Time Line:ფანტასტიკა... ყველაფერი დასრულებულია... რუსებისთვის

AutoSharing Option
განვლილი შვიდი დღის მთავარი ქართული მოვლენა ძიუდოისტთა მიერ რუსების მათსავე დარბაზში ძლევა იყო. ვალერი ლიპარტელიანმა 90 კგ-მდე წონით კატეგორიის ფინალში სულემინი დაამარცხა, ხოლო გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებმა ფინალში 3:1 აჯობა რუსებს.

აქაც გადამწყვეტი ორთაბრძოლა ლიპარტელიანმა მოიგო, ვოპროსოვი კისერზე ატრიალა. სწორედ ამიტომ, Time Line-ს ამ გამოშვებაში ვალერის კარიკატურას და მის შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებებს შემოგთავაზებთ.

სამწუხაროდ, ვერ მივაგენი ვალერი ლიპარტელიანის ჭიდაობის ამსახველი ფინალური ვიდეოჩანაწერის რუსულ კომენტარს.

თუმცა, ინგლისელი კომენტატორებიც საინტერესოდ ლაპარაკობდნენ:

"...ქართველი ლიპარტელიანი რუსი ვოპროსოვის წინააღმდეგ. მასპინძელი სერიოზული ამოცანის წინაშე დგას, აუცილებლად
უნდა მოიგოს. მისი მარცხი რუსებისთვის ყველაფრის დასრულების ნიშანია. ამ ორთაბრძოლის წინ საქართველოს ნაკრები 2:1-ს იგებს.

...და აი, საოცარი გდება. 10:0 - ქართველმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ეს შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

ვოპროსოვისა და რუსეთის ნაკრების მდგომარეობა დამძიმდა.

...როგორც ჩანს, რუსეთში ძიუდოს დიდად აფასებენ, დარბაზი სავსეა და გულშემატკივარიც აქტიურად ქომაგობს თავისიანს.

თუმცა ქართველის კიდევ ერთი ილეთი და... ფანტასტიკა! რუსებისთვის ყველაფერი დამთავრდა.

შეხედეთ, ძიუდოისტებს ერთმანეთისთვის ხელი ჯერ არ ჩამოურთმევიათ, რომ დარბაზი ცარიელდება. ხალხი გაწბილებულია, გასასვლელებისკენ მიიჩქარის."

* * *

თბილისის აეროპორტის გამოსასვლელთან ძიუდოისტებს უამრავი ადამიანი შეხვდა. ჩემპიონებს ყველა ულოცავდა. ვალერი ლიპარტელიანს მამამ სვანური ქუდი დაახურა. ეს ეპიზოდი არასოდეს ამოვა ჩემი მეხსიერებიდან. თურმე, მამას შვილისთვის სვანური ქუდი წინა ევროპის ჩემპიონატისთვის მოუმზადებია, მაგრამ რადგან ვალერი ჩემპიონი ვერ გახდა (ფინალი დათმო), ქუდმა კარადაში "დაიდო ბინა" და ლიპარტელიანის რუსეთში გაჩემპიონებას დაელოდა.

ცხადია, ვერც კარიკატურა დაიხატებოდა სვანური ქუდის გარეშე: თუ კარგად დააკვირდებით, გლობუსზე ევროპაა დაფარული - გასულ უქმეებზე ხომ ვალერი ლიპარტელიანმა სვანური ქული ევროპას დაახურა.

* * *

როგორ მოიგო მან ევროპირველობა და რა კომენტარი გააკეთა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ამ საკითხებზე უკვე წაიკითხავდით, აქ კი ერთ კითხვს დავსვამ, რომელიც ვალერის მიერ სულემინის ძლევისას გამიჩნდა:

- ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ თითით ტრიბუნაზე მიანიშნე. ალბათ, იყო არენაზე ნაცნობი, ვისაც გამარჯვება მიუძღვენი, - ვკითხე ვალერი ლიპარტელიანს.

- ჩელიაბინსკში ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც ჩემი მეუღლე უნდა გახდეს - გიული ჭკუასელი. სწორედ მისი დარბაზში ყოფნა იყო მთავარი სტიმული წარმატებული გამოსვლისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რათქმა უნდა სასიხარულოა ლიპარტელიანის წარმატება თან რუსის დამარცხებით,მაგრამ ოლიმპიური წელია-მთავარი ოლიმპიადაა-არ გამიკვირდება თუ სალონდონე მათი შემადგენლობა სულ სხვაა და ჩელიაბინსკი რუსებმა მეორე ნომრებით იჭიდავეს.
mimino
12:57 06-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული