეს გავიგე, გუნდურ ჩხუბში მწვრთნელებიც მონაწილეობდნენო. კარგი, ის ფეხბურთელი ახალგაზრდაა და ემოციები ვერ მოთოკა, უფროსმა კარგი მაგალითის მაგივრად ცუდი არ უნდა მისცე. რა ვიცი, მე ასე მგონია, რომ ეგ იმას ჰგავს, მამებს მოყოყლოჩინებული და თვალებამღვრეული ბიჭები ქვემსუბუქი ყოფაქცევის ქალებში თვითონ რომ მიჰყავთ ხოლმე და მერე ძმაკაცებში სუფრაზე ბლატაობენ, მომესწრო ბიჭიო.

გავაგრძელებ სამშაბათის ამბავს- ჯიგარი ტაქსისტის მეოხებით ვაკიდან "დინამომდე" ისე უცებ ჩამოვედით, რომ თამაშზე სულ ათიოდ წუთი დამაგვიანდა. ალალად გეტყვით, ტრიბუნაზე როგორც ავედი და მინდორს შევხედე, ბურთი ჩვენს ფეხბურთელს ჰქონდა და წინ ძლიერად რომ დაარტყა, მიწიდან რაღაც ტალახის შხეფების მაგვარი მიჰყვა. მაშინვე ცას ავხედე და მივხვდი, ნაწვიმარი არ ყოფილა. მერე და მერე გაირკვა, რომ ყოველი ასეთი დარტყმისას ან "პადკატისას" მინდორს მტვრის ბუღი ასდიოდა.

ფოტოებსაც ნახავდით გაზეთებში. მაგრამ ამაზე უკვე ბევრი ითქვა მწვრთნელების, მოთამაშეების თუ სტადიონის დირექციის მხრიდან. მე კი ქომაგის მხრიდან ვიტყვი, ოღონდ არა მინდორზე, არამედ სტადიონზე - კი, ყველა ჭიშკარი ღია იყო, ყველა ტუალეტი ღია იყო, მაგრამ 50 ათას კაცს 2-3 წერტილი ეყოფა, სადაც გამაგრილებელი სითხის მაგვარის ყიდვა შეიძლება? ბოთლის შეტანა არ შეიძლებაო - გეთანხმებით, მაგრამ დააყენეთ ვინმე, ვინც გაყიდის სასმელს და ჩამისხამს პლასტმასის ჭიქაში.

იმ ტვინისწამღები სასტვენების ორგანიზებულად დარიგება თუ შეიძლება, ამ პრობლემის მოგვარებას რაღა უნდა? ძველებისგან გამიგია, ადრე სტადიონზე ჩაიდნებით დარბოდნენ ქურთის ბიჭები და ცივ წყალს ყიდიდნენო. ჰოდა, ამნაირი ბიჭების მეტი რა არის შუქნიშნებზე, იქნებ აღგვედგინა ძველი ტრადიცია? არადა, 2012-13 წლებში ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა გვინდა. უცხოელი ფანი რომ ჩამოვა (ნუ, ალბათ ორივე ქართული გუნდი ვერ გავა ფინალში), აუხსენი მერე შენ, რომ შესვენებაზე უნდა გადაძვრეს ღობეზე, იქვე სადმე ჯიხური იპოვოს, იყიდოს წყალი და აუცილებლად იქვე დალიოს და მერე გადმოძვრეს უკან. თან, შემდეგ 45 წუთში აღარ უნდა მოსწყურდეს.

არადა, ვინ იცის, რამდენ გულშემატკივარს ჩაუწყდა ხმა და გაუშრა ყელი. მერე იტყვიან, არ ყვიროდა ხალხიო. აგერ, კობიმ თქვა, საბერძნეთში ქართველები ისე გვქომაგობდნენ, იმათი წამოყვანა მომინდა საქართველოშიო (ახლა იმათ ჰკითხე, ძლივს გააღწიეს აქედან). ჩვენს ფეხბურთელებს რაც შეეხება, გუნდს აშკარად ეტყობა დიდი მონდომება და თავდადება. დიდი მადლობა ამისთვის ქეცბაიას, მაგრამ ეს მარტო მისი დამსახურებაც რომ არაა, ფაქტია. ევროპის ჩემპიონატი უკრაინა-პოლონეთში იმართება და რომელ ქართველ მამაკაცს არ მოუნდება ზაფხულში ამ ქვეყნებში წასვლა? აბა, სამხრეთ აფრიკაში რა ჯანდაბა გვინდოდა?

ჩვენი ერთ-ერთი მეტოქის, საბერძნეთის ნაკრების რიგები კი კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა. გეკასი მესამეა, ვინც ბოლო ხანებში უარი თქვა ქვეყნის პირველ გუნდში თამაშზე... მოკლედ, ისე ჩანს, ცოტა ხანში საბერძნეთის ნაკრებში დარჩებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები.

ინგლისურ ფეხბურთში კი კვლავ აქტუალურია უეინ რუნის თემა. ჟურნალისტებმა უკვე მესამე ქალი ამოქექეს, ვისაც რუნი ებღლარძუნებოდა. სანამ ეს ყმაწვილი ფულს მეძავებში ხარჯავს (ოღონდ, არა ისეთებში, ქართველ მამებს შვილები რომ დაჰყავთ ხოლმე), როგორც ჩანს, ძალიან გაუჭირდა დევიდ ბექემის ოჯახს. ცოტა ხნის წინ მას და მის ცოლს თავიანთი სამარკო სუნამოს რეკლამა გადაუღიათ და მსახიობები რომ არ დაექირავებინათ, თვითონ უთამაშიათ სარეკლამო რგოლში, რომლის მოქმედებაც ლიფტის კაბინაში ხდება. აბა, ეგ ეკადრება ახლა 3 ბიჭის დედას, რომ ლიფტში შედის და 20 წამის განმავლობაში ქმარს ტუჩებში კოცნის?

რას იტყვიან მეზობლები? ბექემების გაჭირვებაზე მოწმობს ისიც, რომ თურმე ოჯახი თავის საცხოვრებელ სასახლეს 18 მილიონად ყიდის ბრიტანეთში და საცხოვრებლად, სავარაუდოდ, ამერიკაში გადადის. იქ თურმე ახლობელი ჰყოლიათ და იმას უთქვამს, თქვენ მარტო ჩამოდით და დანარჩენი ჩემზე იყოსო.

სკანდალით დასრულდა რუსეთისა და სლოვაკეთის ნაკრებების მატჩი მოსკოვში. პოლიციამ 67 გულშემატკივარი დააპატიმრა, რომლებმაც თურმე თამაშის დროს სტადიონზე დიდი ღრეობა გააჩაღეს და სმა დაიწყეს. პრინციპში, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, მაგრამ არეულობა იმან გამოიწვია, ქომაგებმა არაყი ფეხბურთელ პოგრებნიაკს რომ მიაწოდეს დასალევად და იმან უარი თქვა, ვერ დავლევ, მანქანით ვარო.

მოსკოვში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გუნდური პირველი ადგილი რუსებმა მოიპოვეს, რომელთა ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილია, მთავარი მწვრთნელი გოგი კოღუაშვილი და ერთადერთი ოქრო ამბაკო ვაჩაძემ მოიპოვა. მართლაც, რუსული ჭიდაობა სულ უფრო წინ მიიწევს!

იაპონიაში კი ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატზე უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა ირეკლი ცირეკიძეს, რომელმაც ტატამზე გასვლა დაიგვიანა და წაგება ჩაეთვალა. ეს არის ქართველების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. კი, უთხრეს ჩვენს სპორტსმენს, ამ დროს გამოცხადით ტატამზეო, მაგრამ ჩვენებს უფიქრიათ, ზუსტად მაგ დროს ხომ არ მივალთ, ცოტა დავიგვიანოთ, ისედაც გვიან დაიწყებენო, მაგრამ…არ ესმით ეს ქართული ტრადიციები სხვაგან და რა გინდა გააკეთო?!

ამერიკის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში დასასრულს უახლოვდება. ამ ტურნირში მონაწილეობა არ მიუღია სერენა უილიამსს და, როგორც ჩანს, დრო იხელთა და ერთი ბიჭი ჩაუვარდა გულში. ეს ბიჭი რეპერი დრეიკი გამოდგა. ბევრს გაუკვირდა ეს ამბავი, მაგრამ ყველაფერი ასე ყოფილა: სერენას საქმროს რომ ურჩევდნენ, ახლობლებს უთქვამთ, ისეთი ბიჭი გინდა, კარგი ხასიათები ჰქონდეს, შენს მშობლებთან ახლოს იყოს და სიგარეტს არ ეწეოდესო. მასეთი ჩვენს ქალაქში თუფაქია შაკურიო- სერენას უთქვამს. იმათ უპასუხიათ, მოკვდა საწყალიო და ასე შერჩა უილიამსს დრეიკი.

რამდენიმე დღის წინ წავიკითხე ზინედინ ზიდანის ვაჟის შესახებ, რომელიც თურმე მადრიდის "რეალის" ასაკობრივ გუნდში თამაშობს და საკმაო წარმატებითაც. მაშ, ასე, ბოლოსკენ წარმოგიდგენთ საფეხბურთო აჯაფსანდლის რეცეპტს: ერთმანეთში ვურევთ ალჟირულ და ფრანგულ სისხლს, ვამატებთ ცნობილი ურუგვაელი ფეხბურთელის სახელს და ესპანურ აღზრდას გემოვნებით. ეს კერძი ძალიან მოსწონს არგენტინელ ხორხე ვალდანოს.

P.S. შემოდგომის თემით დავიწყე და ამიითვე დავასრულებ. მომავალ შემოდგომაზე დიდი ამბები გველის ქართული სპორტის ფანებს. ლიტვაში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატია, ახალ ზელანდიაში- მორაგბეთა მსოფლიოს ჩემპიონატი. ჰოდა, რა მაინტერესებს იცით? ლიტვიდან ზელანდიაში პირდაპირ რა ნომერი მიდის?
P.P.S. ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა თქვა, მგონი, ჯობია, ისევ "ოქროს გოლის" წესი დავაბრუნოთო. ვფიქრობ, ეს ძალიან უნდა აწყობდეთ ქართულ გუნდებს. ფინანსების მხრივ მაინც არ ულხინთ და, ბოლო-ბოლო, იმ "ოქროს გოლს" დაალომბარდებენ ხოლმე.




მკითხველის კომენტარები / 2 /
პირველად წავიკითხე გოჩას სტატია და ძალიან მომეწონა. მომწონს მისი იუმორი,ზომიერი და სხარტი. წარმატებებს ვუსურვებ
keti
18:35 23-09-2010
0
საღოლ გოჩა! კაი იყო ძაან! მასე გააგრძელე,ვიხალისე მართლა მაგრად,განსაკუთრებით ჭიდაობაზე))) (ისე მე შენი მოსკოველი (სამტრედიელი) მეგობარი ვარ)
otomoto
19:06 23-09-2010
0

სიახლეები პოპულარული